Tag Archives: სიყვარული

ჩემი სენტიმენტალური სამყარო

ინტერნეტ სივრცეში ნახევარ დღეს მაინც ვატარებ, ამ დროის მეტწილს კი პირწიგნაკზე.

საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, ამის მიუხედავად პირწიგნაკის დამსახურებით ყოველ დღე ვირტუალურ სამშობლოში ვატარებ, იმ საქართველოში, სადაც პოლიტიკური დებატები არცერთი წამით არ ჩერდება, იქ სადაც ერთნი უსამართლობას ყოველ დღე აპროტესტებენ, ხოლო მეორენი ასეთის არსებობას არ აღიარებენ, იქ სადაც მეგობრები ერთმანეთს ემტერებიან და არაფერს თმობენ, იქ სადაც დაგროვილი უარყოფითი ამბების კრიტიკას ვერ აუდიხარ და მილან კუნდერას წიგნებივით ვეღარ არჩევ ერთმანეთისგან.

დღესაც ასეთი დღე იყო, რაც მეტწილად საქართველოს პრეზიდენტის დამსახურება აღმოჩნდა. გაბრაზებული სააკაშვილი თამარ ამაშუკელს და გოგი გვახარიას პირადად გადაწვდა. მოგეხსენებათ პირადად პირველად პრეზიდენტი ბურჭულაძეს შეეხო, ასეთი ტენდენცია სახიფათოდ მივიჩნიე და ვიფიქრე პოსტსაც დავწერ თქო…

მერე მივხვდი, რა აზრი აქვს თქო, ჩემს მაგივრად ამას ათობით სხვა ბლოგერი გააკეთებს და სწორადაც მოიქცევიამ თავის მხრივ, მე კი ამ შემთხვევის ანალიზისგან თავს შევიკავებ და სულ სხვა რამეს შემოგთავაზებთ.

მე მოგიყვებით ხუთ გამოგონილ ამბავს, ხუთ კეთილ და სილაღით სავსე ამბავს, ამბავს რომლის მონაწილეებსაც სიცოცხლე უხარიათ, ამბავს რომელიც გვახსენებს რომ ადამიანები ვართ და გვახსენებს რომ სიყვარული ყველას უნდა.

ცხოვრება მშვენიერია 

1946 წელს ამერიკელ რეჟისორმა ფრენკ კაპრამ დონა რიდის და ჯეიმს სტიუარტის მონაწილებით კინოფილმი “ცხოვრება მშვენიერია” გადაიღო, ფილმი რომელსაც დღემდე დასავლეთის კინოთეატრებში ყოველ შობას აჩვენებენ.

ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისე რომ პრობლემა პრობლემას ედება ზედ, ყოველდღიურობა დამღლელი და აუტანელი ხდება, ყველას გვაქვს ხოლმე მომენტები როდესაც ვიღლებით ყველაფრისგან, საკუთარ არსებობას უაზროდ მივიჩნევთ, ზოგიერთი ცდუნების მომენტში სიცოცხლიდან გაპარვაზე კი ფიქრობს. იმდენად დაკავებულები ვართ და გადატვირთულები ტვინში მიმდინარე პროცესებით რომ უბრალოდ გათიშვა გვურს.

“ცხოვრება მშვენიერიაც” დაახლოებით ასეთ ისტორიას მოგვითხრობს, მაგრამ როგორც ყოველი საშობაო ზღაპარი კარგად და ბედნიერად სრულდება. პირველად სწორედ რომ შობას ვუყურე და  ფილმის დასკვნით ნაწილში აღმოვაჩინე რომ ოდნავ, მაგრამ მაინც ვტირივარ, ვტირივარ ბედნიერებისგან.

