Tag Archives: ფანტასტიკა

შავი სარკე ტექნოლოგიური მონობის შესახებ მოგვითხრობს. მეორე სეზონი – სულ მალე

“იცხოვრე მეტი, იმოგზაურე მეტი, გააზიარე მეტი. გაიღიმე მეტი, მოიხმარე მეტი, გამოცადე მეტი…” – ამ და კიდევ სხვა რაღაცეების გაკეთებას მოგვიწოდებს ინგლისელი სატირიკოსის, სცენარისტის და პროდიუსერის ჩარლი ბრუკერის სერიალ “შავი სარკის” ახალი სეზონის ტრაილერი. თავიდან ტრეილერი შეიძლება ახალი მობილურის ან სხვა რომელიმე გაჯეტის რეკლამად მოგეჩვენოთ, თუმცა სულ მალე რგოლი მწარე სატირად გვევლინება, სატირად ახალ ტექნოლოგიებზე და ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანის გაუაზრებელ ქმედებებზე.

შავი სარკე პირველად ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. პირველი სეზონი სამიოდე სერიით შემოიფარგლა. სამ სერიას განსხვავებული სიუჟეტი, თუმცა ერთი თემა აერთიანებს. ეს არის სამი ისტორია მომავლიდან, სამყაროდან რომელიც არ არსებობს, ან უფრო სამყაროდან რომელმაც შეიძლება იარსებოს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სხვადასხვა სერიებში აღწერილი რეალობა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს თანამედროვე სამყაროს. მაგალითისათვის მეორე სერია, “Fifteen Million Merits,”  მოგვითხრობს სამყაროზე სადაც ადამიანი 24 საათი იმისთვის ვარჯიშობს (მუშაობს) რომ დაგროვილი ქულები გასართობად ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ რეალითი შოუს მონაწილეობისთვის დახარჯოს. მიუხედავად იმისა რომ ფილმის ავტორმა ბრუკერმა განაცხადა რომ არცერთი კონკრეტული რეალითი შოუ არ უგულისხმია, ფილმში აღწერილ გადაცემას და X-Factor – ს (ქართულ ანალოგად შეგვიძლია “ახალი ხმა” ჩავთვალოთ) შორის მსგავსება საეჭვოდ დიდია.

პირველი სეზონის მესამე სერია, “The Entire History of You” კი თავის მხრივ ისეთ მომავალს გვიჩვენებს სადაც პრაქტიკულად ყველა ადამიანს უნერგდება კამერა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იწერს. ასეთ პირობებში კი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის შეიძლება დავიწყებული ამბის გადახედვა, გადახვევა, დაპაუზება და ა.შ. ამ შემთხვევაში ანალოგი და მსგავსი კონცეპცია შეგვიძლია Facebook – ის თაიმლაინში აღმოვაჩინოთ.

არ გეგონოთ რომ პირველი სერია, “The National Anthem” დამავიწყდა. ამ ნაწილში არათუ უტოპოიური მომავალია აღწერილი, სადაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გამოგონებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას, არამედ მთავარ მოქმედ “ტექნოლოგიურ გმირად” ყველასათვის ჩვეული YouTube გვევლინება.

Black-Mirror-In-Memoriam-1

თავად ბრუკერმა თავისი სერიალი დაახლოებთ შემდეგნაირად აღწერა: “თუ ტექნოლოგია ნარკოტიკია და თუ ის ნარკოტიკივით მუშაობს, ამ შემთხვევაში რა გვევლინება გვერდით ეფექტებად? ჩემი ახალი სერიალი, შავი სარკე სწორედ რომ იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, სადაც ერთმანეთს აღფრთოვანება და დისკომფორტი ენაცვლებიან. ფილმის სათაური “შავი სარკე” –  მოვლენაა რომელსაც ყოველ კედელზე, ყოველ მაგიდაზე და ყოველ ხელისგულზე აღმოაჩენთ და რომელიც ტელევიზორის, მონიტორის ან სმარტფონის ცივი, კაშკაშა ეკრანის სახით გვევლინება”.

