Tag Archives: სექსი

დალტონ ტრამბოს წერილი შვილს – ეპისტოლე მასტურბაციაზე

მიუხედავად იმისა რომ დალტონ ტრამბოს სცენარით გადაღებულ ფილმებს აღფრთოვანებაში არამარტო ამერიკელი, არამედ სხვა კონტინენტების მაყურებლებიც მოჰყავდა, სამწუხაროდ მისი სახელი დიდი ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ამის მიზეზი მე-20 საუკუნის შუახანებში ამერიკულ შეერთებულ შტატებში კომუნისტების ან კომუნისტებთან ურთიერთობაში შენიშნული ადამიანების წინაამღდეგ ბრძოლა, “ალქაჯებზე ნადირობამ” გახდა. ტრამბო დიდი ხნის განმავლობაში შავ სიაში იყო მოხვედრილი, ოჯახის რჩენას კი “არალეგალურად” ფსევდონიმით ან სულაც სხვების სახელს ამოფარებული, დაბალი გასანმრჯელოს ფასად ახერხებდა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებებად ალბათ “სპარტაკი” და “რომაული არდადაგები”  შეგვიძლია დავასახელოთ.

ეს პოსტი დალტონ ტრამბოს ბიოგრაფიას არ ეხება. [მის ბიოგრაფიაზე უფრო დაწვრილვებით ამ დოკუმენტური ფილმიდან შეგიძლიათ.] ამის ნაცვლად ქვემორე მომყავს დალტონ ტრამბოს წერილის [რომელიც მან თავის მცირეწლოვან შვილს გაუგზავნა] ჩემი თარგმანი, რომლის ორიგინალის მოსმენაც მსურველებს პოსტის ბოლოს მოყვანილ ვიდეოში შეგიძლიათ.

ჩემო ძვირფასო შვილო,

გიგზავნი ორ წიგნს, რომლისთვისაც ჩემი აზრით,  ჯონ ჯეი ჰოლის ბერ-მონაზვნულ გარემოში, ახალგაზრდა კაცს,  დროის 5/7 დათმობა შეუძლია.

პირველი წიგნია: “ახალგაზრდა პოკერის მოთამაშის განათლება,” მისი ავტორია ჰერბერტ ო. იარდლი. მის მარტოობაში წაკითხვას გირჩევ;  ყოველთვის როდესაც ოთახს დატოვებ, დამალე. შედეგად  ბევრ უსამართლო, მაგრამ ლეგალურ უპირატესობას მიიღებ, როგორც მეგობარზე, ასევე მტერზე.

მეორე წიგნი ჩემი აზრით შეგიძლია შენს მეგობრებს გაუზიარო. მას “სექსი, დანაშაულის გრძნობის გარეშე” ჰქვია და მისი ავტორი დოქტორი ალბერტ ელისია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მაჰატმა განდისთან ერთად, ყველაზე დიდ ჰუმანისტის ადგილს დაიკავებს. წიგნს, რომელიც ამ ადამიანმა დაწერა, შეიძლება,  “მასტურბატორების ინსტრუქცია” ეწოდოს. წიგნი (შეფუთულია უბრალო შესაფუთში, ცალკე გარეკანში) იმ შემთხვევითობას წარმოადგენს როდესაც სწორ ადამიანს, ზუსტად სწორ დროს, სწორი იდეა მოსდის თავში.

ეს სრულიად ახალი მიდგომა, ქარის გრიალი ზეწრის ქვეშ, ასე ვთქვათ გულგაშლილი განაცხადი თვითპოლუციის შესახებ, შესაძლოა ჩემს გულში უფრო ღრმა გამოხმაურებას პოულობდეს ვიდრე დანარჩენ ადამიანებში, იმ მიზეზით რომ მე – მხდალი,  გაუბედავი, ბაბუინური ჩვევებით აღსავსე უკონტროლო პატარა ცხოველს,  არასდროს მიგრძვნია თავი კომფორტულად ჩემი ფალიკური პრობლემების წინაშე. ეს ძირათადად იმ დაობებული, უზომოდ დაგროვილი და ყოვლად უსარგებლო დანაშაულის გრძნობის გამო ხდებოდა, რომელიც ჩემი, ახალგაზრდა ბიჭის გულში ჩირქივით თრთოლავდა.

ზაფხულის თბილ საღამოებზე, როდესაც დასავლეთის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, გოგოებზე მონადირე ჩემი თანამედროვნი, ბუქჩნარში გადი-გამორბოდნენ, მე საწოლში კომპანიონის გარეშე ვიწექი, კომპანიონის გარეშე რომელსაც ჩემი უკიდეგანო დანაშაულის გრძნობის უხამსი დემონების გადარჩენა შეეძლო. ცოდვილ სიბნელეს ამოფარებული,  თვითსიძულვილისგან დამდნარი, ყურადღებიანი მხოლოდ ჩემი ჰორმონალური სისხლის ფარული მიქცევა-მოქცევის მიმართ ვიყავი და ანტილოპასავით შეშინებული, თუმცა ისეთივე მტკიცე შემართებით როგორც ნაურმალი ხარი, მე დღესასწაულივით ვზეიმობდი შუას შვილის უფლებებს. საწყალი პატარა ბიჭი ზაფხულის ღამეებს, დაღვრემილ მასტურბირებაში ათევდა. ტუტ, ტუტ, ტუტ.

დღესაც კი, ოცდაათი წლის შემდგომ, მაშინ როდესაც  მავიწყდება მეგობრების სახელი, ვკარგავ სათვალეებს, მავიწყდება სიტყვა წინადადების წარმოთქმის დროს, ასეთ დროს, ის მოგონება გაყინული წებოსავით ეკრობა ჩემს გულს. სწორედ მაშინ პანიკა იპყრობს ჩემს სუსტ ყელს, სწორედ მაშინ  ვუჩურჩულებ საკუთარ თავს, “მართალი ყოფილა, ის მართლაც გაგიჟებს! ის მართლაც არბილებს ტვინს. რატომ მიყვარდა ის ასე ძლიერ?  რატომ არ გავჩერდი სანამ კიდევ დრო მქონდა. ახლა ამის ცოდნა არაფერში მადგება. ზიანი უკვე მომადგა, მოსახდენი მოხდა, სჯობდა სულაც, ხელების მაგიერ კუნძებით დავბადებულიყავი.

