Tag Archives: უკრაინა

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

უკრაინამ როგორც ჩანს ოქროს ბილეთი ამოიღო და ქვეყნის ლიდერად ვილი ვონკა AKA პეტრო პოროშენკო აირჩია. უცნობია დაურიგებს თუ არა უკრაინელი ვილი ვონკა თავის თანამოქალაქეებს ფოჩიან კანფეტებს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დამთავრების პირობა მან უკვე დადო. საინტერესოა ეღიმება თუ არა ამ ყველაფრის გამო კრემლის კოშკში მჯდომ კაცს და რამდენად უყვარს ამ უკანასკნელს შოკოლადი და თუ უყვარს, როგორი?

ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წვევამდელების მიერ დადებული ფიცის ჩაბარების უფლება მისცეს, რის შემდეგაც გახარებულმა ქვეყნის ლიდერმა იგივე ქვეყნის მეორე ლიდერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და პრეზიდენტმა ორი დღის შემდეგ ხელშეკრულების მოწერის პრეროგატივა პრემიერს გადასცა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია ვინმეს ეს ნებართვა მაინცდამაინც სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ 🙂 სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ფორმალობა აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ინტერნეტი თანამედროვე პანდორას ყუთია, ყოველ შემთხვევაში ლეგენდარული Led Zeppelin-ვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობის შემდეგ შეიძლება ბევრისთვის არც თუ ისე ლეგენდარული აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ ელექტრონულ სამყაროში ამ ჯგუფის სავარაუდოდ ყველაზე ცნობილ კომპოზიციის Stairway to Heaven – ის შესახებ არც თუ ისე ღირსეული ცნობა ვრცელდება. კერძოდ კი, ის რომ როკ ლეგენდებმა გენიალური კომპოზიცია თავად კი არ მოიგონეს, არამედ ვინმე Taurus-ისგან უბრალოდ მოიპარეს. Led Zeppelin – ის თაყვანისმცემელ სკეპტიკოსებს ამ ამბის იგნორირება შეეძლოთ, რომ არა უხერხული ლინკი Taurus-ის კომპოზიციაზერომელიც ამ ამბავს თან სდევს ხოლმე და რომელიც მართლა ძალიან საეჭვოდ ჰგავს სხვადასხვა თაობების საკულტო ნაწარმოებს. სამყარო, სამართლიანი რომ ყოფილიყო ეს ამბავი მართლა სკანდალით დამთავრდებოდა. თუმცა 1) “ზეპელინები” მართლა ჰიპები კი არ არიან 2) შოუ ბიზნესი უსამართლო მოვლენაა 3) ადამიანები, რომლებსაც ამ ჯგუფთან ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებები აკავშირებთ, ვერაფრით აღიარებენ იმას რომ ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდნენ.

ჩინეთიდან კოშმარული ამბები ვრცელდება. ამიერიდან ჩინელები ძაღლებს არამხოლოდ სადილად მიირთმევენ, არამედ ღებავენ კიდეც. გაიცანით პანდა ძაღლი, რომელიც ვაშლ-ატამას მსგავს გენეტიკური მიღწევის მორიგი ნაყოფი კი არაა, არამედ კარგი სტილისტის ნამუშევრის დემონსტრაციაა. საერთოდ მე მგონია, რომ ადამიანის და ძაღლის მეგობრობის ამბავი მითია, რომელიც რეალურად კარგად შენიღბული ფარისევლობაა. მეგობრობა ორ მხარეს შორის თანაბარ ურთიერთობას და არა “ვუწი-პუწი რა საყვარელი ძაღლიას” ძახილს გულისხმობს. საკმარისი დრო თუ გამოვნახე, აუცილებლად უნდა დავწერო რომანი ამ ურთიერთობის შესახებ, რომელიც სტივენ კინგისთვის დამახასიათებელ სტილში იქნება გადაწყვეტილი.