ათენის სკოლა

მე-16 საუკუნის გენიალური ნახატზე, “ათენის სკოლა” რომლის ავტორიც რაფაელია პლატონს, არისტოტელეს, დიოეგენეს, ევკლიდს, სოკრატს და რიგ სხვა ტიტან ფილოსოფოსებს ვხვდებით. ეს ნახატი ცოდნის და სიბრძნის სიმბოლოა. ადრე ვთვლიდი რომ ცოდნა და ზოგადად ინტელექტი ადამიანისთვის უბედურების მომტანია რიგ შემთხვევაში, სევდის და სასოწარკვეთილების, მოგვიანებით მივხვდი რომ ვცდებოდი და ესეოდენ ბანალური “ცოდნა სინათლეა, უცოდინრობა სიბნელე” მარტივ ჭეშმარიტებად აღქვიქვი.

ჩვენ ხომ მაშინ გვეშინია როდესაც არ ვიცით, ჩვენში ხომ დამცავი მექანიზმია რომელიც ყოველ სიახლეს სიფრთხილით ხვდება.

ცოდნა უთუოდ კეთილი საწყისია…

მამა და შვილი

ნათქვამია სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. იან საუდეკის ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ სამყაროში მამის და შვილის ურთიერთობას ადამიანის ისტორიის დასაწყისიდან დაედო საფუძველი, რომელიც კაცობრიობის გადაშენებამდე იარსებებს.

მიო, ჩემი მიო

ასტრიდ ლინდგრენმა პეპი გრძელი წინდას და კარლსონის გარდა ასევე “მიო, ჩემი მიო” დაწერა, ზღაპარი პატარა ბიჭზე რომელიც ზღაპრულ და კეთილ სამეფოში აღმოჩნდება. ერთადერთი ბოროტება რომელიც ამ ზღაპარში გვხდება არის რაინდი კატო, რომელიც ასევე ბოროტ სამეფოში ცხოვრობს, მიო მას რა თქმა უნდა ამარცხებს და ცხოვრებას სურვილების ქვეყანაში აგრძელებს.

სამყაროს დასასრულამდე

სანამ ბოლო, მეხუთე მუსიკალურ ამბავს შემოგთავაზებდეთ მინდათ დაფიქრდეთ ღირს კი ყოველ დღე ღელვა, ნერვების შლა, ერთმანეთზე გაბოროტება და ა.შ.

მოკლედ, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, გიყვარდეთ ხალხნო ერთმანეთი, თესეთ სიკეთე და ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

ესაც ამბავი მეხუთე…

10 ყოვლად არასექსუალური სიმღერა

ბევრი ადამიანი სექსის დროს მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთების
უმრავლესობა ალბათ აქტის დროს არცერთი შემდეგი სიმღერის მოსმენას არ ისურვებდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. მოკლედ ჩემი აზრით, სექსისთვის ყველაზე გამოუდეგარი 10 სიმღერა ასე გამოიყურება.

10.  Ray Parker Jr. – Ghostbuster, ყველაზე სექსუალური სიმღერა ამ სიაში. თუმცა, რთულია წარმოიდგინო სექსის დროს ამის მოსმენა, თუ რა თქმა უნდა ნერვიულად ან რითმულად თავს არ აქნევ სიმღერის თანხლებით. ასეთ შემთხვევაში გართობა გარანტირებულია, ორგაზმი ნაკლებად. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

09. Manowar – Hail and Kill , არ წარმომიდგენია ისეთი აქტის დროს რომელიც პოტენციურად ახალი არსების წარმოქმნას გულისხმობს, ასეთი სათაურის და შინაარსის სიმღერის მოსმენა.  თან გაოფლიანებული, ამერიკელი მილიტარისტი მუსიკოსების წარმოდგენა შუა აქტის დროს მაინდამაინც სექსუალური არ უნდა იყოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

08. Mr. Credo – Медляк, არ მიყვარს სიტყვა “გოიმური,” მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტყვის ხმარება უბრალოდ არასწორი იქნებოდა. სიმღერა შეიცავს ძალიან იაფფასიანი სიტყვებს, იმ 2 ლარიან “ბანბანერკას” ჰგავს ზედ ლიქიორი რომ ახატია და ისეთ ადამიანთან რომ მიგაქვს საერთოდ რომ არ გიყვარს.  დანარჩენს თავად მოუსმინეთ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

