Tag Archives: სიცოცხლე

კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი

1990 წელს ვოიაჯერ 1-მა ჩვენს პლანეტას 6 მილიარდი კილომეტრის სიშორიდან სურათი გადაუღო. ამ სურათს “მკრთალი ლურჯი წერტილი” უწოდეს. 1994 წელს ასტროფიზიკოსმა კარლ სეიგანმა ეს სათაური საკუთარი წიგნის სახელწოდებაში გამოიყენა. ქვემოთ მოყვანილი ტექსტი წიგნის ნაწყვეტის ჩემეულ თარგმანს წარმოადგენს.

Pale_Blue_Dot

მკრთალი ლურჯი წერტილი [ნაწყვეტი]

შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ, ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და  შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა  და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და  გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი,  დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი,  ლიდერი,  წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა.

დედამიწა ძალიან პატარა სცენაა უკიდეგანო კოსმიური არენის პირობებში. დაფიქრდით სისხლის მდინარეებზე, რომლებსაც  სხვადასხვა გენერლები და იმპერატორები ღვრიდნენ,  მხოლოდ იმიტომ რომ დიდების და ტრიუმფის ძიებაში, ამ წერტილის პატარა ფრაგმენტზე წარმავალი ბატონობა მოეპოვებინათ.

 დაფიქრდით გაუთავებელ სისასტიკეებზე, რომლებსაც სჩადიოდნენ ამ წერტილის ერთი კუთხის მაცხოვრებლები მეორე კუთხის მაცხოვრებლებზე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდნენ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად არ ესმით მდგომარეობა, როგორ არიან მზად მოკლან ერთმანეთი, რამდენად მგზნებარენი არიან ისინი ერთმანეთის სიძულვილში. 

ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ მნიშვნელობაზე, ჩვენი ილუზია თითქოს სამყაროში განსაკუთრებული ადგილი გვიკავია – ყველაფერ ამას მკრთალ შუქზე მოციმციმე წერტილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა კოსმიური სიბნელის უკიდეგანო სივრცეში მარტოხელა ლაქას წარმოადგენს. ამ წყვდიადში და უსასრულობაში არ არის მინიშნება იმაზე რომ დახმარება, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან გადაარჩენდა, გარედან მოვა.

დედამიწა ერთადერთი ცნობილი პლანეტაა სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს ადგილი, სადაც ადამიანები დასახლებას შეძლებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში.  ვიზიტი შესაძლებელია. დასახლება – არა. მოგწონთ თუ არა, დღესდღეობით დედამიწა ის ადგილია, რომელსაც ვერ გავცდებით.

ამბობენ რომ ასტრონომია თავმდაბლობას და კეთილშობილებას გვასწავლის. ეს პატარა წერტილი სავარაუდოდ ყველაზე კარგად გვაგებინებს თუ რამდენად ამაოა ადამიანთა ამპარტავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთმანეთს უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაჩუქოთ, შევინარჩუნოთ და მოვუფრთხილდეთ ამ მკრთალ ლურჯ წერტილს. ის ხომ ჩვენი ერთადერთი სახლია!

 

Advertisements

შავი სარკე ტექნოლოგიური მონობის შესახებ მოგვითხრობს. მეორე სეზონი – სულ მალე

“იცხოვრე მეტი, იმოგზაურე მეტი, გააზიარე მეტი. გაიღიმე მეტი, მოიხმარე მეტი, გამოცადე მეტი…” – ამ და კიდევ სხვა რაღაცეების გაკეთებას მოგვიწოდებს ინგლისელი სატირიკოსის, სცენარისტის და პროდიუსერის ჩარლი ბრუკერის სერიალ “შავი სარკის” ახალი სეზონის ტრაილერი. თავიდან ტრეილერი შეიძლება ახალი მობილურის ან სხვა რომელიმე გაჯეტის რეკლამად მოგეჩვენოთ, თუმცა სულ მალე რგოლი მწარე სატირად გვევლინება, სატირად ახალ ტექნოლოგიებზე და ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანის გაუაზრებელ ქმედებებზე.