კოკა-კოლა ცინიზმის ახალ მწვერვალს აღწევს და ფიტნესის 30 მილიონ დოლარზე ძვირადღირებულ პროექტში დებს ფულს. ეს დაახლოებით იგივეა, ვაჰაბისტებმა მშვიდობის პროექტი რომ დააფინანსონ და ტერორისტებისგან დასაცავი ტრენინგები რომ მოაწყონ. საინტერესოა სვამენ თუ არა კოკა-კოლის კომპანიის მესვეურები საკუთარ პროდუქტს, მაგრამ შაქარის რაოდენობა ამ სასმელში ნამდვილი ტერორისტული შეტევაა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს.

 

მას შემდეგ რაც Britain’s Got a Talent-ის ბოსს, საიმონ კოუელს შარშან კვერცხი ესროლეს, მივხვდი რომ კაციბრიობაზე ხელის ჩაქნევა შეიძლება ნაადრევი ყოფილიყო. თუმცა, საიმონ კოუელმა, რომელიც იმდენად VIP პერსონაა, რომ ჩვენებურ გიორგი გაბუნიას ტელეფონზეც კი “ურეკავს,” წლევანდელ სეზონში უსაფრთხოების ზომების გაზრდა მოითხოვა და ჩემში რწმენის ნაპერწკალი ჩააქრო. კოუელის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ფუნქცია მისი კვერცხებისგან დაცვა იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით. წარმოვიდგინე ასეთი დაცვის რომელიმე მუშაკის შვილს, რომ ეკითხებიან სკოლაში თუ რას საქმიანობს მამამისი ცხოვრებაში და ის რომ პასუხობს “ერთ ადამიანს კვერცხებისგან იცავს”. ნამდვილად არაა ყველაზე ამაღელვებელი სამსახური, მარა სულ უმუშევრობას ხომ სჯობია?

წინა სეზონის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული ფორმით არჩეულმა დიქტატორმა და დესპოტმა კიმ ჯონგ უნმა როგორც ჩანს კვლავ მოიწყინა და ახალი წესის შემოტანა გადაწყვიტა – ამიერიდან ქვეყნის ყველა სტუდენტი ვალდებული იქნება მისნაირი ვარცხნილობა ატაროს. სავარაუდოდ სეროტონინი, რომელიც ჯინგ ჯონგ ჯუნს, კი არადა, კიმ ჯონგ უნს საკუთარი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ გამოუმაშავდა, კვლავ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა და ამიტომაც ახალი გასართობის გამოგონება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, თავად ჩრდილო კორეელი ლიდერისთვის თუ არა, რომელიმე ახლობელი პირისთვის მაინც.

დავით გედი დეგი ბედი შედი, კი არადა დავით ბედი გედი… ტფუ… დავით დეფი გოგიბედაშვილს აგინეს! თან ეს ყველაფერი მისი შვილების თანდასწრებით მომხდარა. ცნობილი პოემის სახელად “იმიტომ-ის” ავტორი ინციდენტის შემდეგ კომპიუტერს მივარდნილა და ორგანიზმში გამომუშავებული ადრენალინი ფეისბუქის სტატუტის წერაში დაუხარჯავს.  ადრენალინის ხარჯვისას თან “თავდამსხმელებისთვის” უკვე უპატიებია და ამიტომაც ინციდენტი ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც YMCA-ს ამ სიმღერაზე უმცროსია, გამოვიდა ინიციატივით ოჯახი განისაზღვროს როგორც “ქალის და მამაკაცის” ერთობა. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ თუ ცოლ-ქმარი გაშორებულია და სიტყვაზე დედა და შვილი ცხოვრობენ ერთად, მათი ერთობა არ შეიძლება “ოჯახურად” ჩაითვალოს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ინიციატივის ავტორების განმარტებით ის არაფერს “კრძალავს” და არც ვინმეს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას. ანუ კანონპროეტს არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია. ამოცანა გვეკითხება… კარგით, გავიარეთ.