მე მახსოვს ზამთრის ის სუსხიანი ღამე, როდესაც მამაჩემმა, მამა-შვილის ბანკეტის სახელს ამოფარებულ ერთ-ერთ კალვინისტურ  შეხვედრაზე წამიყვანა. ქეიფის წინამძღოლად გამაღიზიანებელი, ბებერი თხა სახელად ჰორაციო ტ. მაგგინესი მოგვევლინა. მან ლაპარაკი იმის დაჩემებით დაიწყო რომ ყოვლისშემძლე ეთანხმება მის საშინელ შეხედულებებს და ნელ-ნელა პროგრამის მთავარ თემას, გოგოებს მიუახლოვდა. ამან, არავინ გააკვირვა. მან თქვა რომ თუ გოგოსთან ერთად გიწევთ გასეირნება, მხოლოდ თქვენს დასთან ერთად უნდა გაისერნოთ! ჩემთვის, გასაგები გახდა, რომ ერთ დღეს,  სამყაროს ჩემი სიზმრების საქორწინო ჩინგის ყაენივით რომ მოვლენოდი, საშინლად ინცესტურ დროს მომიწევდა არსებობა. ჯერ კიდევ მესმის მისი შეშლილი, უნამუსო ბრალდებები ბიბლიის მიერ პირველი რეგისტრირებული მასტურბატორის, საწყალი ონანის წინააღმდეგ. ის მუშტს გვიშვერდა და ოფლიანი ყარყურიმით გვეუბნებოდა, “მან თესლი დაღვარა! ოოოჰ, ეს მონსტრული, სასირცხვილო და უნამუსო აქტი! მან ის მიწაზე დაღვარა, ღმერთი გაანაწყენა და ღმერთმა მოკლა ის!”

თუმცა, რაც უფრო მეტად ვფიქრობ, საბედნიეროდ მით უფრო ვრმწუნდები იმაში რომ შენ ვერასდროს ვერ აღიქვამ იმ საშინებელებს რომლებიც მამაშენმა ახალგაზრდობისას გამოიარა. ამის მიზეზი კი ის უპირატესობებია რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, შენ გერგო. მოდი სამი მათგანი დავასახელოთ: პირადი ოთახი, მასტურბატორი მამა და დოქტორი ალბერტ ელისი.

ჩირაღდანი ყველა ჩვენთაგანისათვის მიმქონდა და ის იმაზე უფრო შორს მივიტანე ვიდრე ვინმეს ეგონა. მე ჩემი საიდუმლო ტომის პრომეთე ვიყავი, გონადიკური უძღები შვილი, ფორმაში მყოფი მეხისებური სპერმატიფორუსი,  მასტურბატორი მასტურბატორთა შორის!

21-ე საუკუნეში ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ინტერვიუ ნინა ახლოურთან

რუბრიკის მორიგი სტუმარი სახელმწიფო მართვის სპეციალისტი, ჟურნალისტი და ბლოგერი, ნინა ახლოური, საუბრობს ელექტრონულ მუსიკაზე, ჰედონიზმზე და მოდაზე.

როგორია კარგი ელექტრონული მუსიკა? ცუდი? მაგალითები თუ შეგიძლია გაგვიზიარო?

 

კარგ და ცუდ ელექტრონულ მუსიკაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი. ამ საკითხზე ელექტრონული მუსიკის მსმენელები ვერასოდეს შეთანხმდებიან. წარმოიდგინე, რომ გკითხონ, რომელია კარგი და რომელი ცუდი – კლასიკური როკი თუ ინდი როკი? სწორედ ამიტომ, ვერასოდეს გიპასუხებ, რომელია უკეთესი, ემბიენტი თუ ჰაუსი. ელექტრონული მუსიკის ყველა ჟანრს თავისი ღირსება გააჩნია, თუმცა შეიძლება ობიექტურად მსჯელობა იმაზე, თუ რომელია უფრო ინტელექტუალური. IDM (Intelligent Dance Music) უფრო რთული მუსიკაა, ვიდრე, ვთქვათ, ევროდენსი და ბენი ბენასის მარტივი რიტმები. ჩემთვის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა ტრიპ-ჰოპია, რადგან ესაა მუსიკა ჩარჩოების გარეშე. მასში ყველაფერია – რეგი, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, როკი, ფსიქოდელია, ტრანსი, ემბიენტი, ჯაზი… ჩემი სუბიექტური აზრით, კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია ასეთი მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრი, თანაც სენსუალიზმის ასე მკვეთრად გამოხატული ელემენტებით.

 

საერთოდ კი, ელექტრონული მუსიკის სხვა მიმდინარეობებისგან ცალკე განხილვა უკვე თითქმის შეუძლებელია. ბოლო წლებში თითქმის ყველა სტილი ელექტრონიზირდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ელექტრონული საუნდი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ტექნოლოგიების განვითარებასთან, რადგან პირველი ელექტრონული ინსტრუმენტი ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, 1901 წელს, მუსიკალურმა მიმდინარეობამ კი სადღაც სამოცი წლის შემდეგ დაიწყო ჩამოყალიბება და კიდევ უფრო გვიან გახდა პოპულარული მასებს შორის. ეს მიმდინარეობა ძალიან სპეციფიკურია იმ მხრივ, რომ მის მოწონება-სმენადობას განაპირობებს არა ადამიანის გემოვნება, არამედ ის, თუ როგორ აქვს მას ტვინი მოწყობილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტექნო რიტმი იწვევს ცვლილებას ტვინის მუშაობის რიტმში, ანუ ის იძულებული ხდება, მისი მოსმენის დროს გადაეწყოს ტექნო-სიხშირეებზე, რაც არც ისე ბუნებრივია ზოგადად ადამიანისთვის, თუმცა ალბათ არა თანამედროვე, 21-ე საუკუნის პირმშოსთვის. ტექნოკრატიის ეპოქამ ადამიანში ბევრი ცვლილება გამოიწვია და ეს არ ეხება მხოლოდ ჰომო ფაბერისეულ მანიაკალიზმს და ზოგად ფასეულობებს, არამედ ნერვულ სისტემასაც. კომპიუტერსა და ინტერნეტთან მუშაობის გავლენით, ადამიანის ტვინში აქტივიზირდა უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, რის გამოც თანამედროვე ადამიანი არსებითად განსხვავდება თავისი მამის თაობისგან – მისი ტვინი ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. ამაზე ჰერი სმოლმა წიგნიც კი დაწერა „iBrain: როგორ გადავიტანოთ ტვინის ტექნოლოგიური ცვლილებები“, სადაც საუბრობს, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ჩვენს ევოლუციაზე და იმაზე, რა ცვლილებებს განიცდის ჩვენი ტვინი ტექნოგენური გარემოს ზემოქმედების შედეგად. გახსოვს მატრიცას მეორე ნაწილში ზეონის დისკოთეკა? ადამიანები ერთი საუკუნის შემდეგ უზარმაზარ გამოქვაბულში Fluke-ის მუსიკაზე ცეკვავენ, რომელიც პირველყოფილი მოტივებით იწყება და შემდეგ მთლიანად ელექტრონული ხდება. იყო ამ მუსიკის არჩევაში სიმბოლური მომენტი, ანუ 100 წლის შემდეგ ადამიანი გამოქვაბულშიც კი რომ შეაგდო, ის აღარ დაიწყებს როკვას აფრიკული ტომების მუსიკის მსგავსზე, რადგან ის უკვე სხვა არსებაა, სხვანაირად განვითარებული ტვინის წინა ნაწილით, სხვა სიხშირეებზე მოაზროვნე.