“შავი სარკე” სატირული, შოკის მომგვრელი, ნაღვლიანი, ზოგიერ შემთხვევაში სასაცილო, მაგრამ უფრო მეტად დამაფიქრებელი სერიალია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს და ხშირ შემთხვევაში ადამიანურ ბუნებას განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. “შავი სარკე” ეს ის სარკეა რომელშიც ჩახედვამაც შეიძლება შეგვაშინოს და თანამედროვე “ტექნოლოგიური” ცხოვრების ბევრი ასპექტი სხვანაირად დაგვანახოს.

პირველი სეზონის სამივე ფილმი ვერცერთი ტიპის მაყურებელს ვერ დატოვებს გულგრილს და ნებისმიერი სერიის ნახვის შემდგომ, საფიქრალს დიდი ხნით გაუჩენს. მათ კი ვისაც პირველი სეზონი უკვე ნანახი აქვს, ისღა დარჩენია ახალი სერიების გამოსვლას დაელოდოს.

Advertisements

ღრუბლიანი ატლასი, დევიდ მიტჩელის ჰუმანისტური, ფილოსოფიური საგა [წიგნის რეცენზია]

cloud-atlas-book-cover

რამდენიმე წლის წინ მსახიობ ნატალი პორტმანს, ინგლისელი  მწერლის დევიდ მიტჩელის ბესტსელერი Cloud Atlas (ღრუბლიანი ატლასი), ჩაუვარდა ხელში, წიგნით აღფრთოვანებულმა კი ნამუშევარი ძმებს, კი არადა აწ უკვე და-ძმა რეჟისორ ვაჩოვსკებს მიაწოდა. ენდი და ლარა ვაჩოვსკებს წიგნი მოეწონათ და საბოლოო ჯამში მეგობარ რეჟისორ, ტომ ტიკვერთან ერთად ფილმზე მუშაობა დაიწყეს. 

ფილმი, წიგნის კალეიდოსკოპური ვერსია, გამოდგა. ეს სრულად არ ნიშნავს იმას რომ ადაპტაცია არაფრად ვარგა, თუმცა სურათი წიგნში ასახული რეალობის მეათედსაც ვერ ასახავს, ვერ ასახავს იმიტომ რომ აღნიშნული წიგნის სრულყოფილი ადაპტაცია შეუძლებელია.

მიტჩელმა, 500-ზე მეტ გვერდიან წიგნში, ექვსი სრულიად განსხვავებული ეპოქის ისტორიის შესახებ მოგვითხრო. რომანს საინტერესო სტრუქტურა აქვს, ის 12 ნაწილადაა დაყოფილი და მე-19 საუკუნეში მიმდინარე ისტორიით იწყება.

ეს ისტორია შუაში წყდება და წიგნი მე-20 საუკუნის 30-იან წლებზე მოღვაწე ამბით გრძელდება და ასე ქრონოლოგიურად ვითარდება პოსტ აპოკალიპტურ მომავლამდე, რომლის შემდგომაც ისტორიები საპირისპირო მიმდევრობით ვითარდება, ანუ ბოლოს წიგნი იმავე მე-19 საუკუნეში განვითარებადი ისტორიით მთავრდება.

წიგნის იდეა – “ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია,” და ამიტომაც წიგნში მიმდინარე ყველა მოქმედება პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს სხვაგან განვითარებად მოვლენებზე.

ასეთი სტრუქტურა და იდეა მიტჩელისთვის ახალი არაა, მან მსგავსი სტილი თავის პირველ რომანში – Ghostwritten (ამ წიგნზე სხვა პოსტში ვისაუბრებთ) გამოიყენა, თუმცა “ღრუბლიან ატლასში” მან ის დახვეწა, განავითარა და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ავტორი თანამედროვე ბუმბერაზი მწერლების გვერდზე დააყენა.