შავი სარკე პირველად ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. პირველი სეზონი სამიოდე სერიით შემოიფარგლა. სამ სერიას განსხვავებული სიუჟეტი, თუმცა ერთი თემა აერთიანებს. ეს არის სამი ისტორია მომავლიდან, სამყაროდან რომელიც არ არსებობს, ან უფრო სამყაროდან რომელმაც შეიძლება იარსებოს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სხვადასხვა სერიებში აღწერილი რეალობა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს თანამედროვე სამყაროს. მაგალითისათვის მეორე სერია, “Fifteen Million Merits,”  მოგვითხრობს სამყაროზე სადაც ადამიანი 24 საათი იმისთვის ვარჯიშობს (მუშაობს) რომ დაგროვილი ქულები გასართობად ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ რეალითი შოუს მონაწილეობისთვის დახარჯოს. მიუხედავად იმისა რომ ფილმის ავტორმა ბრუკერმა განაცხადა რომ არცერთი კონკრეტული რეალითი შოუ არ უგულისხმია, ფილმში აღწერილ გადაცემას და X-Factor – ს (ქართულ ანალოგად შეგვიძლია “ახალი ხმა” ჩავთვალოთ) შორის მსგავსება საეჭვოდ დიდია.

პირველი სეზონის მესამე სერია, “The Entire History of You” კი თავის მხრივ ისეთ მომავალს გვიჩვენებს სადაც პრაქტიკულად ყველა ადამიანს უნერგდება კამერა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იწერს. ასეთ პირობებში კი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის შეიძლება დავიწყებული ამბის გადახედვა, გადახვევა, დაპაუზება და ა.შ. ამ შემთხვევაში ანალოგი და მსგავსი კონცეპცია შეგვიძლია Facebook – ის თაიმლაინში აღმოვაჩინოთ.

არ გეგონოთ რომ პირველი სერია, “The National Anthem” დამავიწყდა. ამ ნაწილში არათუ უტოპოიური მომავალია აღწერილი, სადაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გამოგონებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას, არამედ მთავარ მოქმედ “ტექნოლოგიურ გმირად” ყველასათვის ჩვეული YouTube გვევლინება.

Black-Mirror-In-Memoriam-1

თავად ბრუკერმა თავისი სერიალი დაახლოებთ შემდეგნაირად აღწერა: “თუ ტექნოლოგია ნარკოტიკია და თუ ის ნარკოტიკივით მუშაობს, ამ შემთხვევაში რა გვევლინება გვერდით ეფექტებად? ჩემი ახალი სერიალი, შავი სარკე სწორედ რომ იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, სადაც ერთმანეთს აღფრთოვანება და დისკომფორტი ენაცვლებიან. ფილმის სათაური “შავი სარკე” –  მოვლენაა რომელსაც ყოველ კედელზე, ყოველ მაგიდაზე და ყოველ ხელისგულზე აღმოაჩენთ და რომელიც ტელევიზორის, მონიტორის ან სმარტფონის ცივი, კაშკაშა ეკრანის სახით გვევლინება”.

“შავი სარკე” სატირული, შოკის მომგვრელი, ნაღვლიანი, ზოგიერ შემთხვევაში სასაცილო, მაგრამ უფრო მეტად დამაფიქრებელი სერიალია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს და ხშირ შემთხვევაში ადამიანურ ბუნებას განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. “შავი სარკე” ეს ის სარკეა რომელშიც ჩახედვამაც შეიძლება შეგვაშინოს და თანამედროვე “ტექნოლოგიური” ცხოვრების ბევრი ასპექტი სხვანაირად დაგვანახოს.

პირველი სეზონის სამივე ფილმი ვერცერთი ტიპის მაყურებელს ვერ დატოვებს გულგრილს და ნებისმიერი სერიის ნახვის შემდგომ, საფიქრალს დიდი ხნით გაუჩენს. მათ კი ვისაც პირველი სეზონი უკვე ნანახი აქვს, ისღა დარჩენია ახალი სერიების გამოსვლას დაელოდოს.