საქართველოში ამ მხრივ რა ვითარებაა? ჰყავს ასეთ მუსიკას მსმენელი? შემსრულებელი?

იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, მით უფრო საინტერესოა თანამედროვე ქართველებზე დაკვირვება – მათ ტვინამდე თუ გულამდე ჯერ ვერ მიდის ეს ტექნო-რიტმები, კლუბებში უსმენენ, შინ, ყურსასმენებით კი ძალიან იშვიათად, რაც ვფიქრობ განასხვავებს მისი ევოლუციის მდგომარეობას თუნდაც დასავლელი ადამიანებისგან.

ჩემი ვარაუდით, ელექტრონულ მუსიკას სისტემატურად ქართველების 10% თუ უსმენს და ესეც გაზრდილი რიცხვი მგონია. ძირითადად ისეთ ელექტრონულ მუსიკას უსმენენ, რის ფონზეც ან უნდა იცეკვო ან იკაიფო – ევროდენსი, ტრანსი, ჩილაუთიც. მოკლედ, კლუბების და ბარების გავლენით უსმენენ ან ესმინებათ. აი, დაბსტეპს, დეტროიტ ტექნოს და მსგავს მუსიკას ერთეულები უსმენენ.

 

ჩვენები აკეთებენ მინიმალს აიდიემის ელემენტებით, მომისმენია კომპოზიციებიც ტრანსის ჟანრში. გარდა იმისა, რომ ეს არ არის ჩემი ფავორიტი სუბ-ჟანრები, ისეც ვფიქრობ, რომ ამ მიმდინარეობის მსოფლიო წარმომადგენლები წინ არიან ერთი-ორი ათეული წლით და შეუდარებლად უკეთეს მუსიკას აკეთებენ, ამიტომ ქართული ელექტრონული მუსიკის მსმენელი არ ვარ და ამაზე კომპეტენტურად ვერ ვისაუბრებ.

ბედნიერები არიან თუ არა ჰედონისტები?

 

საინტერესო გადასვლაა. ამ კითხვას რომ უპასუხო, უნდა გაიგო, როგორ და რის გამო გახდა ადამიანი ჰედონისტი.

როგორ ხდებიან ადამიანები ჰედონისტები? აქვს თუ არა ამას რაღაც მიზეზი? თუ რწმენასავითაა?

 

ადამიანები ჩვენს საუკუნეში ჰედონისტები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან.

ეს რელიგიასავითაა, დაბადებიდან გინერგავენ იმას, რომ ბედნიერი უნდა იყო. 20-ე საუკუნეში კაცობრიობამ ძალიან უცნაური მაქსიმები შეიმუშავა, რის მიხედვითაც ზუსტად განსაზღვრა, რა არის ეს ბედნიერება. თუ შენ არ გაქვს იდეალური ჯანმრთელობა, მინიმუმ სამჯერ სექსი კვირის განმავლობაში, იდეალური სამსახური და ა.შ. ვერ აკმაყოფილებ თანამედროვე ბედნიერი ადამიანის კრიტერიუმებს. ამის გამო შენ იწყებ არა გემრიელი, არამედ სასარგებლო საკვების მოხმარებას, სიყვარულით და აერობიკით ერთნაირად კავდები, ერთგვარ მარათონზე გიწევს ცხოვრება. ჟურნალებიდან და ტვ-დან ყოველდღე გეუბნებიან, რომ უნდა გაიღიმო, შეიქმნა პოზიტიური განწყობა, იყო ბედნიერი, უხეშად რომ ვთქვათ, ბედნიერების პროპაგანდას ეწევიან. ამაზე საინტერესოდ შენიშნა პასკალ ბრუკნერმა, ყოველდღე და ყველგან რადგან ამისკენ მოგვიწოდებენ, ესე იგი ბედნიერება არც ისე მარტივი მისაღწევიაო. ეს მართლაც ასეა, ამიტომ ადარებდა ბეგბედერი თანამედროვე მსოფლიოს დიდ დისკოთეკას – არის საშუალებები, რომლებიც გეხმარება იოლად და სწრაფად გახდე ბედნიერი, ამიტომ თანამედროვე ჰომო საპიენსმა თავი ჰედონიზმს შეაფარა, რომ თავი უიღბლოდ და უბედურად არ ეგრძნო. თუმცა როგორც სექსუალურმა რევოლუციამ ვერ გახადა ადამიანი უფრო თავისუფალი სექსში, ისე ამ მასობრივმა სიამოვნებებმა ვერ აქცია უფრო ბედნიერად. პირიქით, ჩვენ ყველაზე უბედურები ვართ, რადგან იძულებულები ვართ ბედნიერები ვიყოთ.

 

მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანების დეპრესია ამ ბედნიერების ისტერიის გამო ზღვარს მიაღწევს, ის პროტესტს გამოუცხადებს მას და მერე გახდება ნამდვილი ჰედონისტი, ანუ ისწავლის როგორ მიიღოს სიამოვნება უბრალოდ სასიამოვნო რაღაცებისგან, იმას, რომ წარმატებული სექსუალური ცხოვრება აქტების და პარტნიორების რაოდენობით არ იზომება, რომ იმისთვის დაიბადე, რათა დაბერდე და მოკვდე, ეს ბუნებრივია და არა კატასტროფული, მაინც ვერ გიშველის დამბალი ხორბლის ჭამა და 20 წლით სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მთელი ცხოვრების გამწარება.

საკუთარ თავს თუ მიაკუთვნებ ჰედონისტთა რიცხვს?

 

კი, მე ორივე კატეგორიას მივეკუთვნები. დიდ დროს და ფინანსებს ვუთმობ თავის მოვლას და გულწრფელად მჯერა, რომ შედეგად ბედნიერი ვიქნები, თუმცა ვარჯიში, სპა და ასეთი რაღაცები ყოველთვის დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს. ისე, კლასიკური, მოძველებული გაგებით ჰედონისტი უფრო ვარ. თუ შემომთავაზებ რამე სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრებას და მეორე მხრივ მექნება არჩევანი ჩავუჯდე ჰომეროსს ფინჯან ამერიკანოსთან ერთად სადმე, მზით განათებულ ბაღში, მეორეს ავირჩევ. სუფთა ჰაერზე გასეირნება Massive Attack-ით ყურებში, თან თუ განწყობისთვის შესაფერის სუნამოს ვატარებ და რამე ლამაზი მაცვია – ეს ჩემთვის უკვე წარმატებული დღეა. ძალიან არაამბიციურ და არასაქმიან ადამიანად წარმოვაჩინე საკუთარი თავი, რაც არასწორია, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. უბრალოდ სიამოვნება ჩემთვის ძალიან მაღალი ფასეულობაა, ამის თქმა მინდოდა.

ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ მოდა იმდენად მახინჯია, რომ მისი შეცვლა ადამიანობას ყოველ ნახევარ წელიწადში სჭირდება. მართლა ასეთი მახინჯია?

 

გააჩნია კოლექციას. საშინელი კოლექციები მინახავს, გახსენებაც არ მინდა და მინახავს ისეთებიც, ჭეშმარიტ ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებს. თუმცა, რა ლამაზიც არ უნდა იყოს ვინმეს კოლექცია, ის არ შეიძლება ატარო დეკადის განმავლობაში, რადგან ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ის ასეთ ერთფეროვნებაში გაატარო.

 

ისე კი, მოდა არ იცვლება იმის გამო, რომ ის მახინჯია ან ვინმეს სიახლე სჭირდება გარდერობში. ამას გაცილებით სერიოზული და საინტერესო მიზეზები აქვს. მოდაში აისახება საზოგადოებაში მიმდინარე ყველა სერიოზული თუ არასერიოზული ცვლილება, იდეოლოგიები, განწყობები, ამიტომ არასოდეს მესმოდა ადამიანების, ვინც მოდას ირონიით უყურებს და ნაჭრების ინდუსტრიას ეძახის. გადაავლე თვალი რომელიმე ერთი სეზონის კოლექციებს და შენთვის ცხადი გახდება თანამედროვე გენდერული პრობლემები, ეკონომიკური კრიზისი, მილიტარისტული განწყობები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეტ-ა-პორტეც კი ხელოვნების დარგია და არა ვინმე fashion victim-ის გასახარად მოგონილი მოდური სამოსის ერთობლიობა.

საჭიროა თუ არა, ადამიანს ბევრი ფული ჰქონდეს, რომ მოდურად ეცვას?

ყველაზე დემოკრატიული ბრენდებიც კი იმაზე მუშაობენ, რომ მომხმარებელს მოდურად ჩააცვან, ასე რომ, რა თქმა უნდა, არა. მოდურად შეგიძლია ჩაიცვა 100-130 დოლარის ფარგლებში, შეხვალ მანგოს, ბენეტონის ან H&M-ის მაღაზიაში და რამდენიმე ნივთს შეიძენ. (თბილისის მაღაზიები არ მიგულისხმია, რომლებსაც თითქმის ლუქს კატეგორიაში გაჰყავთ ეს ბრენდები გაზრდილი ფასებით). მოდურად შეიძლება მხოლოდ ერთი ნივთის თუ აქსესუარის დახმარებითაც გამოიყურებოდე, მთავარია მისი სწორად შერჩევა. თუმცა, ბევრი ფული თუ არა, საკმაოდ ბევრი გჭირდება იმისთვის, რომ ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძინო.

საქართველოში თუ არსებობს მოდა?

საქართველოში არ მეგულება დიზაინერი, რომლის კოლექციაც ზოგად ტენდენციებს განსაზღვრავდეს, ძირითადად ყველა მოქმედებს სხვა გავლენიანი მოდის სახლების გავლენით, ისეთებით, როგორიცაა დიორი, დოლჩე და გაბანა და ა.შ. თუ მეკითხები ქუჩის მოდაზე, ბუნებრივია, ის არსებობს, თუმცა ისიც, ძირითადად, იმის გამოძახილია, რა შექმნა დიორისნაირმა სახლმა, თანაც ერთი-ორი სეზონის წინ. ტენდენციები ჩვენში გვიან მკვიდრდება. ამასთან, როგორც შეიძლება მოხდეს, მაგ. ამერიკაში, რომ ქუჩის მოდამ გავლენა მოახდინოს ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებზე, ჩვენთან ასეთ რამეს გამოვრიცხავ. ქართველები ჩაცმის მხრივ საკმაოდ არაექსპრესიულები ვართ, ექსპერიმენტებისაც გვეშინია, ამიტომ ორიგინალური მოდა, არ მგონია, საქართველოში არსებობდეს და მითუმეტეს ვერ გახდება სხვისი შთაგონების წყარო.

 

რამეს ხომ არ დაამატებდი? რა აზრის ხარ ამ რუბრიკაზე? ან ზოგადად ბლოგზე.

ბლოგის სისტემატური მკითხველი ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაც შეეხება რუბრიკას, ის ძალიან საინტერესოა, როცა ჩემთვის საინტერესო თემებს ირჩევენ სასაუბროდ. (აქ უნდა ეწეროს, რომ ვიღიმები). 🙂 ისე კი, რესპონდენტის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძლება ბანალურ თემაზეც კი ადამიანმა ძალიან საინტერესოდ ისაუბროს და ამის მაგალითები ამ რუბრიკაში უკვე შემხვდა. ჰოდა, ბევრ იდეებს, წარმატებებს და კარგ რესპონდენტებს გისურვებ.

10 ყოვლად არასექსუალური სიმღერა

ბევრი ადამიანი სექსის დროს მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთების
უმრავლესობა ალბათ აქტის დროს არცერთი შემდეგი სიმღერის მოსმენას არ ისურვებდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. მოკლედ ჩემი აზრით, სექსისთვის ყველაზე გამოუდეგარი 10 სიმღერა ასე გამოიყურება.

10.  Ray Parker Jr. – Ghostbuster, ყველაზე სექსუალური სიმღერა ამ სიაში. თუმცა, რთულია წარმოიდგინო სექსის დროს ამის მოსმენა, თუ რა თქმა უნდა ნერვიულად ან რითმულად თავს არ აქნევ სიმღერის თანხლებით. ასეთ შემთხვევაში გართობა გარანტირებულია, ორგაზმი ნაკლებად. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

09. Manowar – Hail and Kill , არ წარმომიდგენია ისეთი აქტის დროს რომელიც პოტენციურად ახალი არსების წარმოქმნას გულისხმობს, ასეთი სათაურის და შინაარსის სიმღერის მოსმენა.  თან გაოფლიანებული, ამერიკელი მილიტარისტი მუსიკოსების წარმოდგენა შუა აქტის დროს მაინდამაინც სექსუალური არ უნდა იყოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

08. Mr. Credo – Медляк, არ მიყვარს სიტყვა “გოიმური,” მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტყვის ხმარება უბრალოდ არასწორი იქნებოდა. სიმღერა შეიცავს ძალიან იაფფასიანი სიტყვებს, იმ 2 ლარიან “ბანბანერკას” ჰგავს ზედ ლიქიორი რომ ახატია და ისეთ ადამიანთან რომ მიგაქვს საერთოდ რომ არ გიყვარს.  დანარჩენს თავად მოუსმინეთ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

07. Gunther – Ding, ding, dong, ეს სიმღერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეიძლება სექსუალურად მოეჩვენოს რომელსაც სექსი არასდროს ჰქონია. ეს რომ ჩართოთ სიცილი და გართობა გარანტირებული გაქვთ, ოღონდ არანაირი სასიყვარულო აქტი არ გამოგივათ. რომანტიული საღამოს დასამთავრებლად ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