დღევანდელი მდგომარეობით უკრაინისთვის რუსეთზე უარესი შეიძლება მხოლოდ დართ ვეიდერი იყოს. და აი ისიც, მხატვრული სამყაროს ყველაზე ბოროტმოქმედის ნიღაბს ამოფარებულ ადამიანს უკრაინის პრეზიდენტობა გადაუწყვეტია. საინტერესო უნდა იყოს დართ ვეიდერის დებატები სხვა კანდიდატებთან, არა მგონია გადამწყვეტ მომენტში ნათქვამ “I am your father-ის” არგუმენტს რომელიმემ გაუძლოს.

ფეისბუქს “მეშოკ ფულად” ვირტუალური რეალობის მოწყობილება უყიდია. მართალია გარეთ 2014 წელია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა აზრზე არაა თუ რა პრაქტიკული დანიშნულება უნდა ჰქონდეს მსგავს გაჯეტს და ამ ყველაფერზე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილი. ეს წარმოდგენა კი აწ პრეისტორიული 90იანებში საკაბელოზე გასულ “ბ კლასის” ფილმებში ასახული რეალობისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა, თუ ფეისბუქმა მომავალში სოციალურ ქსელში არსებული ფუნქციები ახლადშეძენილ ინსტრუმენტს პირდაპირ მიუსადაგა, საინტერესო მოვლენის მომსწრენი უნდა გავხდეთ. აი მაგალითად, აჭერ “home-ს” და “მეგობრების” ციფრული ჩამონათვალის მაგივრად, “ხედავ” თუ როგორ აბირჟავებს “სასტავი” შენს ოთახში. ან სულაც გადაწყვიტე poke გაუკეთო მონიკა ბელუჩის და მსახიობის ციფრული არსის მაგივრად ხვდები სულ სხვა “არგუმენტებს”… მაგრამ, მოდით ამ არგუმენტზე შევჩერდეთ.

ბოლოს კი გიტოვებთ “უფლება დამცველების” მიერ ჩატარებულ გინების “მასტერკლასს”. 

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 3]

 

 

 

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

hodor-v2

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მკვდარი სულების მიერ არჩევნებნზე მიცემული ხმა ჩვეული ამბავია, ა.შ.შ-ში ძალიან გაუკვირდათ, თუ როგორ “ჩააგდო ყუთში” ბულეტინი 2010 წლის არჩევნებზე მუმიფიცირებულმა მიჩიგანელმა ქალბატონმა, რომელიც სავარაუდოდ 2008 წელს გარდაიცვალა და სულ ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი საკუთარ გარაჟში. როგორც ჩანს ამერიკაში საარჩევნო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანებს და მედიას ურჩევნია შეთქმულების თეორიების და მისტიკის უფრო დაიჯერონ, ვიდრე ადმინისტრაციულ შეცდომაზე შეთანხმდნენ. ის რომ გარაჟში ნაპოვნი ქალბატონი მუმიფიცირებული და გაუხრწნელი იპოვეს, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. თუმცა, მოდით ამაზე ნუ ვიხუმრებ.
არა სიტყვაზე , თბილისი-ვარშავისს, თბილისი – სტამბოლის, ან რამე სხვა რეისის, არამედ მაინცდამაინც თბილისი-ამსტერდამის რეისის მგზავრებს გამოეცხადათ ილუმინატორზე წმინდა ნიკოლოზი (რატომღაც რეიბანების მსგავს სათვალეებში). დანამდვილებით ვერ გეტყვით დატროლა თუ არა წმინდანმა მგზავრები, მაგრამ აწ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი არ ივიწყებს “თუ ვისი გორიდანაა” და კომპანია აირზენას მშვენიერ პიარს უკეთებს.