07. Gunther – Ding, ding, dong, ეს სიმღერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეიძლება სექსუალურად მოეჩვენოს რომელსაც სექსი არასდროს ჰქონია. ეს რომ ჩართოთ სიცილი და გართობა გარანტირებული გაქვთ, ოღონდ არანაირი სასიყვარულო აქტი არ გამოგივათ. რომანტიული საღამოს დასამთავრებლად ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

06. მიხაილ კრუგი – Владимирский централ , ამბობენ საქართველოს რესტორნებში ქურდული ხასიათის სიმღერები აკრძალესო. თუმცა, სახლში ასეთის მოსმენას ვერავინ აგიკგრძალავს, მითუმეტეს სექსის დროს. თუმცა, რა აუცილებელია ამის აკრძალვა, საღმა აზრმა წესით და რიგით ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

05. თემურ წიკლაური – გააჩერეთ დედამიწა, დამიჯერეთ, ამ სიმღერის წინააღდეგი არაფერი მაქვს, პირიქით მომწონს კიდევაც მისი ფილოსოფიური, ისტორიული თუ სოციალური ხასიათის გამო. მაგრამ ეს დიდაქტიკური სიმღერა ყოვლად უდროოა სექსუალური აქტის დროს. “ოდეს კაცად წოდებული, ახლა მხოლოდ ბარგი ვარ” – ეს არ არის  ის სიტყვები რომლის მოსმენაც ორგაზმის დროს კაცს შეიძლება უნდოდეს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

04. Ялла – Учкудук, არ გახსოვდათ არა? მოგონება ბავშვობიდან, არ ვარ დარწმუნებული რომ ამ ჯგუფს კიდევ აქვს რამე სხვა ჰიტი, მაგრამ “უჩკუდუკმა” სექსის დროს შეიძლება ყველაზე ჯანმრთელ კაცსას კი მოუღოს ბოლოს. უჩკუდუუუუუკ, ო არა! თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

03. დები იშხნელები – ყოველ სნეულობაზე, ვიცი, თავად სახელი “დები იშხნელები” ღიმილს იწვევს თქვენში, რა თქმა უნდა ამაზე სექსის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა რომ სიმღერა სიყვარულზეა. მაგრამ ალბათ მაინც სხვა სიყვარულზეა საუბარი და არა “ხვევნა კოცნა ტლაშატლუშზე.”ისე მართლაც, ასეთ სიმღერის მოსმენის დროს სიყვარული კეთება ნებისმიერ სნეულებაზე ძნელია. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

02. ლეილა თოდაძე – აფრები, კატასტროფა. დამიჯერეთ, ამ პოსტში ყოველი სიმღერის დაწერისას ფონად აღნიშნული სიმღერა მაქვს ჩართული, ამჯერად თითები არ მემორჩილებიან, ტვინი მებნედება, კლავიატურა მთვრალი ლეილასავით არ მემორჩილება და საერთოდ აზრებს ვერ ვალაგებ. სექსის დროს დარწმუნებული ვარ ვითარება ბევრად რთული იქნება, თუმცა ცდა არ მინდა. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

01. ტოქსი – ჩემი საძმო, ამ სიმღერამ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, ანუ “აფრებსაც” კი აჯობა. ამ სიმღერაზე არათუ სექსის, არამედ პარტნიორის კოცნა, საპირისპირო სქესის მიმართულებით გახედვა, სექსზე ფიქრი და საერთოდ უბრალოდ ფიქრიც კი არ შეიძლება. საერთოდ არაფერი შეიძლება ამას თუ უსმენ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც, რისი წარმოდგენაც პრინციპში ძალიან რთულია.