06. მიხაილ კრუგი – Владимирский централ , ამბობენ საქართველოს რესტორნებში ქურდული ხასიათის სიმღერები აკრძალესო. თუმცა, სახლში ასეთის მოსმენას ვერავინ აგიკგრძალავს, მითუმეტეს სექსის დროს. თუმცა, რა აუცილებელია ამის აკრძალვა, საღმა აზრმა წესით და რიგით ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

05. თემურ წიკლაური – გააჩერეთ დედამიწა, დამიჯერეთ, ამ სიმღერის წინააღდეგი არაფერი მაქვს, პირიქით მომწონს კიდევაც მისი ფილოსოფიური, ისტორიული თუ სოციალური ხასიათის გამო. მაგრამ ეს დიდაქტიკური სიმღერა ყოვლად უდროოა სექსუალური აქტის დროს. “ოდეს კაცად წოდებული, ახლა მხოლოდ ბარგი ვარ” – ეს არ არის  ის სიტყვები რომლის მოსმენაც ორგაზმის დროს კაცს შეიძლება უნდოდეს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

04. Ялла – Учкудук, არ გახსოვდათ არა? მოგონება ბავშვობიდან, არ ვარ დარწმუნებული რომ ამ ჯგუფს კიდევ აქვს რამე სხვა ჰიტი, მაგრამ “უჩკუდუკმა” სექსის დროს შეიძლება ყველაზე ჯანმრთელ კაცსას კი მოუღოს ბოლოს. უჩკუდუუუუუკ, ო არა! თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

03. დები იშხნელები – ყოველ სნეულობაზე, ვიცი, თავად სახელი “დები იშხნელები” ღიმილს იწვევს თქვენში, რა თქმა უნდა ამაზე სექსის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა რომ სიმღერა სიყვარულზეა. მაგრამ ალბათ მაინც სხვა სიყვარულზეა საუბარი და არა “ხვევნა კოცნა ტლაშატლუშზე.”ისე მართლაც, ასეთ სიმღერის მოსმენის დროს სიყვარული კეთება ნებისმიერ სნეულებაზე ძნელია. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

02. ლეილა თოდაძე – აფრები, კატასტროფა. დამიჯერეთ, ამ პოსტში ყოველი სიმღერის დაწერისას ფონად აღნიშნული სიმღერა მაქვს ჩართული, ამჯერად თითები არ მემორჩილებიან, ტვინი მებნედება, კლავიატურა მთვრალი ლეილასავით არ მემორჩილება და საერთოდ აზრებს ვერ ვალაგებ. სექსის დროს დარწმუნებული ვარ ვითარება ბევრად რთული იქნება, თუმცა ცდა არ მინდა. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

01. ტოქსი – ჩემი საძმო, ამ სიმღერამ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, ანუ “აფრებსაც” კი აჯობა. ამ სიმღერაზე არათუ სექსის, არამედ პარტნიორის კოცნა, საპირისპირო სქესის მიმართულებით გახედვა, სექსზე ფიქრი და საერთოდ უბრალოდ ფიქრიც კი არ შეიძლება. საერთოდ არაფერი შეიძლება ამას თუ უსმენ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც, რისი წარმოდგენაც პრინციპში ძალიან რთულია.

გიორგი კევლიშვილი კომუნიზმზე, სექსზე და ევთანაზიაზე

ბლოგის მორიგი რესპოდენტია, მხატვარი გიორგი კევლიშვილი. გიორგისთან ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულ თემებზე საუბარი გადავწყვიტეთ. გიორგი განიხილავს კომუნიზმს, სექსს და სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალებებს.

რა საფუძველი გაქვს რომ ჩათვალო რომ კომუნიზმი შესაძლებელია. შენი აზრით როდის დადგება ისეთი დღე როდესაც ყველანი კომუნიზმში ვიცხოვრებთ?

კომუნიზმის შესაძლებლობის რწმენა არსებითად ადამიანის ძალებისადმი, მისი პოტენციალისადმი რწმენაა. მე მჯერა, რომ შესაძლებელია არა მხოლოდ ექსპლოატაციისაგან თავისუფალი, არამედ სამართლიანი და ყველასათვის თანაბარი შესძლებლობების საერთო საზოგადოების აშენება.

ეს არაა დარწმუნებულობა. არ ვფიქრობ, რომ კომუნიზმი გარდაუვალია, და რომ ისტორიული პროცესების ლოგიკა ლანგარზე დადებულს მოგვართმევს მას. მაგრამ ეს რწმენა რაციონალურია ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. ამგვარი რწმენა კომუნიზმს, როგორც პრაქტიკას უდევს საფუძვლად. ეს პრაქტიკა გამოცდილებას, ხშირად ძალზე მტკივნეულ და ტრაგიკულ გამოცდილებას, და ცოდნას ეფუძნება და ბრძოლის, პრობლემათა გადაჭრის, პერპექტივის კონკრეტულ გზებს გვთავაზობს. ბლოგის ფორმატში რთულია ყველაფერზე დეტალური საუბარი. კომუნისტებს დღესაც ძველი კაპიტალისტური რეპერტუარიდან ამოკრებილი ლათაიებით გვიპირისპირდებიან. მე მისაუბრია არაერთ აქაურ მემარჯვენე ეკონომისტთან და ფინანსისტთან. მათ უმრავლესობას წარმოდგენაც არ აქვს ამ შემოთვაზებათა, მაგალითად, პარტიციპატორული ეკონომიკის, ტობინის გადასახადის გამოყენების იდეების, კალინიკოსის ათპუნქტიანი პროგრამის და ა.შ. შესახებ. მე უსარგებლოდ ვთვლი მათთან საუბარს, ვინც ჩვენ პოზიციებს ჰაიეკის და ფრიდმანის ხავსმოდებული ‘ფილოსოფიის’ მეტს ვერაფერს უპირისპირებს, მაგრამ სიამოვნებით მზად ვარ დისკუსიისათვის, თუ ვინმე მაგ. კალინიკოსის პროგრამის არარეალისტურობის ან არალოგიკურობის დასაბუთებას შეეცდება. კომუნიზმის დღევანდელი კრიტიკა მის დღევანდელ შემოთავაზებებს და პოზიციებს უნდა მიემართოს, ეს ჩვენს ინტერესებშიცაა, და არა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ლავრენტი ბერიას და პანტელეიმონ გიორგაძის მოსაწყენ გინებად.