სიკვდილის აუცილებელი სიმძიმე

კარგი ლიტერატურის აუცილებელი პირობა ავტორის გამოცდილებაა, ამიტომაც ყველაზე რთულია წერო სიკვდილზე, რადგანაც ასეთი გამოცდილება არცერთ ცოცხალ მწერალს არ ჰქონია და არც ექნება (თუ ემანუილ სვედენბორგის და მსგავსი ავტორების სავარაუდო ბოდვებს არ ჩავთვლით). ასეთი რომ ჰქონდეს ის სულაც არ იქნებოდა მკვდარი.

ქართულ ენაში აღნიშნულ სიტყვის სინონიმზე, ანუ გარდაცვალების ლეგიტიმურობაზე შეიძლება დავა. სიკვდილი აბსოლუტურია, ის თავისთავად წერტილია რომლის შემდეგ სულიერი საგანი არსებობას წყვეტს, გარდაცვალება კი შინაარსობრივად ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას უფრო აღნიშნავს ვიდრე განსაზღვრულ სასრულს.

ამიტომაც რა შეიძლება დაიწეროს სიკვდილზე და არა გარდაცვალებაზე, თუ ასეთის გამოცდილება არ გვაქვს? კითხვა თავისთავად რიტორიკულია და ამ წერილშიც ამ თემის ირგვლივ გამოხატული აზრები უფრო საკუთარ თავთან მსჯელობას, სოფისტურ განხილვას წარმოადგენს ვიდრე ჭეშმარიტების ძიების მცდელობას.

ცნობილი ლათინური გამონათქვამი Memento Mori მოგვიწოდებს გვახსოვდეს სიკვდილი, მაგრამ როგორ უნდა გვახსოვდეს ის რისი გამოცდილებაც არ შეიძლება გვქონდეს, როგორ უნდა გვახსოვდეს ის რაც არ ვიცით? ფრაზა  Memento Mori მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ლოგიკური და გასაგები თუ მას სიცოცხლეს, ანუ ყოველი ჩვენთაგანის გამოცდილებას დავუკავშირებთ, რომელიც პრაქტიკულად გვეუბნება “დააფასეთ და ჩაფიქრდით სიცოცხლეზე.”

ალბათ ყოველ ჩვენთაგანს სიცოცხლის განმავლობაში ჰქონია ორი სახის მოვლენა. პირველი მაგალითად, ასრულებთ ისეთ დავალებას რომელიც საერთოდ არ გეგულებათ, ასეთ დროს უზომოდ გსურთ დღე რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, და თქვენც იცით რომ ეს დღე დამთავრდება, ბოლოს ასეც ხდება.

მეორე სახის მოვლენა საპირისპიროა – სიტყვაზე თქვენ ატარებთ დღეს საყვარელ ადამიანთან და გსურთ რომ გატარებული საათები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება გვიან დამთავრდეს, მაგრამ თქვენ იცით რომ ეს შეუძლებელია და ეს დროც სრულდება.

ორივე აღნიშნულ მოვლენის ერთი რამ აქვს საერთო – სასრული, სიკვდილი.  ამ საერთოს გარეშე ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ იარსებებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რამის არსებობა შეუძლებელია თუ მას სასრული არ აქვს, სიცოცხლე სიცოცხლე ვერ იქნებოდა სიკვდილის გარეშე. ამიტომაც ვიძახით Memento Mori – ს, რომ შევახსენოთ საკუთარი თავს რომ ვარსებობთ, ვცოცხლობთ და მანამ სანამ ამ ფრაზის თქმა შეგვიძლია არ ვკვდებით.

უმრავლესობა ჩვენთაგანს სიკვდილი შორ, პრაქტიკულად არარსებულ მოვლენად წარმოუდგენია, ირონია იმაში მდგომარეობს რომ არსებითად ამ მოვლენაზე უფრო რეალური არაფერია და სწორედ მაშინ როდესაც ეს წამი დადგება ყოველი ჩვენთაგანი დაუპირისპირდება ყველაზე რთულ განსაცდელს, რომელიც არა შეუცნობადი სამყაროს გარდასახვაში, არა სამოთხის, ჯოჯოხეთის თუ სამუდამო არ არსებობის იმედის მოლოდინში, არამედ ერთ ბანალურ კითხვაში მდგომარეობს, “რა გავაკეთე ჩემთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში?” და თუ კითხვას დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხეთ და მშვიდად ვერ შეხვდით სიკვდილის, ესეიგი არც არასდროს გიცოცხლიათ და არც სიკვდილის გამოცდილება გეღირსებათ.