მე ვარ ბლოკნოტი, წამიკითხე

Для того чтобы что-то воспринять-надо положить всего себя на карту

– მერაბ მამარდაშვილი –


ბლოგის განახლება ძალიან მიყვარს ხოლმე, ამის გაკეთებას საკუთარი თავის გარდა არავინ მაძალებს, მე ვარ ამ ბლოგის ბატონ პატრონი, ან კიდევ ეს ბლოგია ჩემი ბატონ პატრონი, როგორც გენებოთ, მე მაინც ურთიერდაკავშირებული პროცესი მგონია.

ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე ხდებოდა ხოლმე ისე რომ ბლოკნოტებს მჩუქნიდნენ, ძირითადად ან დედაჩემი ან მამაჩემი, ხანდახან სხვებიც (ახლა კონკრეტულად გახსენება მიჭირს), თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა თუ რატომ ან ვინ მჩუქნიდა ამ ბლოკნოტებს. საქმე ისაა რომ როდესაც ახალ ბლოკნოტს მაძლევდნენ და მე ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ცარიელ სივრცეს ვხედავდი მაშინვე მიჩნდებოდა სურვილი რამე დამეწერა, რამე, ოღონდ რამე! სამწუხაროდ ჩემი სურვილი შესაძლებლობასთან ხშირად თანხვედრასთან არ მოდიოდა და მეც დაღონებული არ ვიცოდი რა მექნა, არ მომდიოდა არანაირი შთაგონება ან მუზა. მაგრამ, იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი, ვწერდი რაღაც აბსურდულს (ამ სიტყვას ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო გაგებით ვხმარობ) ან თითიდან გამოწოვილ ნააზრევს და ვკმაყოფილდებოდი:

რაღაც მაინც ვქენი, ახლა ბლოკნოტი ცოტა სხვანაირად გამოიყურება

– ასე ვფიქრობდი.

რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი რომ გამახსენდა ვიფიქრე: მოდი ერთ პოსტს რამე მაგდაგვარზე გავაკეთებ, სათაურად შევურჩევ “პოსტი პოსტისთვის” და თემასაც განვავრცობ.

შეიძლება ეს იდეა განმეხორციელა კიდევაც, მაგრამ გუშინ გადავიფიქრე, გადავიფიქრე იმის გამო რომ ერთ დოკუმენტურ ფულმს ვუყურე – კერძოდ კი დოკუმენტურს რომელიც მერაბ მამარდაშვილს ეძღვნებოდა და მასზე მოგვითხრობდა. ამ წერილის წინასიტყვაობაში გამოტანილი მერაბ მამარდაშვილის ფრაზა გახდა ჩემი ახალი იდეის მიზეზი, რომელზედაც შეპარვით საუბარი ამ წერილის პირველი სიტყვებიდან დავიწყე და აქვე ვაგრძელებ.

მაგრამ აქვე ნება მომეციეთ ცოტა გვერდზე დავდგე და წინასიტყვაობაში ფრაზის რუსული ვარიანტის დადების მიზეზი აგიხსნათ (ვინაიდანაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ინტერესდება: ერთი ფრაზის გადათარგმნა რა გახდაო?).  მოგეხსენებათ მამარდაშვილი რამდენიმე ენას ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ძირითადი სასაუბრო – რუსული ენა იყო, შესაბამისად ფილოსოფოსობასაც ის ამ ენაზე ეწეოდა. სამწუხაროდ მე არ ვარ ლინგვისტი და ჩემი მცდელობა გადამეთარგმნა ეს ფრაზა ქართულად დამთავრდებოდა კრახით, მიუხედავად მისი სიმცირისა ძალიან ადვილია თარგმნისას პოეზიაში ან ფილოსოფიაში დაკარგო აზრი.