 

მაგრამ დავუბრუნდეთ კომუნიზმს. რა ვითარებაში, რა შინაგანი სტიმულების და გამოცდილების შედეგად ჩნდება ასეთი რწმენა? ნებისმიერ დროს კონკრეტულ დინამიკურ ვითარებაში, ტოპოსში (0) ვიმყოფებით. ზოგადად ამ ვითარების პერპექტივის, სხვა ტოპოსის სამი თეორიული ვარიანტი არსებობს: ან – (I) უკეთესი იგივე, როდესაც მომავალი – მხოლოდ აწმყოს მექანიკური განგრძობაა დროში, და არა დამდეგი – ის, რაც აქამდე არ ყოფილა და უნდა იქმნეს. როდესაც არსებითად არაფერი იცვლება, გვაქვს მხოლოდ მოდიფიკაცია და ‘გაუმჯობესება’; ან – (II) უარესი იგივე, რეგრესული სვლა ენთროპიისაკენ, ან – (III) სხვა, აქამდე არ ყოფილი პოზიტიური პერსპექტივის განხორციელება. ჩვენ საერთო დღევანდელ მდგომარეობას კაპიტალიზმი (0–0) ჰქვია. დღეს სამყაროს კაპიტალის ლოგიკა მართავს. ამ ლოგიკის საფუძველში ადამიანების, წარმოების საშუალებების და რესურსების უკონტროლო, ‘თავისუფალი’ ექსპლოატაცია დევს. კაპიტალიზმი აღიარებს, რომ ‘პრობლემები არის’ მაგრამ გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ვფიქრობ, რომ კაპიტალიზმის დაპირებები – უტოპიაა (I-C). რას ნიშნავს უკეთესი კაპიტალიზმი? თუ ექსპლოატაციის გაუქმებას, გამოდის, კომუნიზმზეა ლაპარაკი. ან იქნებ ადამიანების საბოლოოდ დარწმუნებას, რომ ექსპლოატაცია არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ – კარგიც? თუ ნაკლებ, ან უფრო დახვეწილი მეთოდებით ექსპლოატაციას? მე ვეთანხმები, რომ ნაკლები ბოროტება ჯობია მეტ ბოროტებას. მაგრამ თანახმა არ ვარ, ცოტა, ან თუნდაც ძალიან ცოტა ბოროტება – სიკეთედ მივიჩნიო! გარდა იმისა, რომ კაპიტალიზმის ‘ფილოსოფია’ წანამძღვრებშივე მცდარია, ის პრაქტიკაშიც ყალბია – დროის დინებასთან ერთად სულ უფრო იზრდება ნაპრალი კლასებს შორის – სულ უფრო მცირე რაოდენობის ადამიანთა ხელში კონცენტრირდება დედამიწის სიმდიდრე, და სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება რესურსების უკონტროლო ხარჯვით და სიმდიდრის უსამართლო განაწილებით გამოწვეული შიმშილით, წყურვილით, ავადმყოფობებით და ა.შ. სულ ღრმავდება კრიზისი, არ ჩანს დაპირებული უკეთესი, უფრო აშკარა ხდება, რომ კაპიტალიზმს თანამედროვე პრობლემებისადმი თავის გართმევა აღარ შეუძლია. სულ უფრო მეტად ეფუძნება მისი ლეგიტიმაცია ფიზიკურ ძალას.

 

ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ნეგატიური ალტერნატივა – დავარქვათ ამას დისტოპია (II-D) – რესურსების უკონტროლო ხარჯვამ შესაძლოა ადამიანის მოდგმა იმ ზღვარს გადააცილოს, როდესაც კრიზისი – კატასტროფაში გადაიზრდება, და ენთროპიის პროცესი შეუქცევადი გახდება. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ვითარების ნიშნები სახეზეც რომ არ იყოს (არადა არის!), ჩვენ მოვალენი ვართ უარესი სცენარი წარმოვიდგინოთ, თუნდაც მისი თავიდან აცილების მიზნით.

 

და თუ ამ ლოგიკას გავარძელებთ, რა პოზიტიური ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს? მე მჯერა, რომ ესაა ეუტოპია კომუნიზმი (III-X). აქ საქმე სახელებში არაა. მე თანახმა ვარ მას თუნდაც ახალი, ან კარგი, ან ტრანს–კაპიტალიზმი დავუძახოთ – მთავარია არსი – როგორც მოგახსენეთ – ექსპლოატაციისაგან თავისუფალი, სამართლიანი და ყველასათვის განვითარების თანაბარი პირობების საზოგადოება.

 

რამდენად რეალისტურადაც, ან პირიქით, არ უნდა მიგვაჩნდეს ეს პერსპექტივა, ვფიქრობ, უბრალოდ რაციონალურია ამ პოზიტიური ალტერნატივის დავიჯეროთ, და ჩვენი ცხოვრება ამ იდეალს დავუქვემდებაროთ. აქ საქმე იმაში არაა, დარწმუნებული ვართ თუ არა, რომ იგი მართლა განხორციელდება. არამედ – გაცნობიერებაში, რომ მხოლოდ ჩვენი რწმენა და ამ იდეალის შესაბამისად ცხოვრება წარმოშობს შეუძლებლის შეძლების შანსს, რაც არის კიდეც ადამიანად ყოფნის უმთავრესი პირობა. ამდენად – როდესაც ვამბობ, რომ კომუნიზმი შესაძლებელია – ვგულისხმობ, რომ კაპიტალიზმი უკვე არის, ის არა შესაძლებლობაა, არამედ – ჩვენი დღევანდელი მოცემულობა. შესაძლებლობა – ის, რაც ჯერ არაა, მაგრამ შეიძლება იყოს – მხოლოდ ორი არსებობს – ენთროპიული სიკვდილი, და კომუნიზმი. მე ამ უკანასკნელისთვის ვიბრძვი, იმიტომ რომ ბრძოლა – რაციონალური, მართვადი პროცესია. სწორედ ბრძოლაზე უარის თქმა გვაახლოვებს დისტოპიასთან – თვითდინებაზე მიშვებული ყველა პროცესი ლპობისა და ენთროპიისაკენ მიისწრაფვის.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს ჩემი პასუხი პროგნოზის თაობაზე – არ ვიცი, ეს შესაძლებლობა როდის გახდება რეალობა. მაგრამ მწამს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიუძღვნის თავს ამ იდეალს, მით უფრო მეტია შანსი.


ისტორიის განმავლობაში არსებობდა პრეცედენტები რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ცდილობდაკომუნიზმისდამყარებას, მაგრამ უშედეგოდ, შეუძლია თუ არა კაცობრიობას აქედან დასკვნების გამოტანა და გამოცდილების მიღება?