მათემატიკურად ზუსტი, კოსმიურად ლამაზი

ბმულები. კოსმოსივით ლამაზი და მათემატიკურად ზუსტი.

ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებაც კი ცვლის მომავალს. ყოველი ჟესტი, ყოველი მოძრაობა, ჩვენი სასრული, უსასრულო კომბინაციების ერთობლიობას წარმოადგენს.

ყოველი აწმყო, წარსული ქმედებების პირმშოა.

ამონარიდი კინო ფილმიდან “127 საათი”

“იცით, მე ვფიქრობდი. ყველაფერი… ყველაფერი დაკავშირებულია. ჩემი არჩევანია. მე ავირჩიე ეს ყველაფერი.  ეს კლდე, ეს ქვა… ეს ქვა მთელი ცხოვრება მელოდებოდა. ლოდინი დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მეტეორიტს წარმოადგენდა, მილიონი, მილიარდი წლის წინ.  კოსმოსში. მანდ მელოდებოდა. მელოდებოდა, რომ აქ შემხვედროდა. მე მისკენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მივილტვოდი. ეს ყველაფერი წამმა განსაზღვრა, წამმა როდესაც დავიბადე. ყოველ ახალ ამოსუნთქვას, ყოველ ჩემი ქმედებას ამ ქვისკენ მივყავდი.”

ბმულების ერთმანეთთან დაკავშირება მიყვარს ხოლმე. კარგი გასართობია და ტვინის სავარჯიშო. თქვენც შეგიძლიათ. აირჩიეთ ნებისმიერი მონაკვეთი თქვენ ცხოვრებაში, მაგალითად აწმყო და დაფიქრდით რამ მოგიყვანათ აქამდე.

ხშირად, ბმულების სახით ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს და დავიწყებულ ადამიანებს აღმოაჩენთ.

იმიტომ რომ კოსმიურად ლამაზია და მათემატიკურად ზუსტი.

ამ წერილის დაწერა, ერთ-ერთ ასეთმა ანალიზმა გადამაწყვეტინა. გლაზგოს ქუჩებში, უნივერსიტეტში მიმავალი ვფიქრობდი როგორ მოვხდი აქ, ამ უნივერსიტეტში? ვინ მომიყვანა. “ბმულ ადამიანებზე” ვფიქრობდი.

რომ არა, ვინმე მარტა პოლონეთიდან რომელიც 2 წლის წინ გლაზგოში “couchsurfing-დან” გავიცანი ვერასდროს გადავწყვეტდი კალედონიის უნივერსიტეტში საბუთების ჩაბარებას.

რომ არა, ვინმე უინსტონი, რომელმაც “couchsurfing-ზე” დარეგისტრირება ლონდონში დასარჩენი ადგილის საპოვნელად მირჩია ვერასდროს გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

რომ არა, ვინმე სტეფანი რომელმაც უინსტონთან გასაუბრებაზე მისვლა მირჩია, ვერასდროს გავიცნობდი ვინმე უინსტონს, შესაბამისად არ დავრეგისტრირდებოდი “couchsurfing-ზე” და არ გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

რომ არა, ფელიქსი რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ინსტიტუტში ჩაბარება მირჩია, ვერასდროს გავიცნობდი ვინმე სტეფანის რომელიც მასწავლიდა და შესაბამისად ვერასდროს გავიცნობდი ვინმე უინსტონს და შესაბამისად ვერასდროს დავრეგისტრირდებოდი “couchsurfing-ზე” და ვერ გავიცნობდი ვინმე მარტას პოლონეთიდან.

და რაც მთავარია, რომ არა ეს ყველაფერი, ამ წერილს ახლა და ამ ღამეს არ დავწერდი. მართლაც, რომ Everythng is illuminated.

ასეა და ამრიგად. ამ ადამიანებთან სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით წელიწადში ერთხელ-ორჯერ ვლაპარაკობ, ხანდახან ნაკლებსაც, მაგრამ სწორედ რომ მათი დამსახურებაა ჩემი აწმყოს ამგვარი განვითარება.

