Tag Archives: ტარანტინო

რა ახდენს გავლენას ჩვენზე? ანუ, გავუზიაროთ ერთმანეთს ზღაპრები

ადამიანი კრეატიული არსებაა, ეს ფაქტია, აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი მეტნაკლებად შემოქმედია და პოტენციურად შეუძლია რამე ახალი მოიგონოს, შექმნას და ა.შ.

მაგრამ ორიგინალური იდეის თუ პროდუქტის შექმნის პროცესში აუცილებელი პირობაა ფლობდე გარკვეულ ცოდნას. მოდით ასე ვთქვათ, ყოველი ახალი ქმნილება ეფუძნება წარსულში დაგროვილ გამოცდილებას.

სიცოცხლის განმავლობაში ყოველი ჩვენთაგანი განიცდის გავლენას, გავლენას წაკითხული, ნანახი, გაგონილიდან და ა.შ. ჩვენი ქვეცნობიერი თავისებური ბანკია რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ქმნის ახალს.

ისიც მართალია რომ მაგალითად რამე ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეს ტექსტი გარკვეულწილად შენი ხდება, აცოცხლებ, სხვებს გადასცემ, სხვები იმახსოვრებენ ან მთლიანად ან კი ნაწილ-ნაწილ, და თავის მხრივ გადასცემენ სხვებს. ლამაზი პროცესია რომელიც პოტენციურად შეიძლება მანამ გაგრძელდეს სანამ ადამიანი არსებობს.

ამ პოსტში შევეცდები ვისაუბრო იმაზე თუ რამ იქონია გავლენა ჩემზე პირადად, განსაკუთრები ადრეულ ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრი რამ გამომრჩება, მოგვიანებით სხვა მაგალითები გამახსენდება და ალბათ ვინანებ კიდევაც. საინტერესო იქნება თუ ამ იდეას სხვა ბლოგერებიც გააგრძელებენ და საკუთარ ამბავს მოჰყვებიან.

მაშ ასე რამ იქონია ჩემზე გავლენა?

ენა – ქართული, რუსული, ინგლისური. 

ალბათ შეიძლება იმის თქმა რომ ორი მშობლიური ენა გამაჩნია, ქართული და რუსული. ლაპარაკი და მოგვიანებით კითხვა და წერა ამ ორ ენაზე ერთდროულად დავიწყე. ინგლისურის სწავლა 5 წლის ასაკში დავიწყე. ყოველდღიურად მიწევს ამ სამ ენაზე საუბარი, კითხვა, წერა და აზროვნება (ჩემი ვარაუდით 40/40 პროცენტით ნაწილდება ქართულის და რუსულის შემთხვევაში, დანარჩენი 20 ინგლისურს უწევს). ბავშობაში ნაკლებად, მაგრამ შეგნებულ ასაკში ენის ფენომენით დავინტერესდი, ენის და კულტურის ერთობლიობით, მისი სიცოცხლისუნარიაობით და სხვადასხვა ენების (კულტურის) თავისებურებით.

კინო

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ბავშვობიდან  “კუ ნინძების” ეკრანიზაციაა, მიუხედავად იმისა რომ ფილმი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი ჩემი მშობლები დიდი ხანი ცდილობდნენ ჩემს დაწყარებას ეკრანზე უზარმაზარ (ჩემი მაშინდელი წარმოდგენით) კუ ნინძების და განსაკუთრებით მათი მასწავლებლის, ვირთხის ნახვის შემდგომ.

ასევე ბავშვობის მკაფიო მოგონებაა, “ქორწინება იტალიურად.” ფილმს მამაჩემთან და ბაბუაჩემთან ერთად ვუყურებდი, კარგად მახსოვს იმ ღამის პრაქტიკულად ყველა დეტალი, მიზეზი ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმა – ბაბუაჩემს ფილმის ყურებისას ჩაეძინა და გული გაუჩერდა.

მოგვიანებით კინომ გამიტაცა. მეტწილად ტელევიზორში ნანახ ფილმებმა, ისევე როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად”ტელევიზორს მიმსხდარ” თაობად შეიძლება იწოდონ, დღეებს ფილმების ყურებაში ვატარებდი.