აქ ჩემი ლოგიკა სწორედ კაცობრიობის ხანგრძლივ გამოცდილებას ემყარება. რამდენ ხანს მკვიდრდებოდა კაპიტალიზმი ფეოდალიზმთნ ბრძოლაში? საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა კონტინენტზე რამდენი ბურჟუაზიული რევოლუცია, ჯანყი და სისხლში ჩახშობილი ამბოხი იყო საჭირო, რომ მას საბოლოოდ გაემარჯვა და დღევანდელ ძალმოსილებამდე მიეღწია? შეგახსენებთ, რომ მაგალითად, რესპუბლიკის იდეის განხორციელების პირველი მცდელობები სისხლისღვრით დამთავრდა, შედეგად დიქტატურა მოჰყვა, და ასე, მარცხისა და გამარჯვებების გზით მოდიოდა დღემდე, როცა შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის იდეამ საბოლოდ გაიმარჯვა. ეს ყველა ახალი იდეის ბედია, ისტორიული კანონზმომიერებაა. მარტივი, გამოცდილებაა – ყველა ჩვენგანი ათასჯერ უნდა წაიქცეს, რომ სიარული ისწავლოს. გამოცდილება, ყველასათვის ცნობილი, ყველაზე ღრმა, სწორედ ისაა, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს! როგორც ბეკეტი იტყოდა – დაეცი, ადექი, დაეცი უკეთესად… ჩვენ, კომუნისტებს, კომუნიზმის გამოცდილება კი არ გვაშინებს, არამედ – იმედებს გვინერგავს – კომუნიზმი გამართულად სიარულს სწავლობს! ამიტომ მარცხის შესახებ ნიშნისმოგებით შეხსენება მხოლოდ ღიმილს გვგვრის.


მოდი კომუნიზმიდან პირდაპირ სექსზე გადავიდეთ. ადამიანი საკუთარი ბუნებით შენი აზრით მონოგამია თუ პოლიგამი?

საინტერესო გადასვლაა:) ევრიგამი!

 

მაგრამ ქორწინება (gamos), პოლი, თუ მონო, ხომ სოციალური მოვლენაა, და არა ბუნებრივი? ადამიანი ბიოლოგიურად განპირობებული მოცემულობაა, მაგრამ არა – დასაზღვრული. ბუნებით ის მასალაა, რომლისგანაც საკუთარი თავი უნდა გამოძერწოს. თორემ სხვები გამოძერწავენ საკუთარი ხუშტურების მიხედვით.


სსრკში როგორც ცნობილიასექსი არ არსებობდა.” საქართველოში თუ არსებობს და მითია თუ არა ქალიშვილობის ინსტიტუტი?

ქალიშვილობის ინსტიტუტი’ ფაქტია – შიშველი მოცემულობა, რომელსაც მითები, შიშები, კომპლექსები უდევს საფუძვლად. ზოგადად კი, საქალწულე აპკზე მსჯელობა თავისთავადაა არა უბრალოდ უმწიფარობის, არამედ – ფარულად არსებული პათოლოგიების ნიშანი. არ დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს ‘საქალწულე აპკი ზოგადად’. ის ყოველთვის ვინმე კონკრეტულის საქალწულე აპკს გულისხმობს. ვის აქვს უფლება, ამ სფეროში ნორმატივები დააწესოს, ან თუნდაც ‘ტრადიციები’ იძულების წესით მოახვიოს სხვებს თავზე? ის, ვინც მსგავს საკითხებზე მორალურ ავტორიტეტად წარმოგვიდგენს თავს, ყველაზე ძველ და აუცილებელ ტრადიციას – ზრდილობის ადრეულ ასაკშივე ოჯახში სასწავლ ელემენტარულ წესს არღვევს.


დღევანდელი კონტრაცეპცია აძლევს ადამიანს საშუალებას თავი დაიცვას, რამდენად გამართლებულია, უსაფრთხო და მიზანშეწონილი ასეთი მიდგომა?

იმდენადაა გამართლებული და მიზანშეწონილი რამდენადაც კონტრაცეფციის კონკრეტული საშუალებაა უსაფრთხო 🙂


აბორტზე რას ფიქრობ?

არა მგონია ვინმეს მოსწონდეს აბორტი, როგორც ასეთი. არც ისეთ ადამიანებს ვიცნობ, ვინც თვლის, რომ უპირობოდ უნდა აიკრძალოს, მაგალითად, მაშინაც კი, თუ მშობიარობა პოტენციურ დედასაც და ნაყოფსაც სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს უქმნის. დავა მხოლოდ იმაზე მიდის, სად უნდა დაწესდეს ‘დასაშვებობის’ ზღვარი. ეს რთული საკითხია, და მე დღეს მზად არ ვარ ამ თემაზე რაიმე გონივრული ვთქვა.


ერთერთ აქტუალურ თემას დღევანდელ სამყაროში ევთანაზია წარმოადგენს, როგორ უყურებ ამ საკითხს, აქვს თუ არა ადამიანს ევთანაზიის უფლება?. სუიციდი ცოტა განსხვავდება ევთანაზიისგან, მაგრამ ასევე სიცოცხლის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. სხვა მოვლენაა კიდევ კოლექტიური სუიციდი. ეს საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა. შენი აზრით ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო თამამი და გაბედულია იმის გამო რომ ის მარტო არ ტოვებს სიცოცხლეს?

ევთნაზიას (კარგ სიკვდილს) ადამიანები ხშირად აუტანელი ტკივილისაგან თავის არიდების მიზნით მიმართავენ. ასეთ არჩევანი მესმის, მაგრამ დიდ პატივს არ ვცემ. ტკივილი, რაც არ უნდა საშინელი, სიცოცხლის ნაწილია. მაგრამ ცხადია არსებობს ზღვარი. მე არ ვიცი თავად როგორ მოვიქცეოდი…

 

მაგრამ მე ამ პრობლემას კვლავ კომუნიზმის პერსპექტივაში ვუყურებ. მოკლედ: თუკი კომუნისტური პერსპექტივა შეუძლებელია, რა გზა რჩება? იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ჩემსავით, რელიგიაში ნუგეშის ძიებას გამორიცხავს. ერთი გზა არის შეგუება. იმ აზრის მიღება, რომ იდეალის შესაბამისად ცხოვრებას, შეუძლებლის შეძლებისათვის ბრძოლას აზრი არ აქვს. აქედან თავის მხრივ ლოგიკურად ორი შედეგი შეძლება გამომდინარეობდეს – ჩაეწერო ‘ვირთხების ფერხულში’, ‘სისტემაში’, შენი ცხოვრების მიზნად მატერიალური კეთილდღეობა აქციო, ფეტიშად საკუთრი ჭიპი გაიხადო, დაუმონო საკუთრი თავი ძალაუფლებისა და სიმდიდრის ვნებებს. ამას მე არასწორ გზად მივიჩნევ. შემდეგ – თუკი სრულიად დარწმუნდი რომ იდეალები, რომლის ერთგულიც რჩები, სრულიად განუხორციელებელია, და პირველი გზა – მიუღებელი, ერთდერთი გზაა ნებაყოფლობით დატოვო სამყარო. ეს გზა უფრო ‘კარგად’ თუ არა, უფრო ‘ღირსეულად’ მიმაჩნია. თუ ადამიანს ძალა არ შესწევს სამართლიანობისა და თავისუფლების მსოფლიო ააშენოს, მის ჯოჯოხეთად გადაქცევაზე მაინც უნდა თქვას უარი. თუ ამ ჭრილში შევხედავთ სიტუაციას, გამოთქმა – გამარჯვება, ან სიკვდილი – ახალი სახით წარმოგვიდგება – კომუნიზმი, ან ევთანაზია! სიცოცხლის ნებაყოფლობით დატოვების ფორმებია და მეთოდები სხვადასხვაა, სწრაფი და ეტაპობრივი, უშუალო, და შთამომავლობაზე უარის თქმის – ევთანაზია, სუიციდი, (მათ შორის კოლექტიური), ჰომოსექსუალიზმი, ცელიბატი, სტერილიზაცია, კასტრაცია და ა.შ.