დავუბრუნდეთ ძირითად თემას. დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი ფრანგი განმანათლებლის ფრაზა წავიკითხე, სამწუხაროდ აღარ მახსოვს რომლის კონკრეტულად და ასევე სამწუხაროდ არც ფრაზის სიზუსტეში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა:

“დურგალი აგრძელებს საკუთარ საქმეს, პიანისტი დაკვრას, პურის მცხობელი პურს აცხობს, მე კი ჩემს ნამუშევარზე მუშაობას ვაგრძელებ”

ბლოკნოტი იმისთვისაა რომ წერო, სახაზავი იმისათვის რომ სწორი ხაზი გაავლო, ბურთი იმისთვის რომ ითამაშო, წიგნი იმისთვის რომ წაიკითხო და
ა.შ. ამ სიის მაშტაბებიც გაზრდა ძალიან ადვილია – სასაცილო თემატიკიდან – სერიოზულამდე. მოკლედ ყველაფერს აქვს საკუთარი დანიშნულება. ყველაფერს და ყველას.

მოდით, ისევ მამარდაშვილს დავუბრუნდეთ, ის ამბობდა რომ ადამიანი არსებაა რომელიც სურვილს ეძებს, ყველაზე დიდი სურვილი კი სიცოცხლის სურვილია. სიცოცხლე არა უბრალოდ როგორც არსებობის ფორმა არამედ როგორც მოვლენა რომელიც შეგვიძლია განვიცადოთ. ადამიანს სურს გრძნობდეს საკუთარ თავს, საკუთარ მნიშვნელობას და გარკვეულწილად  იყოს სარგებლიანი.

ნება მომეცით გავაკეთო დასვნა:

სიცოცხლის ყველაზე დიდი სიამოვნებაა – აკეთებდე საქმეს რომელიც გიყვარს, აკეთებდე მას მთელი გულით და სულით და ამ ქმედებით სამყაროს რაღაცას მატებდე.

თუ ადამიანმა საყვარელი საქმე იპოვა ის ბედნიერი იქნება და ამ ბედნიერებით ის მხოლოდ დადებითის მომტანად იქცევა. ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ არაერთ “ზომბს” ხვდება, რამდენი ადამიანი ჩვენს ირგვლივ დაკავებულია ისეთი საქმით რომელიც მოსწონს და უყვარს? დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრად მეტია ისეთი რომელიც საკუთარ საქმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებს. დიახ, საყვარელი საქმის ქონა ფუფუნებაა და რთულია, მაგრამ რატომ უნდა იყოს სიცოცხლე მარტივი? საყვარელი საქმის პოვნა მარტივი არაა, არც უნდა იყოს მარტივი, ბედნიერებირისკენ ან დადებითი შედეგისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იოლი იყოს, წინააღდეგ შემთხვევაში ის გაუფასურდებოდა, მაგრამ სიცოცხლეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ რომ ასეთი საქმის პოვნაა.

ასე რომ, მე წერა, ან თუნდაც “ბლოგინგი” მიყვარს. შენ?

რატომ არ მიყვარს გლამური

“Вечер без любви, утро без обиды”

– Тату-

მე-19 საუკუნეში სიტყვა გლამური შელოცვას, აღნიშნავდა, რომლის შედეგადაც ადამიანს არწმუნებდნენ რომ ესა თუ ის ინდივიდი ან ნივთი ლამაზად გამოიყურება. დღესდღეობით ეს სიტყვა გულისხმობს არარეალურ და არაბუნებრივ სილამაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჰაიდი ლამარი გლამურის თვალსაჩინო წარმომადგენლად და ვარსკვლავად ითვლებოდა მან შემდეგნაირი ფრაზა წარმოთქვა: “ყველა გოგოს შეუძლია გლამურულად გამოიყურებოდეს, ერთადერთი რაც მას მოეთხოვება – იდგეს გაუნძრევლად და სახის შტერული გამომეტყველება მიიღოს.”