როგორც ჩანს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ფონად – “დავეწიოთ და გავუსწროთ ჩრდილოეთ კორეას” სულისკვეთება სდევდა. პროექტის ორგანიზატორმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც რუს თანამემალუებზე ფიქრში დღეს და ღამეს აერთიანებს, ჯერ ვერც დაწევა და მითუმეტეს გადასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ თითქის 97 პროცენტი მაინც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. როგორც ჩანს პუტინმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მმართველის ტიტულზე ხელი ჩაიქნია და ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე ყველაზე “ბოროტი ხელმწიფის” ორდენზე ,“ჩალიჩობს“. თუმცა, როგორც ჩანს იმდენად „ლუზერია“ რომ ამ შემთხვევაშიც კი მეორე ადგილზე მაღლა ვერ ადის (კიმ ჯონგ უნი აშკარად “უკეთესს ფორმაშია”).

ბევრს ალბათ არაფერს ეუბნება კრისტიან ნაირნის სახელი, თუმცა Games of Throne-ის ყველა მოყვარულმა იცის თუ ვინ არის ჰოდორი. მოკლედ ჰოდორი, იგივე ნაირნი, გეი ყოფილა. მართალია ჰოდორის ლექსიკონი მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება (ჰოდორი), ინტერვიუში “ქამინგ აუთი” გამართული ინგლისურით გაუკეთებია. თან ისიც უთქვამს, რომ ამას არც მალავდა, მაგრამ ადრე ამით არავინ დაინტერესებულა. ამრიგად, ინტერესი ჰოდორის და მისი სექსუალური ორიენტაციის მიმართ მხოლოდ ჯორჯ მარტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ახალი, დარწმუნებულ ვარ ძალიან დიდი ჟურნალისტიკის დაბადების მომსწრეები ვხვდებით. ტრიბუნიდან მობილურით გადაღებული ვიდეო, გულშემატკივარი გოგონას აღტკინებული კომენტარი და ამის ფონზე დინამოს ფეხბურთელის, ჩისკოს მშობელი დედის ესპანეთში გაგზავნილი ეროტიული შინაარსის მქონე მოკითხვა ქმნის სინთეზს, რომელსაც საოცარი “დუხი” მოაქვს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

 

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 2, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

რუსეთი Game of Thrones-ის პროდიუსერებს მაყურებელს ართმევს და ახალი სეზონის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე “დრაკონებს” აგზავნის უკრაინაში. სანამ გაერო, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ევროპა და ნატო უკრაინის კრიზისზე მსჯელობს, ქართველი Facebook ექსპერტები ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ თეორიებს დაუღალავად ავითარებენ. ზოგიერთი მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს და საკუთარი აზრის გასატანად მოვლენების ასეთ განვითარებზეც კი თანახმაა. თუმცა, ყველაზე მაგარი ვერსია რამდენიმე იუზერის მიერ სრული სერიოზულობით გამოთქმული აზრი იყო, თითქოს ბარაკ ობამა რუსეთის მიერ დავერბოვკებული აგენტია.

ოსკარების დაჯილდოებამ მაინც მოახერხა უკრაინის ამბების გადაფარვა. თუმცა, სოციალური მედიის იმ მომხარებლებს, რომლებსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ოსკარზე ლაპარაკი ეჩოთირებოდა, გამოსავალი აწ უკვე ოსკაროსანმა ჯარედ ლეტომ გამოუნახა, რომელმაც სამადლობელო სიტყვის დროს უკრაინა და ვენესუელა ახსენა. ამრიგად ლეტომ სოციალური მედიის მომხარებლებს ორი ერთში “დასაშეარებელი” და “დასალაიქებელი” პროდუქტი შეუქმნა.