კიდევ ერთი მოგონება… სექსის დროს თვალებზე ხელის აფარების თხოვნა, რომელიც დაუყონებლივ სრულდებოდა და მხოლოდ ყველაზე გაბუდულების და უშიშრების შემთხვევაში ირღვეოდა თითებს შორის სპეციალურად შექმნილი ნაპრალით.

ფილმებს რა თქმა უნდა სპონტანურად, რეჟისორის, მსახიობის თუ დამაინტრიგებელი შინაარსის არ ცოდნით ვუყურებდი. უფრო სერიოზულად კი მოგვიანებით დავინტერესდი.

დაინტერესების შემდგომ აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს შემდეგი რეჟისორები, ფატიჰ აკინი, ანდრეი ტარკოვსკი, პიტერ ვეირი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ინგმარ ბერგმანი, ალეხანდრო ამენაბარი, ქვენთინ ტარანტინო, ვუდი ალენი და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ სავარაუდოდ ჩემზე გავლენა იმ რეჟისორებმაც მოახდინეს რომლებიც ნაკლებად მომწონს, მაგრამ ჯიუტად ვუყურებ, ასეთებს, ლარს ფონ ტრიერი, დარენ არანოფსკი, ანდრეი მიხალკოვი, ნაით შიამალანი, ბრიან დე პალმა წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა ხსენებული რეჟისორების გარდა სადღაც ქვეცნობიერში “ტონობით” სხვა ფილმებია ჩარჩენილი და ისინიც დაუღალავად ახდენენ გავლენას ჩემს ცნობიერებაზე.

მუსიკა 

ძალიან პატარა რომ ვიყავი და ბიძაშვილის ოთახში მუსიკალური ცენტრი და საკმაოდ კარგი “ხმა” აღმოვაჩინე, გავიკვირკვე, რა ფუჭი საქმიანობაა თქო მუსიკის მოსმენა. სულ რაღაც ორ თუ სამ წელიწადში კი ასეთი ცენტრის ქონაზე თავად დავიწყე ოცნება. ყველაფერი მაინც ალბათ ბიტლზით დაიწყო, მეგობრის მიერ კასეტაზე ჩაწერილი “სბორნიკი,” რომელსაც პრაქტიკულად ყოველ ღამით, ძილის წინ ვრთავდი და სიმღერის ფონზე ოცნებას ვიწყებდი.

მერე იყო ქუინი და ფრედ მერკური. დანარჩენს ჩემს ძმასთან ერთად სპონტანურად რადიოდან ვიწერდით, სიმღერების უმეტესობა რა თქმა უნდა ნაწილობრივ იყო ჩაწერილი და ზოგი შუაში სარეკლამო ტიხრით წყდებოდა. არც ჯგუფების და შემსრულებლების სახელები ვიცოდით ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ რომ სპონტანურად ჩაწერილთა რიგებში აღმოჩნდენ, პეტ შოპ ბოისი, როქსეტი, ბიჩ ბოისი, ეუროტმიკსი, ა.შ. და ა.შ.

მერე იყო კომპაქტ დისკებით გადატეცება და კოლექციის შექმნის მცდელობა, მაშინ ყოველ კვირას ყველაზე ნაკლებ ერთ დისკს ვყიდულობდი და კოლექციას ვმატებდი. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ ვის/რას უსმენ დაუყონებლივ ვუპასუხებდი და პრობლემის გარეშე 10 შემსრულებელს მაინც დავასახელებდი. მაგრამ, დღეს როდესაც მუსიკის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან ტონობითაა შესაძლებელი შენც ნებაუნებლიეთ ამ უკიდეგანო სივრცეში იკარგები და წესირ პასუხს ვეღარ სცემ, ამიტომაც მეც ამ კითხვას აქ გარკვეულწილად პასუხგაუცემელს დავტოვებ.

ლიტერატურა, წიგნები

ალბათ მაინც ზღაპრების კითხვით დავიწყე, მქონდა ასეთი წიგნი, “სკაზკი ნაროდოვ სსრ” და მეც გულმოდგინეთ ვკითხულობდი, შეიძლება გეოგრაფიითაც პირველად მაშინ დავინტერესდი რადგანაც წიგნის სარჩევი გეოგრაფიულად, რესპუბლიკების მიხედვით იყო განაწილებული. მეც რომელიმე ყირღიზული ზღაპრის წაკითხვის შემდეგ კმაყოფილი ვსვამდი “პტიჩკას” სარჩევში და სიამაყით ჩემთვის იმას ავღნიშნავდი რომ ერთი ზღაპრით მეტი ვიცი.