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქ მეგობრის გვერდზე ფოტო ალბომს ვათვარიელებდი, რომელიც საქართველოში გამართულ ერთ გლამურულ წვეულებას ეძღვნებოდა. ალბომი 100-ზე მეტ სურათს მოიცავდა, ამის მიუხედავად სადღაც მე-20 სურათის დათვარიელების შემდეგ მომწყინდა და მეც სხვა საქმით დავკავდი. მართალია დათვარიელება შევწყვიტე, მაგრამ გონებაში ნამდვილად ჩამრჩა და ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის წვეულებები საქართველოში და არა მარტო საქართველოში ხშირად ეწყობა ხოლმე, რამდენიმე ასეთზე ნამყოფიც კი ვარ, მაგრამ სიყალბის და არარეალურის შეგრძნების გარდა ასეთ შემთხვევებში ვერაფერს განვიცდი.

რატომღაც გლამური და თუნდაც ეგეთი ტიპის სურათები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს წინაპრების მიერ გადაღებულ სურათებს მაგონებს. ყველას გექნებათ ნანახი ასეთი სურათები – მთელი ოჯახოი სამეზობლო ან თუნდაც სანათესაო საგანგებოდ ემზადებოდა ამ მოვლენისთვის, ყველა სადმე სხდებოდა და სურათის გადაღებას ელოდებოდა. ცხადია ასეთი სურათები გარდა იმისა რომ ეს ადამიანები არსებობდნენ არაფერს გვეუბოდნენ მათ ხასიათზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას გლამური ასეთი ტიპის სურათებს შევადარო.

როგორც ჩანს სიტყვა გლამურმა პირვანდელი მნიშვნელობა ბოლომდე არ დაკარგა და დღესაც აგრძელებს თვალებში ნაცრის შეყრას. გლამური “ფშიკია”, რომელიც ადამიანებს აბრმავებს და სილამაზეზე ყალბ წარმოდგენას უქმნის. წარმოუდგენელია ყოველ დღიურ ცხოვრებაში ხვდებოდე გლამურს, ეს ხომ წინასწარ დადგმული სპექტაკლია, სადაც ქალები უნაკლოები არიან, კაცები განსაკუთრებით ელეგანტურები, გარემო კი წარმოუდგენლად მდიდრული და ლამაზი. სწორედ ამიტომ არის გლამური ყალბი, არარეალური და მიუხედავად იმისა რომ მას ნაკლი არ მოეძებნება ის მაინც საშინლად არაბუნერივია.

არსებობს კაცების დიდი რაოდენობა რომელიც ოცნებობს ქალზე ჟურნალის გარეკანიდან, რომლის პროპორციებიც 90-60-90 – ის შესაბამისია. ქალი – ოცნება, მშვენიერება პირდაპირი გაგებით. თუმცა, განა ასეთი უნდა იყოს ლამაზი ქალი? თუ ის ქალი რომელსაც არ აქვს იდეალური პროპორციები და მოდის კარნახით არ არის “შექმნილი” უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს? გლამური და მასს მოდა აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას სილამაზეზე, ყოველდღიურად გვახსენებს რა არის ლამაზი და როგორი უნდა იყოს გარემო ჩვენს ირგვლივ. თუმცა გლამურის შემქნელებს ავიწყდებათ რომ სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იდეალური არ არის, რომ მარწყვი რომელსაც იდეალური ფორმები აქვს და ხელოვნურად არის შექმნილი ხშირ შემთხვევაში უფრო უგემურია ვიდრე უფორმო ხილი, რომელსაც უბრალო გლეხები კრეფენ.

მიუხედავად სიყალბისა გლამური არსებობს, უამრავ ადამიანს იზიდავს, უქმნის არარელურ წარმოდგენას სილამაზეზე, ის ხომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, მიუხედავად არაპრაქტიკულობისა უამრავ ადამიანს სურს მოხვდეს გლამურის წვეულებაზე და ისე გამოიყურებოდეს როგორც მას ტელევიზორში აჩვენებენ. თუმცა ვინ იცის, იქნებ გავიდეს 100 – 200 წელი და გლამურულ როგორც რუდიმენტი დავიწყებას მიეცეს და ჩვენი წინაპრების ფოტოსურათების მსგავსად მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტად იქცეს, რომელიც კაცობრიობის შთმომავლობას მასში მონაწილეებზე არაფრის მომცემ წარმოდგენას შეუქმნის.