მათ შეიძლება ამის შესახებ არც კი იცოდნენ. ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში არსებობენ “ადამიანი ბმულები” და ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომავლის განვითარებაში.

ასეა და ამრიგად, იმიტომ რომ კოსმიურად ლამაზია და მათემატიკურად ზუსტი.

მე მარტივი ბმულების მაგალითი მოვიყვანე. არსებობს უფრო რთულიც, ასეთები არ გვახსოვს ხოლმე, მეხსიერებაა ასე მოწყობილი. მაგრამ საკმარისია ერთ-ერთი ყველაზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ბმული ამოვარდეს და ჩვენი აწმყო და მომავალი უკვე სხვაა, იმიტომ რომ მათემატიკურად ზუსტია და კოსმოსივით ლამაზი.

НЕВЕДОМОЕ

Луна не знает, что она луна,
     И светится, не ведая об этом.
     Песок песку непостижим. Предметам
     Не осознать, что форма им дана.
     Не сходен мрамор выщербленной гранью
     Ни с отвлеченной пешкой, ни с рукой,
     Ее точившей. Вдруг и путь людской,
     Ведущий нас от радости к страданью, --
     Орудие Другого? Он незрим.
     Здесь не помогут домыслы о Боге,
     И тщетны колебания, тревоги
     И плоские мольбы, что мы творим.
     Чей лук стрелой, летящею поныне,
     Послал меня к неведомой вершине?
     Х. Л. Бохес

მე ვარ ბლოკნოტი, წამიკითხე

Для того чтобы что-то воспринять-надо положить всего себя на карту

– მერაბ მამარდაშვილი –


ბლოგის განახლება ძალიან მიყვარს ხოლმე, ამის გაკეთებას საკუთარი თავის გარდა არავინ მაძალებს, მე ვარ ამ ბლოგის ბატონ პატრონი, ან კიდევ ეს ბლოგია ჩემი ბატონ პატრონი, როგორც გენებოთ, მე მაინც ურთიერდაკავშირებული პროცესი მგონია.

ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე ხდებოდა ხოლმე ისე რომ ბლოკნოტებს მჩუქნიდნენ, ძირითადად ან დედაჩემი ან მამაჩემი, ხანდახან სხვებიც (ახლა კონკრეტულად გახსენება მიჭირს), თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა თუ რატომ ან ვინ მჩუქნიდა ამ ბლოკნოტებს. საქმე ისაა რომ როდესაც ახალ ბლოკნოტს მაძლევდნენ და მე ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ცარიელ სივრცეს ვხედავდი მაშინვე მიჩნდებოდა სურვილი რამე დამეწერა, რამე, ოღონდ რამე! სამწუხაროდ ჩემი სურვილი შესაძლებლობასთან ხშირად თანხვედრასთან არ მოდიოდა და მეც დაღონებული არ ვიცოდი რა მექნა, არ მომდიოდა არანაირი შთაგონება ან მუზა. მაგრამ, იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი, ვწერდი რაღაც აბსურდულს (ამ სიტყვას ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო გაგებით ვხმარობ) ან თითიდან გამოწოვილ ნააზრევს და ვკმაყოფილდებოდი:

რაღაც მაინც ვქენი, ახლა ბლოკნოტი ცოტა სხვანაირად გამოიყურება

– ასე ვფიქრობდი.

რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი რომ გამახსენდა ვიფიქრე: მოდი ერთ პოსტს რამე მაგდაგვარზე გავაკეთებ, სათაურად შევურჩევ “პოსტი პოსტისთვის” და თემასაც განვავრცობ.

შეიძლება ეს იდეა განმეხორციელა კიდევაც, მაგრამ გუშინ გადავიფიქრე, გადავიფიქრე იმის გამო რომ ერთ დოკუმენტურ ფულმს ვუყურე – კერძოდ კი დოკუმენტურს რომელიც მერაბ მამარდაშვილს ეძღვნებოდა და მასზე მოგვითხრობდა. ამ წერილის წინასიტყვაობაში გამოტანილი მერაბ მამარდაშვილის ფრაზა გახდა ჩემი ახალი იდეის მიზეზი, რომელზედაც შეპარვით საუბარი ამ წერილის პირველი სიტყვებიდან დავიწყე და აქვე ვაგრძელებ.