ძალიან მიყვარდა ანდერსენი, ძალიან კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი ზღაპრები ჰქონდა, ევროპას სავარაუდოდ სწორედ რომ ანდერსენის დამსახურებით ვეზიარე პირველად.

ზღაპრების მერე იყო ჩეხოვი, ჩეხოვის “კაშტანკა.” მიუხედავად იმის რომ ჩემი ძმისგან განსხვავებით ცხოველების დიდი სიყვარულით არასდროს განვსხვავდებოდი ამ ნაწარმოებმა შემძრა და განმაცდევინა. მერე კი იყო, ყველაფერი დანარჩენი. ჩეხოვი, დიკენსი, სკოტი, სტივენსონი, დიუმა (მამა), კუნდერა, ბორხესი, მურაკამი, მარკესი, მილერი, როტი, გროშეკი და ა.შ. კომპაქტ დისკების ყიდვასთან ერთად კი წიგნების შეძენაც ერთგვარ ჰობიდ იქცა.

სხვა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა ჩემზე გავლენა, მაგრამ ამაზე სხვა დროს… თქვენ რას მეტყვით?

Advertisements

5 ფილმი რომელიც არასდროს მინახავს

ყველას გვაქვს ფილმების სია რომლებიც არ გვინახავს. სია რომლების ნახვაც დიდი ხანია გვსურს, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო ამის გაკეთებას ვერა და ვერ ვახერხებთ.

ხან არ გვცალია, ხან დროს ვერ ვპოულობთ, ხანაც უბრალოდ სათანადო განწყობაზე არ ვართ…

ზოგჯერ გაკვირვებული ვიღაცამ შეიძლება გვკითხოს კიდევაც, “როგორ? არ გინახავს? შენნაირ კინომოყვარულს?” ჩვენ ისღა დაგვრჩენია მხრები ავიჩეჩოთ, გავიღიმოთ და განვაცხადოთ, “აუცილებლად ვნახავ.”

მოკლედ, წარმოგიდგენთ 5 ფილმს ჩემ სიაში…

La Gifle 

მთავარ როლებში იზაბელ აჯანი, ლინო ვენტურა და ანი ჟირარდო. სულ რაღაც 18 წლის აჯანი ახალგაზრდა მეამბოხის როლს ასრულებს…

Get Carter

ქვენთინ ტარანტინომ ამ ფილმს საუკეთესო ბრიტანული ფილმი უწოდა. ზოგი კინო კრიტიკოსის აზრით იმდროინდელ ბრიტანულ კინოინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგანაც მაყურებელმა პირველად იხილა “ინტელექტუალური” ფილმი განგსტერებზე.   

Hotel Rwanda

imdb.com – ის რეიტინგის მიხედვით ყველა დროის საუკეთესო 50 ფილმის სიაში შედის.  ნამდვილ მოვლენაზე დაფუძნებული დრამა მოგვითხრობს გენოციდზე რუანდაში.

Yol

თურქული ფილმი “გზა” მოგვითხრობს სირთულეებზე რომლის გადატანაც ფილმის მთავარ პერსონაჟებს უწევთ. “ოქროს პალმის რტოს მფლობელი.

American Bufallo

მთავარ როლებში დასტინ ჰოფმანი და დენის ფრანცი. ადაპტირებული სპექტაკლი რომელშიც მონაწილეობას სულ სამი პერსონაჟი იღებს.

     