საქართველო მიყვარს, თუნდაც ჯინაზე

К. прибыл поздно вечером. Деревня тонула в глубоком снегу. Замковой горы не было видно. Туман и тьма закрывали ее, и огромный Замок не давал о себе знать ни малейшим проблеском света.

– Замок. Франц Кафка –


რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინსტიტუტში თუ უნივერსიტეტში (ჩვენთან იმდენი ინსტიტუტია თუ უნივერსიტეტი, რომ რთულია გაერკვიო რომელი რომელია) კინოჩვენებაზე ვიმყოფებოდი. ამ ინსტიტუტს თუ უნივერსიტეტს შეგნებულად არ დავასახელებ დისკრედიტაციის აცილების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია ერთი უწყინარი პოსტის გამო მას ეს მოუვიდეს. მოკლედ, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ დარბაზში კინოჩვენებაზე ვიმყოფებოდი, უფრო სწორედ კინოჩვენებაზე კი არადა, სიტყვათაშეთანხმება “მოკლე ჩანახატები” ალბათ ამ სანახაობას უფრო მოუხდება.

წარმოდგენილ ფილმებს რამდენიმე ავტორი ჰყავდა,  ავტორებმა გადაწყვიტეს ხუთ-ხუთ წუთიანი ვიდეო რგოლები გადაეღოთ, რომლებიც ერთი მეორეზე გაუგებარი იყო (ყოველშემთხვევაში ჩემთვის), ან კიდევ წარსულში ცნობილი ნამუშევრების გადამღერებას წარმოადგენდნენ. პირდაპირ ვიტყვი – არცერთი არ მომეწონა და იმ დღეს გატარებული საღამო ფუჭად მივიჩნიე. თუმცა, იმავე ჩვენებაზე მოხდა ღირშესანიშნავი რამ, ყოველი ჩანახატის მერე ჩვენებას წყვეტდნენ რათა შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი აზრი გამოეხატა. როგორც აღმოჩნდა შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი აზრი არ გააჩნდა ან კიდევ ხსენებული ფილმები არ აღძრავდნენ სურვილს რამე გამოეთქვათ. მორიგი ჩანახატის შემდგომ აუდიტორიას კითხვების დასმის მიზნით მიმართეს. ავტორი დაბნეული და ცოტათი დაძაბული იდგა, დარბაზში კი სიჩუმე იდგა, ხმის ამოღებას არავინ რისკავდა. ბოლოს და ბოლოს, ყველამ მზერა ერთ-ერთ ადამიანს მიაპყრო, რომელმაც ირონიული ტონით შემდეგი კითხვა დასვა: “საქართველო გიყვარს?”. როგორც ჩანს შეკრებილი აუდიტორია მეტწილად შინნაური იყო და კითხვაც შიდა წრეში გავრცელებულ ხუმრობას წარმოადგენდა იმიტომ, რომ ამ კითხვის შემდეგ “ფილმის” ავტორს გაეღიმა და ყველამ ერთბაშად სიცილი დაიწყო. სექტანტებს ჰგავდნენ, მოძღვარი, რომ რაღაც ყოვლად არასასაცილო ფრაზას წარმოთქვამს და ყველა ერთბაშად გამხიარულდება. ავტორმა რა თქმა უნდა არაფერი უპასუხა, კითხვის ავტორი კი კმაყოფილი საკუთარ სკამს დაუბრუნდა, ბედნიერი იმით, რომ ამ კითხვის მერე მისი ავტორიტეტი ერთი ორად გაიზარდა.