მაგრამ აქვე ნება მომეციეთ ცოტა გვერდზე დავდგე და წინასიტყვაობაში ფრაზის რუსული ვარიანტის დადების მიზეზი აგიხსნათ (ვინაიდანაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ინტერესდება: ერთი ფრაზის გადათარგმნა რა გახდაო?).  მოგეხსენებათ მამარდაშვილი რამდენიმე ენას ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ძირითადი სასაუბრო – რუსული ენა იყო, შესაბამისად ფილოსოფოსობასაც ის ამ ენაზე ეწეოდა. სამწუხაროდ მე არ ვარ ლინგვისტი და ჩემი მცდელობა გადამეთარგმნა ეს ფრაზა ქართულად დამთავრდებოდა კრახით, მიუხედავად მისი სიმცირისა ძალიან ადვილია თარგმნისას პოეზიაში ან ფილოსოფიაში დაკარგო აზრი.

დავუბრუნდეთ ძირითად თემას. დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი ფრანგი განმანათლებლის ფრაზა წავიკითხე, სამწუხაროდ აღარ მახსოვს რომლის კონკრეტულად და ასევე სამწუხაროდ არც ფრაზის სიზუსტეში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა:

“დურგალი აგრძელებს საკუთარ საქმეს, პიანისტი დაკვრას, პურის მცხობელი პურს აცხობს, მე კი ჩემს ნამუშევარზე მუშაობას ვაგრძელებ”

ბლოკნოტი იმისთვისაა რომ წერო, სახაზავი იმისათვის რომ სწორი ხაზი გაავლო, ბურთი იმისთვის რომ ითამაშო, წიგნი იმისთვის რომ წაიკითხო და
ა.შ. ამ სიის მაშტაბებიც გაზრდა ძალიან ადვილია – სასაცილო თემატიკიდან – სერიოზულამდე. მოკლედ ყველაფერს აქვს საკუთარი დანიშნულება. ყველაფერს და ყველას.

მოდით, ისევ მამარდაშვილს დავუბრუნდეთ, ის ამბობდა რომ ადამიანი არსებაა რომელიც სურვილს ეძებს, ყველაზე დიდი სურვილი კი სიცოცხლის სურვილია. სიცოცხლე არა უბრალოდ როგორც არსებობის ფორმა არამედ როგორც მოვლენა რომელიც შეგვიძლია განვიცადოთ. ადამიანს სურს გრძნობდეს საკუთარ თავს, საკუთარ მნიშვნელობას და გარკვეულწილად  იყოს სარგებლიანი.

ნება მომეცით გავაკეთო დასვნა:

სიცოცხლის ყველაზე დიდი სიამოვნებაა – აკეთებდე საქმეს რომელიც გიყვარს, აკეთებდე მას მთელი გულით და სულით და ამ ქმედებით სამყაროს რაღაცას მატებდე.

თუ ადამიანმა საყვარელი საქმე იპოვა ის ბედნიერი იქნება და ამ ბედნიერებით ის მხოლოდ დადებითის მომტანად იქცევა. ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ არაერთ “ზომბს” ხვდება, რამდენი ადამიანი ჩვენს ირგვლივ დაკავებულია ისეთი საქმით რომელიც მოსწონს და უყვარს? დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრად მეტია ისეთი რომელიც საკუთარ საქმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებს. დიახ, საყვარელი საქმის ქონა ფუფუნებაა და რთულია, მაგრამ რატომ უნდა იყოს სიცოცხლე მარტივი? საყვარელი საქმის პოვნა მარტივი არაა, არც უნდა იყოს მარტივი, ბედნიერებირისკენ ან დადებითი შედეგისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იოლი იყოს, წინააღდეგ შემთხვევაში ის გაუფასურდებოდა, მაგრამ სიცოცხლეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ რომ ასეთი საქმის პოვნაა.

ასე რომ, მე წერა, ან თუნდაც “ბლოგინგი” მიყვარს. შენ?