Sexy, wild, aggresive, poetic… just like Tarantino movies you know

ოდესმე კინოთეატრიდან გამოსულს თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც ახლის გაკეთების სურვილი გაგჩენოდათ, უაღრესად შთაგონებულად გრძნობდეთ თავს და სიცოცხლესთითქოს ახალი რითმით იწყებდეთ? თუ კი, ესეიგი წარმატებულ და კარგ ფილმს უყურეთ. ჩემთვის ასეთი ფილმის ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორი ორიგინალური სიუჟეტი და მაშასადამე სამყაროა რომელიც ამა თუ იმ სურათით იქმნება.
ჯეიმს კამორენის “ავატარი” რომ ვნახე და კინოთეატრიდან რომ გამოვედი გავიფიქრე “რა ბანძი გრაფიკა გვაქვს დედამიწაზე.” კამერონის ფილმმა სამი საათით სულ სხვა სამყაროში მომახვედრა და ისე მომაწონა გამოგონილი არსებები, რომ რაღაც პერიოდით ისიც კი დამავიწყდა რომ ადამიანი ვარ. კარგი ფილმის ცუდისგან ერთ-ერთი გამომრჩეველი ფაქტორი სწორედ რომ სხვა აურის შექმნაა, ისეთი გარემოსი რომელიც შენს ყოველდღიურ პრობლემებს გავიწყებს და გმირებთან გარკვეული დროით სიცოცხლეს გაწყებინებს. ამ შემთხვევაში მარტო ფანტასტიკა და ირაციონალური სამყაროს მატარებელი ფილმები არ იგულისხმება, ასეთი ფილმების სიაში შეიძლება ნეო რეალიზმიდან დაწყებული საშინელებათა ჟანრით დამთავრებული ყველაფერი აღმოჩნდეს.

ავატარის გარდა მსგავსი შეგრძნება ბოლო დროს ნანახი ფილმებიდან
“დასაწყისზე” დამემართა, ამ ფილმმა მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი მაღიარებინა და მისი სხვა ფილმების სურვილიც გამიჩინა. კინო ხომ სხვა სამყაროა, არა ისეთი როგორიც ჩვენი ცხოვრებაა, სხვანაირია, აქ რეჟისორია ღმერთი და მას ძალუძს ახალი სამყაროს შექმნა, სწორედ რომ ის ფლობს თიხას რომლისგანაც ყველაფრის რაც კი მოესურვება გამოწერწვა შეუძლია.
არსებობენ რეჟისორები რომლებსაც საკუთარი ხელწერა გააჩნიათ და რომლებიც სხვებისგან ადვილად გამოსარჩევები არიან. ერთ-ერთი ასეთი ტარანტინოა, სათაური შემთხვევით არ ამირჩევია, სწორედ რომ მის მიერ
შექმნილ ფილმებმა გამიჩინა ამ პოსტის დაწერის სურვილი. თუ გახსოვთ მისი ფილმების უმრავლესობა სხვადასხვა იდეების შერწყმას წარმოადგენენ, პირველი რაც ამ შემთხვევაში თვალშისაცემია – სისასტიკე და სისხლია, რომელიც მის ფილმებში გხვდება, მისი გმირები კრიმინალები არიან, თან ისეთები რომლებსაც მკლელობა მოსწონთ და რომლებიც დანაშაულს სიხარულით სჩადიან, ხოცავენ ერთმანეთს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს პატივს სცემენ (მაგალითისათვის “მოკალი ბილი”). რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში ერთმა კრიტიკოსმა ტარანტინო გააკრიტიკა და ბრალად ის დასდო, რომ მისი ფილმების უმრავლესობა დაუნდობელი და სისხლიანია. ტარანტინომ საკუთარი პოზიციის დასაცავად ამ კრიტიკოსს უთხრა, რომ ასეთი ფილმების გადაღება “კარგი გასართობია”. კრიტიკოსი არ დანებდა და ტარანტინოს ჰკითხა მოეწონებოდა თუ არა მას სადმე ქუჩაში სხვისი ხელით მომკდარიყო. ტარანტინო რისი ტარანტინო იქნებოდა, რომ არ გაცხარებულიყო და გაბრაზებულს არ ეთქვა: “თუ კინოზე მელაპარაკები კინოზე მელაპარაკე, თუ რეალურ სამყაროზე რეალურ სამყაროზე.”
მართლაც, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილი რომ ყოფილიყო არც ჩვენ ვივლიდით სავარაუდოთ კინოში და ამ ხელოვნების დარგს საერთოდ არ მივიღებდით, მაგრამ ჩვენი სიცოცხლე ასეთი არაა და ჩვენც ხშირად რომელიმე კინო დარბაზს ვესტუმრებით და ჩვენი იდეალების შესაბამისად ვირჩევთ სურათს რომელიც რაღაც დროით ჩვენს მოსაწყენ ცხოვრებას გვავიწყებს.