ყოველთვის ცუდია, როდესაც საქმეში შიშის ფაქტორი, როგორც ქცევის განმსაზღვრელი ერთვება. ვფიქრობ, რომ შიშის მიუხედავად, და არა შიშის გამო უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა, კოლექტიური სუიციდის შემთხვევაში წარმომიდგენია, რომ ეს იყოს არა შიში, არამედ სოლიდარობა.


ეს თემა სუიციდით რომ არ დავამთავროთ, მოდი ცოტაგავლაღდეთდა საქართველოში გარკვეულწილად ტაბუ დადებულ თემას, ჰომოსექსუალიზმს შევეხოთ. აშკარაა რომ საქართველო ამ მხრივ გარკვეულწილად ჰომოფობური ქვეყანაა. რა არის ამის მიზეზი შენი აზრით და ფიქრობ თუ არა რომ რამე შეიძლება შეიცვალოს ახლო მომავალში?

ამის მიზეზი გაუნათლებლობა, არაინფორმირებულობა, უმწიფარობაა. ახლო მომავალში საქართველოში რაიმე არსებითად პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა, ცინიზმი და სასოწარკვეთაც უცხოა ჩემთვის. ვფიქრობ ის გვჭირდება – არა მხოლოდ ჰომოფობიასთან მიმრთებით – რასაც დევიდ ბომი ‘ტაქტიკურ ოპტიმიზმს’ უწოდებს.


რამეს ხომ არ დაამატებდი? რა იქნება შენი რჩევა შემდეგი რესპოდენტისთვის?

როგორც ფილმებში ამბობენ ხოლმედედაჩემმა მასწავლა: რჩევა მაშინ მიეცი, როდესაც გეკითხებიან! ყველა წინა და მომდევნო რესპოდენტს წარმატებებს ვუსურვებ!

 

კიდევ ერთხელ ქალიშვილების და ბოზების შესახებ

“კაი ბიჭის დას, უკნიდან შეხედავ?”

– არა ხალხური, არა სიბრძნე –

ორიოდე თვის წინ ერთ ვიდეო გამოკითხვას ვუყურე. ყველაზე საინტერესო რესპოდენტი ამ გამოკითხვაში ერთი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. პირველ კითხვაზე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა “უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი?” მან შემდეგნაირად უპასუხა: “არა!” მოკლედ, ეს ახალგაზრდა ბიჭი მაჩო აღმოჩნდა, ოღონდ ისიც გამოჩნდა, რომ მაჩო ელემენტარული ლოგიკისაგან საკმაოდ შორს იყო, რადგანაც შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგი შინაარსის იყო: “მოიყვანდი თუ არა არაქალიშვილს ცოლად?” მან შოკის მომგვრელი და საოცარი (წინა პასუხის გათვალისწინებით) პასუხი გასცა: “არა!”. როგორც ერთი ბუმბერაზი კლასიკოსი იტყოდა: “სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს”.

მოკლედ, ჩვენ ქალიშვილობაზე ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს, არ გვინდა ქალიშვილები, მაგრამ თან გვინდა, გვინდა (მამაკაცებს), რომ ბევრი სექსი გვქონდეს, მაგრამ არა ჩვენ ცოლებთან (ბავშვის გულისა, თორემ ისე როგორ ვაკადროთ). მოკლედ, ალბათ გვინდა, რომ მოსკოვში ბილეთი ისევ 20 რუბლი ღირდეს, სახლში კი ფქვილ ამოვლებული ხელებით ქართველი დიასახლისი გვხვდებოდეს. საერთოდ, ამ თემაზე საუბრისას ხშირად დამისვია შეკითხვა: “ვისი ბრალია მაინც უფრო, კაცების თუ ქალების?”. ვფიქრობ ორივე სქესის წვლილი ამ შემთხვევაში თანაბარმნიშვნელოვანია. მარტო ქალების ნება, რომ იყოს დარწმუნებუი ვარ გათხოვებამდე ვერცერთი გაქაჩავდა, ამ მხრივ ქალებს ეშინიათ, რომ ქართველი მამაკაცი (მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც) მათ არასდროს მოიყვანს ცოლად თუ მას მანამდე სხვა პარტნიორი ჰყავდა, ამიტომაც ბევრი თავს იკავებს – ამ შემთხვევაში კაცის ბრალეულობა სახეზეა. მეორეს მხრივ ქართველი ქალები უფრო თამამები, რომ იყვნენ იმავე ქართველ მამაკაცს სხვა ალტერნატივა არ ექნებოდა და შესაბამისად ცოლიც ზოგიერთ შემთხვევაში არა ქალიშვილი აღმოჩნდებოდა.

ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში წლების განმავლობაშია აქტუალური და თითქოს რაღაც ავტონომიითაც კი სარგებლობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ცალკე აღებულად არ არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. მაგალითისათვის, ქალიშვილობის ინსტიტუტი იწვევს იმას, რომ ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ე.წ. ბორდელებს სტუმრობს. ჩემი ნაცნობი ახალგაზრდების უმრავლესობამ ვაჟიშვილობა, სწორედ რომ ასეთ დაწესებულებაში დაკარგა. მონაყოლიდან ვიცი, რომ პირველად ძალიან ეშინოდათ და ბორდელს უფრო სტომატოლოგირ კაბინეტს ამგავსებდნენ ვიდრე სიყვარულის ტაძარს. რომანტიულია, არა? არადა საზღვარგარეთ ე.წ. ბოზებში სასოწარკვეთილი, ასაკში შესული მამაკაცები დადიან, რომლებსაც ფულის გარდა არავითარი შნო არ გააჩნიათ ქალის შესაბმელად. მათაც ეხმარებიან. საქართველოში კი ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცები წარმოადგენენ.

ამ წერილის ბოლოს მივხვდი, რომ ის მაჩო სავარაუდოთ ბოზებს გულისხმობდა, ანუ იმის თქმა უნდოდა, რომ ბოზებში, ანუ იმ ქალებში რომლებსაც ფულს იხდის ქალიშვილობის ინსტიტუტი დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში ჩვენი მაჩო არ გულისხმობდა თავის მომავალ ცოლს, აბა როგორ შეიძლება ცოლთან იმით დაკავდე რისთვისაც სხვა შემთხვევებში ფულს იხდი?!