მინიმუმ ერთი წლით გადაიდო ლეონარდო დი კაპრიოს ოსკარი და შესაბამისად, ასევე მინიმუმ ერთი წელი მსახიობი ინტერნეტ მემეების მთავარი გმირი იქნება. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ აკადემიისგან დაჩაგრული დი კაპრიო, მისმა კოლეგებმაც კი დაჩაგრეს და ჯგუფუს “selfie-შიც” კი არ ჩასვეს. წარმომიდგენია თუ როგორ უნდოდა დი კაპრიოს კადრში მოხვედრა, მაგრამ იქვე მდგომს ეხათრებოდა ჯგუფთან შეერთეება, მერე ვინმე გაიფიქრებდა, “ლეოს ხომ არ დავუძახოთ”, თუმცა პოზიორობით გართულს იმავე წამს დაავიწყდებოდა მის შესახებ. დი კაპრიო  ჯგუფს გარეთ დარჩენილ იმ ყველაზე არაპოპულარულ ბავშვს ჰგავს, რომელსაც ფოტოს გადაღებამდე ერთი წამით ადრე “მოდი, მოდი” ეუბნებიან ხოლმე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში მისთვის ეს ფრაზა სავარაუდოდ არავის უთქვამს.

როგორც ცნობილია თბილისში და ზოგადად საქართველოში მოღვაწე არქიტექტორები ერთმანეთს ყველაზე ცუდი ნაგებობის შექმნაში ეჯიბრებიან. ცოტა ხნის წინ დაანონსებული ახალი პროექტის ავტორს ლეგიტიმური უფლება აქვს მოიგოს ეს საპატიო ტიტული, რადგანაც ვარდების მოედანზე პირდაპირი მნიშვნელობით რაღაც კვერცხობის დადგმას აპირებენ.

ნაწყვეტმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩიდან youtube-ზე სულ რაღაც ხუთ დღეში ერთ მილიონ ნახვაზე მეტი მოიპოვა. არა, საქართველოს ჩემპიონატმა იტალიურ, ესპანურ თუ ინგლისურ ლიგას სანახაობით ჯერჯერობით ვერ აჯობა და ამხელა ყურადღება მხოლოდ იშვიათი კურიოზის ხარჯზე მოიპოვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ესეც პროგრესია. ახლა მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანა, რომელიც მალტასტან ფრეს თამაშობს, საკუთარი ჩემპიონატი გააჩნია.

ვფიქრობ დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას ძალიან გაუმართლათ, რომ იმ თაობას განეკუთვნებიან, რომლებსაც ზოგადი უნარების ჩაბარება არ მოუწიათ. ჟურნალისტებმა პირდაპირი მნიშვნელობით აბუჩად აიგდეს ისედაც აბუჩად აგდებული ნოდარ ხადური მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც საკითხში ვერ ერკვევიან. ამრიგად, კიდევ ერთხელ განმტკიცდა თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანმა შეიძლება ნაკლები იცოდეს, მაგრამ თავი სხვაზე გაცილებით ჭკვიანი ეგონოს. ასეთ პირობებში ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მზადაა მასზე კონკრეტულ საკითხში უფრო გარკვეულ ადამიანს “შეხე რა შტერია-ს” პათოსით საჯაროდ დასცინოს .

ვარაუდის დონეზე შეიძლება იმ აზრის გამოთქმა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელსაც თავი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი ჰგონია, ფსიქიატრმა Anger Management-ის მიზნით “რთულად გასატეხი კალამი” გამოუწერა. კალამი როგორც ჩანს ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთ მუშაობს, ნახეთ თუ როგორ დამშვიდდა იანუკოვიჩი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ და კუთხეში ჩაყენებულ იმ ბუნჩულა ბავშვს დაემსგავსა, რომელიც ბოდიშს ითხოვს.