არსებობს ისეთი სურათებიც რომლებიც თითქოს ჩვენს ცხოვრებასთან არც ისე შორს დგანან, ერთ-ერთი ასეთი შარშან ინგლისში ყოფნისას ვნახე და ნასიამოვნებიც დავრჩი. ბავშვობიდან მქონდა ჩარჩენილი – “ველოსიპედების
მომტაცებელი,” მაგრამ ვერა და ვერ ვნახე სანამ ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა სეანსზე არ წამიყვანა. იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმი მართლაც რომ გავიწყებდა ცხოვრებას და გაჭირვებულ იტალიაში გაგდებდა, კინოთეატრიდან რომ გამოვედი სულ ამას გავიძახდი: “აი ასეთი უნდა იყოს ნამვდილი ფილმი, მარტივი სიუჟეტი, მარტივი შინაარსი და მარტივი გადაწყვეტა”. მართლაც არაფერი “განსაკუთრებული” ამ ფილმში არ იყო, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია, მაგრამ ამის მიუხედავად შენ მაინც გრძნობ კინოს მაგიას.
ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, ავატარი იქნება, “ველოსიპედის გამტაცებელი,” “ქვევრი” თუ რამე სხვა, კინომ საზღვრები ხომ არ იცის, მთავარი ჟანრი ხომ არაა, მთავარი ისაა რომ ჩვენ ამ კინოში შევიდეთ და საკუთარი თავს ერთი ორი საათით მაინც განსხვავებული სამყაროს წევრებად ვიგრძნოთ და თუ ეს გამოვიდა მაშინ თამამად შეგვიძლია ვუთხრათ რეჟისორს: “მადლობა.”

საშინაო დავალება, ანუ ტარანტინოს, ტრიერის და ალენის შედარებითი დახასიათება


“არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ბიტლზის ადამიანები და ელვისის ადამიანები. ბიტლზის ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ ელვისი და ელვისის ხალხს ბიტლზი, თუმცა არცერთს უყვარს ორივე თანაბრად. არჩევანი ბიტლზს და ელვის შორის შენს პიროვნებაზე მეტყველებს.“„მაკულატურა,“ ქვენთით ტარანტინო

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება მოვლენა, რომელიც არასდროს გავიწყდება, ხანდახან ესა თუ ის შემთხვევა ნაკლებად მნიშვნელოვანი გგონია, მაგრამ რატომღაც გაგონილი ფრაზა შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე შეგრჩეს მეხსიერებაში და არასდროს დაგავყწდეს.

ესე მაგალითად ალბათ ყოველთვის მემახსოვრება ერთი შემთხვევა გლაზგოში.მოგეხსენებათ ევროპის ქალაქებში ხშირად ეწყობა ქუჩის პერფომანსები, არც გლაზგოა ამ მხრივ გამონაკლისი და ერთ კვირა დღეს სასეირნოდ გასული ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი. 13-15 წლის ბიჭი იქნებოდა, ქუჩაში იდგა და სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდა, მათ შორის სახიფათოებსაც. ერთი მხრიდან მაღაზიის კედელს იყო აყუდებული, დანარჩენი სამი მხრიდან კი ხალხი შეკრებილიყო პერფომანსის მოლოდინში, ესეც ხმამაღალი შეძახილებით სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს იზიდავდა. ერთ-ერთი ტრიუკის შესრულებისას ამ ბიჭს დანები დასჭირდა, რომლებსაც ის ჰაერში ისროდა და შემდეგ კვლავ იჭერდა. როგორც ჩანს ბევრს შეეშინდა და ამიტომაც ერთ-ერთი მხარე ნელ-ნელა იცლებოდა, ეს რომ შენიშნა მოგვაძახა: „როგორც ჩანს ჩემგან მარცხნივ კომედიაა, ხოლო მარჯვნივ ტრაგედია“. სხვათაშორის მე ზუსტად შუაში ვიდექი და გამეღიმა კიდეც. მართლაც, თითქოს ზღვარი კომიკურს და ტრაგიკულს შორის ხშირად შეუმჩნეველია და ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებში კომიკურობის კვალის შენიშვნაა შესაძლებელი. ამ წერილში სამი რეჟისორის მეშვეობით შევეცდები ვისაუბრო კომიკურზე კინოში.