იმ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიის წარმომადგენლებს მეტწილად ვიცნობ, უბრალოდ ხანდახან ერთმანეთში მერევიან ხოლმე,  ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, 18 – 22 წლის არიან, მათი იდეოლოგიური მომხრეები დარბაზის გარეთაც ბლომად არიან და ამ თაობაში პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ითვლებიან, საკუთარ შეყვარებულს – შეყვარებულს არ უწოდებენ, პანკობენ (მაგრამ ხშირად ღმერთის სწამთ), ყველაფერი ევროპული (მეტწილად მუსიკა) უყვართ და ყველაფერი ქართული სძულთ, თუმცა პარადოქსს ის წარმოადგენს, რომ ქართული გვარები აქვთ ამ დროს.

ერთი ორჯერ შემთხვევით აზერბაიჯანულ არხზე აზერბაიჯანელი რეპერები ვნახე,  მახსოვს რომ ძალიან ვიხალისე და ბევრიც ვიცინე. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს,  მაგრამ იმ დღეს იმ დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდებმა სწორედ, რომ ის აზერბაიჯანელი რეპერები გამახსენეს და არა ბეგბედერი ან უელბეკი. იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი რეპერი არ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც ფრანგი ვაჟა ფშაველა, შეიძლება არსებობდეს ფრანგი უელბეკი და ქართველი შოთა რუსთაველი და არა პირიქით. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდები ამას ხვდებოდნენ.

როდესაც, რომელიმე განვითარებული, ან თუნდაც განუვითარებელი ქვეყნის წარმომადგენელი სადმე მოგზაურობს მას არ სურს დამახინჯებული ფორმით იმის ნახვა, რაც მის ქვეყანაში საკმარისადაა. მოგზაურობა ხომ იმიტომაა მოგზაურობა, რომ რამე ახლის ნახვა გინდა და არა ძველი, ბევრჯერ ნანახის გადამღერების. როდესაც ქმნი ხელოვნებას და ამ სფეროში მოღვაწეობ აუცილებელია ავთენტურობა გაგაჩნდეს, გაგაჩნდეს ფესვები – ის ფესვები, რომლებიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს და საბოლოო ნამუშევარში გამომჟღავნდება.

დავუბრუნდეთ ვაჟა ფშაველას,  შეიძლება ბანალური მაგალითია, მაგრამ ეს ბანალურობა გვახსნებეს იმას, რომ ერთი არაჩვეულებრივი სოფლელი, რომელიც გარე სამყაროს ისე არ იცნობდა როგორც ის 18-22 ახალგაზრდები მაინც მოგვევლინა გენიოსად. ვაჟას ფესვები გააჩნდა და ამ ფესვებს უფრთხილდებოდა, ესენი კი ჰოლანდიაში ნაყიდ ყვავილს ჰგვანან, რომლის გაზრდასაც ვიღაც განმხურის ბანაკში ცდილობს.

სამწუხაროდ (რა თქმა უნდა ჩემი მოკრძალებული აზრით) ეს 18-22 წლის ადამიანები საქართველოში მრავლად არიან და ასე ვთქვათ “პარადი” მიჰყავთ. საინტერესოა, რომ თქვა “საქართველო არ მიყვარს” ავტომატურად ნიშნავს ამ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას, აღარ არის საჭირო იკითხო წიგნები, მოუსმინო მუსიკას ან ნახო კარგი ფილმები. არადა, ყველამ ვიცით რომ ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ვერაფრით გამიგია რატომ უნდა ითვლებოდეს საკუთარი ქვეყნის გინება კარგ ტონად? ბოლოს და ბოლოს სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს,  რა საჭიროა? ეს ხალხი ზოგადად სისტემას, რომ ებრძოდეს ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ სამწუხაროდ ამაში ეჭვი ძალიან მეპარება  და რატომღაც მგონია, რომ ეს ხალხი რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, რომ ცხოვრობდეს იგივეს არ იტყოდა, კარგად შეეგუებოდა იმ ცხოვრებას და კრუასანების ხათრით რიგით სტატისტიკურ ერთეულად იქცეოდა,  მაგრამ ფრანგი მაინც ვერასდროს გახდებოდა, იმიტომ რომ საქართველო არ უყვარს და რა ქნას?