შორს რეალობისგან, ანუ რეალური აბსტრაგირება

– სამყარო ჭადრაკის დაფაა, რომლითაც თოთო ბავშვი ერთობა –

– ფილიპ დიკი –

ღმრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით, ცოტა ხნით თვალები დახუჭეთ,  რომ გაახელთ ამის წასაკითხად მოემზადეთ. ხელს არაფერი უნდა გიშლიდეთ, განთავისუფლდით დაძაბულობისგან და კუნთები ბოლომდე მოადუნეთ.

ახლა კი წარმოიდგინეთ: გადატვირთულ ქუჩაში დგახართ, უამრავი ხალხია, ყველა სადღაც
ჩქარობს, გზაზე უამრავი მანქანაა, ერთმანეთს მოძრაობაში უსწრებენ, უსიგნალებენ, ყველას ეჩქარება, მანქანებსაც და ადამიანებსაც, ქუჩაში იმდენი მანქანაა და ადამიანი, რომ ერთი წამით თქვენ ფიქრობთ რომ სუნთქვა გიჭირთ. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკურად მანდ ხართ, მაგრამ სულიერად, გონებით სადღაც შორს, თქვენ იმ სამყაროს არ ეკუთვნით, მარტო ხართ და მას დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებით. შორს ხართ…

დარწმუნებული ვარ ასეთი შეგრძნება ბევრ თუ არა ზოგიერთ თქვენთაგანს მაინც ექნებოდა, აბსურდის და იმ აუტანელი კომიკურობის შეგრძნება, რომელიც ჩვენს სამყაროს თან სდევს, რა თქმა უნდა ადამიანების სამყაროს ვგულისხმობ.

დავუბრუნდეთ ქუჩას, განზე დგახართ და თქვენ სახეზე ღიმილია აღბეჭდილი, გეღიმებათ, ღიმილი ცოტა ხანში სიცილში, სიცილი კი ხარხარში გადაგდით. თქვენ ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სადღაც ჩქარობენ, ყველას თავისი გასჭირვებია, თითოეულს საფიქრალი აქვს, გადაუდებელი საქმეები. წამით, თქვენს წარმოსახვაში ცხოვრებას აჩერებთ, ყველა მანქანა, ადამიანი და ბუნებრივი მოვლენა გაჩერებული და გაყინულია.  ფიქრებში უფრო ღრმად მიდიხართ, წარმოიდგენთ სამყაროს უსასრულობას, იმ კომბინაციების ულევ რაოდენობას რომელიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს. შემდეგ გეცინებათ ადამიანთა მოგონილ სამყაროზე და მის აბსურდულობაზე; ადამიანებმა წესრიგი, კანონი, სახელმწიფოები, რელიგიები, იდეები და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ მოიგონეს. შედარებით უწყინარ გამოგონებიდან უფრო რთულ და ტრაგიკულ მოვლენებისკენ მიდიხართ: ომებისკენ, რომლებსაც კვლავ ადამიანები იგონებდნენ, სამყაროს სიდიდის გათვალისწინებით წარმოიდგენთ ომების აბსურდულობას და ადამიანის უკიდეგანო იდიოტიზმს.

ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ქუჩას უნდა დაუბრუნდეთ.

გახსენდებათ ქვეყნის მართველები, რომლებიც საკუთარ თავზე ადამიანების ბედით მართვას იღებენ, გახსენდებათ ასევე ის უპასუხისმგებლობა რომლითაც ისინი ამ საქმეს მიუძღვიან. ”თამაშია” – ფიქრობთ – ”კარგად მოფიქრებული თამაში”. მოგვიანებით კვლავ სამყაროს უსასრულო სივრცე გახსენდებათ და მას ადამიანის ძალაუფლებასთან ადარებთ. გეცინებათ, ხარხარებთ. მანქანები კვლავ აგრძელებენ მოძრაობას, ადამიანებს კვლავ ეჩქარებათ, სახეზე ძალიან სერიოზული გამომეტყველება აქვთ, თითქოს რამეს წყვეტდნენ. თამაშია, თამაშის წესი მოითხოვს თქვენც სერიოზული სახე მიიღოთ და მასში მონაწილეობა მიიღოთ, ყოველგვარი აბსტრაქცია და აბსურდის ახსნის მცდელობა ისჯება საზოგადოებიდან მოკვეთით.

ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ… არ დაიგვიანოთ.

მუსიკა განწყობისთვის