ლარს ფონ ტრიერის ნამუშევრები ჩემში შერეულ გრნძობას აღძრავენ, ერთი მხრივ თითქოს მომწონს კიდევაც, თუმცა ამასთან ერთად სიყალბის სუნი მცემს და ეს სიყალბე სწორედ, რომ კომიკურობასთანაა კავშირში. საქმე ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებშიც კი არსებობს კომიკურობის მარცვალი, არ არსებობს სიტუაცია სადაც იუმორი ბოლომდე ქრება, თითქოს ეს სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტია, თავდაცვითი რეაქცია, რომლის გარეშედაც არაფერი ცოცხლობს, ტრიერის ფილმებს კი ზუსტად ეს აკლია. სიმართლე გითხრათ ამ რეჟისორის ყველა ნამუშევარი არ მაქვს ნანახი და ამ დასკვნას ძირითადად „წყვდიადი მოცეკვავის“ და „დოგვილის“ საფუძველზე ვაკეთებ, ამიტომაც შეიძლება ვცდებოდე, თუმცა ამ ორის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ფილმი ყალბია იუმორის გრძნობის უქონლობის გამო. ტრიერი უტრირებას უკეთებს ისეთ მოვლენას როგორიც მიზანტროპიაა, კლავს ყველაფერ ცოცხალს და დადებითს ცხოვრებაში და იგნორირებას უკეთებეს კომიკურს. არცერთი სასაცილო ეპიზოდი არ მახსენდება ამ ორ ფილმში, რომელაც შეიძლება ეს რეჟისორი დაიცვას.

ტრიერისგან საპირისპიროდ იქცევა ვუდი ალენი, ეს ნიუ იორკელი რეჟისორი თავის ფილმებში უტრირებას იუმორს უკეთებს, აბსურდამდე დაჰყავს სხვადასხვა მოვლენების კომიკურობა და მაყურებელს შეიძლება ზედმეტად ხოცავს სიცილით, ის ტრიერის ანტიპოდია და ყველაფერს იუმორის პრიზმიდან აკვირდება, გარკვეულწილად ესეც შეიძლება გადამატებული იყოს და ერთგვარ სიყალბეს ქმნიდეს… აი ერთ-ერთი დიალოგი: „რეი: რას მოიმოქმედებ ყვავილების მაღაზიასთან დაკავშირებით? ბენი: უნდა დავწვა. რეი: კვლავ წვავ რაღაცეებს დაზღვევის მისაღებად? ბენი: აბა შენი აზრით ჩემი ორი შვილი კოლეჯში როგორ სწავლობს?.. „

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე ახლოს რეალობასთან ქვენთინ ტარანტინოა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი ტარკოვსკი და გოდარი თვლიდნენ, რომ ფილმის გადასაღებად წინასწარ დაწერილი სცენარი საერთოდ არ არის საჭირო, საკმარისია გქონოდეს ზოგადი წარმოდგენა გადასაღებ კადრებზე და დანარჩენს ადგილზე მოიფიქრებ. ძალიან მეეჭვება ტარანტინოც იგივე პრინციპით ხელმძღვანელობდეს, თუმცა მის ფილმებში ადვილად შესამჩნევია ისეთი ეპიზოდები, რომლებიც თითქოს სპონტანურად გაჩნდნენ, ეს ანსხვავებს მის ფილმებს სხვა ჰოლივუდური ნაწარმოებებისგან, რომლებიც მკაცრად მიყვებიან სიუჟეტურ ხაზს, მოდით გავიხსენოთ ეპიზოდი ამ რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმიდან. გახსოვთ მარსელესი ბრიუს ვილისის პერსონაჟს რომ მისდევს? რომელ სხვა ფილმში განვითარდებოდა მოვლენები ისე როგორც ეს აქ მოხდა? სრულიად შემთხვევით მოხვდებიან ორივე ვინმე ზედთან და ზედთან რაც მოხდება ვისაც ფილმი აქვს ნანახი ყველას ახსოვს. ძალიან სასაცილო ეპიზოდია და ამავდროულად რეალობასთან მიახლოებული… განა არ შეიძლება ასეთი შემთხვევითობა რეალურ სიცოცხლეში მოხდეს? ეს რაღაც მოულოდნელი ცხოვრებისეული შემთხვევაა, (მაინცდამაინც ზედს და მის მეგობრებს არ ვგულისხმობ) რომელსაც ძალზედ იშვიათად შეხვდები თანამედროვე კინოში…