ბოლოს გიტოვებთ “პუტინის და კადიროვის” ცეკვის ამსახველ ვიდეოს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

მიმდინარე მოვლენების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 2]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

marg

გიორგი მარგველაშვილის რეალურობაში ეჭვის შემტანებს მის ვირტუალურ არსებობაში მაინც შეუძლიათ დარწმუნდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე ანგარიში შექმნა, მაგრამ ეს მომხმარებელი იმდენად აროგანტულია რომ არცერთს არ უკეთებს “ფოლოუინგს.” სიმართლე გითხრათ ტვიტერზე ძალიან ბევრი “სელებრითი” მინახავს, მაგრამ მათ შორის ჯერჯერობით არცერთი (!) არ შემხვედრია რომელსაც ერთი ადამიანი მაინც არ ჩაეთვალა “ფოლოუინგის ღირსად.” ბოლოს და ბოლოს თვით რომის პაპიც კი მისდევს რვა ადამიანს. ისე, არც “ფოლოუერი” ჰყავს მარგველაშვილს განსაკუთრებით ბევრი, ერთი კვირის განმავლობაში სულ 273 მოუგროვდა, შედარებისთვის – ამ ბლოგის ავტორს 289 ჰყავს (პრეზიდენტზე უფრო პოპულარული ვარ, Yes!), ასე რომ შეიძლება ითქვას რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერს რეკლამას ვუწევ.

ლეონარდო დი კაპრიოს როგორც ჩანს ერთი პეშვი ქართველობაც კი არ გააჩნია. სხვა ვერაფრით ავხსნით იმას რომ ლონდონში გამართულ მისი ახალი ფილმის პრემიერიაზე ქართველი ფანის შეძახილზე “უოლ სტრიტის მგელმა” ყურიც კი არ შეიბერტყა.  აი ეგ არის თქვენი ევროპა და ამერიკა, ქართულიც კი არ იციან. ინკოგნიტო ქართველ ფანს რაც შეეხება, მე პირადად მგონია რომ ამ ადამიანმა უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან და ვერ გააგრძელა თანამედროვე ქართული იუთუბ ფოლკლორი, ხომ შეიძლება რომ “ნივიჟუსგან” განაწყენებულს ასე გაეგრძელებინა საკუთარი შეძახილი?

როგორც იქნა გავიგეთ თუ რითი სჯობია თბილისის ანძა ეიფელს. მისი ციმციმის გარეშე თბილისის ცაზე მუდმივად მფრინავი “არმადა” ნავიგაციის უნარს კარგავს, ამიტომაც ანძის გათიშვასთან ერთად სინქრონულად აციმციმდა ქართული ფეისბუქი “რას გვიშვრება ეს მთავრობას” პათოსით”. ამასობაში უმეტესობა ვერ მიხვდა პრეტენზიის ადრესატი ქვეყნის მთავრობა უნდა ყოფილიყო თუ სევდიანი მდედრი რეგენტი. მერე ვიღაცამ თქვა ციმციმი ნავიგაციასთან არაფერ კავშირში არ არისო, მერე სხვა ვიღაცამ განაცხადა, რომ სახეზეა კრიმინალის ნიშნები, საბოლოოდ ამბავი ისე ჩაიხლართა, რომ ყველაფერი რაღაც პოსტმოდერნისტულ სპექტაკლს დაემსგავსა.

სოჭის ოლიმპიური სოფლის დამპროექტემბელმა ჩათვალა რომ მარტო კაცი უნიტაზზეც ცოდოა და ამიტომაც ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით სოჭაში ერთგვარ “ფეკალურ ორგიას” უნდა ველოდოთ.  ისე, მშვენიერი საშუალებაა სპორტმსენების ერთმანეთთან სოციალიზაციისთვის და ერთმანეთის უკეთესად გაცნობისთვის. აი სიტყვაზე წარმოიდგინეთ ისლანდიელი და ჩინელი სპორტსმენები, სხედან, საქმით არიან დაკავებულები და თან ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრობენ. ისლანდიელი: “თქვენ ჩინეთში საერთოდ არ შეგხ… უჰ, აჰ, უჰ… ხო, არ შეგხებიათ ფინანსური კრიზისი”. ასე ლაპარაკობენ, ურთიერთობენ, ბოლოს ჩინელი გადის და მეორე სპორტსმენს ეუბნება რომ ძალიან გაუხარდა მისი ნახვა, მაგრამ ხელის ჩამორთმევას უკადრისობს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებს ერთმანეთისთვის “კარგი ტიპობის” დამტკიცების მორიგი საშუალება მისცა. უკრაინული დროშის ავატარის მქონე “იუზერები” “პროფაილ-პროფაილ” დაიარებიან და გმობენ ყველას ვისაც ასეთი არ უყენია. ამის ფონზე ჰიპსტერები სომალის დროშას იყენებენ, “ყოველთვის სოლიდარულები უნდა იყოთ” პათოსით (ოღონდ ამათ მოტივებს მხოლოდ სხვა ჰიპსტერები თუ ხვდებიან). რადიკალური მემარცხენეები იძახიან ჩვენ არ ვიცითო რა ხდებაო და უკრაინული დროშის ავატარის მქონე იუზერების სიებს ადგენენ. მოკლედ, უკრაინაში დარწმუნებული ვარ აზრზე არ არიან, თუ რა ციებ-ცხელება მიდის ამასობაში საქართველოში, თორემ აუცილებლად მოგვიწოდებდნენ მშვიდობისკენ.

საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში უკრაინის ამბები ჯასტინ ბიბერის დაკავებამ გადაფარა. ბიბერი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ეს იცით რას ნიშნავს? იმას რომ ყველა ვისაც ბიბერი “აი ასეთი პატარა” გვახსოვს, დავბერდით. გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიხედვით დადის ხმები, რომ  დაწყებულია იმ პოლიციელის დემონიზაციის პროცესი , რომელმაც თინეიჯერის დაკავება განახორცილა. ისე, სპეციალური დაცვის გამოყოფა არ აწყენდა მაგ ადამიანს.

ქართველ “ფილმმეიკერებს” დაავიწყდათ რომ ვირუსებზე, ზომბემზე, უცხო პლანეტელებზე და ზოგადად აპოკალიპტურ ფილმებზე მონოპოლიას ამერიკელები ფლობენ. აპოკალიპტური მოვლენები საქართველოში უბრალოდ წარმოუდგენელია იმდენად რამდენადაც ქვეყანა პოსტაპოკალიპტურ სტადიაზე იმყოფება. ამის მიუხედავად GDS-მა შეიძლება ითქვას Resident Evil-ის რემეიქი დაანონსა, რომელშიც მილა ივოვიჩის როლს (სწორედ რომ მილა იოვოვიჩის და არა პერსონაჟ ელისის) ნანკა კალატოზიშვილი შეასრულებს.

ბოლოს კომენტარის გარეშე გიტოვებთ გასულ კვირას ინტერნეტ სივრცეში პოპულარულ ვიდეოს, რომელიც ახალი ქართული “ფილმიდან” ამონარიდს წარმოადგენს.

წინა კვირის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რა მოუვიდა დამოუკიდებლობას?

ფილმი “Everything is illuminated” მოგვითხრობს ერთ ამერიკელ ებრალზე,
რომელიც ბაბუამისის სამშობლოს სანახავად უკრაინას სტუმრობს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში აღნიშნული სტუმარი მანქანიდან დანგრეულ და მიტოვებულ შენობებს დაინახავს. გაოცებული ეკითხება უკრაინელ მასპინძლებს: “რა არის ეს?” ერთ-ერთი უკრაინელი პასუხობს, “საბჭოელები.” კვლავ გაოცებული სტუმარი კითხულობს “და რა მოხდა?” რაზეც პასუხად პატარა პაუზის შემდეგ ასეთ რამეს ისმენს: “დამოუკიდებლობა”.

ამ პოსტში არ ვაპირებ ზოგადად საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, ეს გაცილებით ვრცელი განსჯის საგანია და მისი ბლოგ პოსტში ჩატევა ცოტა მეუხერხულება. ამ შემთხვევაში მე უფრო კინოზე მსურს საუბარი, ქართულ კინოზე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

“გრუზია ფილმი” როგორც ასეთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა და გვარიან კონკურენციას უწევდა რუსულ, უკრაინულ თუ საბჭოეთში არსებულ რომელიმე სხვა სკოლას. ამასთან ერთად მოსკოვში არაერთი  წარმოშობით ქართველი რეჟისიორი თუ მსახიობი მოღვაწეობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ “გრუზია ფილმაც” შეწყვიტა არსებობა და ამასთან ერთად ქართულ კინო ინდუსტრიასაც მძიმე დღე დაუდგა. ოცი ცლის განმავლობაში იშვიათი გამონაკლისების გარდა საქართველოში არცერთ დადგმულ ფილმს წარმატებისთვის პრაქტიკულად არ მიუღწევია.

აქვე გეტყვით რომ არც თანამედროვე ქართული კინოს ზოგად კრიზისზე მინდა საუბარი ამ პოსტით. უბრალოდ ერთი პატარა დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ.  ეს პოსტი თავიდანვე აღნიშნული ფილმით შემთხვევით არ დამიწყია, 1991 წელს საქართველომ ნანატრ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან კინო პრაქტიკულად მიატოვა და ასევე არა შემთხვევით ნახსენებ “გრუზია ფილმისთვის” და საბჭოეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორებისთვის დამახიასეთებელი ეშხი დაკარგა. ანუ, მივიღეთ პარადოქსი, ფაქტობრივ და იურიდიულ დამოუკიდებლობამ მოგვიტანა მდარე პროდუქციაზე დამოკიდებული ქართული ფილმი.

ფილმებსაც დღესაც იღებენ საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძალიან დამოკიდებულია, დამოკიდებული პირველ რიგში დასავლეთის მდარე პროდუქციაზე, მდარეზე და სამწუხაროდ არა კარგზე. დღეს ყველაზე მარტივ გამოსავალს ქართველი რეჟისიორები იაფფასიანი ბლოკბასტერების კოპირებაში პოულობენ. იაფფასიან ბლოკბასტერს შეიძლება ვუყურო კიდევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის აუცილებლად იქედან უნდა იყოს წამოსული სადაც დაიბადა და არა კავკასიაში არსებულ ერთ ქვეყნიდან, რომელსაც ამ მხრივ დასავლურ პოპ კულტურასთან არაფერი საერთო აქვს, ამიტომაცაა რომ ზოგიერთი ქართული (ჰორორი იქნება ეს თუ კომედია) ფილმი პაროდიულ გადამღერებას ჰგავს, რომელიც დაცინვის გარდა აუდიტორიისგან არაფერ სხვას არ იმსახურებს.

პარადოქსია ასევე ის რომ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სულაც არ იყო მაინც შეიძლებოდა ქართულ ფილმებში უნიკალური, განმასხვავებელი ნიშნების ნახვა, თუნდაც სტერეოტიპული. მიმინო:  “Сдачи не надо,” “и мне не надо.” მიზანდარს ფული არ აქვს, მაგრამ ტაქსით მაინც
უნდა წავიდეს, მიზანდარი შემთხვევით ისრაელში რეკავს, მაგრამ ქართული სიმღერის გაგონებისას მაინც ხარჯავს ბოლო სახსარს. მერე რა, რომ სტერეოტიპულია? ამჟამად არც სტერეოტიპული გვაქვს და არც არა სტერეოტიპული. რა თქმა უნდა ეს ყველა ფილმს არ ეხება, როგორც უკვე ვთქვი არსებობს გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისების ფონზე გულის ამრევია ამერიკული ჰორორიდან დაკოპირებული ეპიზოდები, პერსონაჟების ქცევები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმავე გონზე მოსული ამერიკის ცნობიერებაში ხითხითის გარდა არაფერს იწვევს.

ვინმემ იმ ამერიკელი ებრაელი ტურისტისა არ იყოს, ქართულ ფილმის ყურების შემდეგ რომ მკითხოს, “რა სჭირს, რა მოუვიდა?” რა ვქნა? რა ვუპასუხო?