არ გეგონოთ რომ მიტჩელის სიძლიერე მხოლოდ უსაზღვრო ფანტაზიაში გამოიხატება, მეტიც, მიტჩელის უპირატესობა  ენის ფლობა და წერის ტექნიკაა. აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი ორიგინალში, ინგლისურში, თუ ამის საშუალება გაქვთ. მიტჩელი ენაზე ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებს, ექვს სხვადასხვა ისტორიას, სხვადასხვა წერის სტილი აქვს, ავტორი ქამელეონივით იცვლის წერის მანერას და მკითხველს ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებს, თითქოს წიგნი ექვსი სხვადასხვა ავტორის და ეპოქის პირმშო იყოს.

მე-19 საუკუნეში მიმდინარე მოვლენები დღიურში გაკეთებული ჩანაწერების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც ამავე კლასიკური ეპოქის ავტორის, სიტყვაზე ჩარლზ დიკენსის ბატის ფრთით დაწერილი უფრო გეგონებათ, ვიდრე 21-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლის მიერ კომპიუტერზე აკრეფილი ტექსტი. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში წიგნში ასახული  მოვლენები კიდევ იმავე პერიოდის ნებისმიერ დეტექტივის ავტორს შეშურდებოდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ლინგვისტურ ექსპერიმენტს მიტჩელი ბოლო ორ, შორეულ მომავალში მიმდინარე მოვლენების აღწერისას იყენებს.

ამ შემთხვევაში ავტორი იმდენად შორს მიდის, რომ ჰიპოტეტიურად წარმოიდგენს ინგლისური ენის დეგრადაციას და ამავე ენით, განგებ შეცდომებით გვიყვება ისტორიებს. განსაკუთრებული აღშნივნის ღირსი ბოლო, პოსტ აპოკალიპტური ისტორიაა, სადაც ენა იმდენად დამახინჯებულია რომ ტექსტის გაგება ძალიან ჭირს.

ღრუბლიანი ატლასის კითხვისას მკითხველი ავტორის უსაზღვრო განათლებას და ენაკვიმატობას აღმოაჩენს, რომელიც ხშირად აიძულებს წინადადები და ზოგიერთ შემთხვევაში, აბზაცებიც კი ფანქრით აღნიშნოს.

აი, რამდენიმე ასეთი ;

“My television died the night Georgia Bush II snatched the throne and I haven’t dared replace it,” რაც თარგმანში დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს; “ჩემი ტელევიზორი მაშინ მოკვდა როდესაც ჯორჯ ბუშ მეორემ ტახტი მიითვისა და მას შემდეგ მისი გამოცვლა არ გამიბედია”.

სხვა ეპიზოდში წიგნის ერთ-ერთი გმირი სავსე მატარებელში შედის და შემდეგ ფრაზას ამბობს; “At least I had a seat, and I wouldn’t have given it up for Helen Keller,” (ყოველშემთხვევაში ადგილი მაინც ვიშოვე და მას თვით ჰელენ კელერსაც კი არ დავუთმობდი).

“Oh, diplomacy, it mops up war’s spillages; legitimizes its outcomes; gives the strong state the means to impose its will on a weaker one, while saving its fleets and battalions for weightier opponents. Only professional diplomats, inveterate idiots and women view diplomacy as a long-term substitute for war” (აჰ, დიპლომატია, ის წმენდს ომით მიერ გამოწვეულ ჭუჭყს; ხდის ლეგიტიმურს მის შედეგებს; აძლევს შესაძლებლობას ძლიერ სახელმწიფოს ბერკეტებს მოახვიოს საკუთარი ნება სუსტს და ამ დროს ინახავს საკუთარ ფლოტს და ბატალიონებს უფრო ძლიერი ოპონენტებისთვის. მხოლოდ პროფესიონალ დიპლომატებს, გამოუსწორებელ იდიოტებს და ქალებს სჯერათ რომ დიპლომატია ომის გრძელვადიანი შემცვლელია).

მიუხედავად იმისა რომ ღრუბლიანი ატლასი გარკვეულწილად ფანტასტიური ჟანრის ნაწარმოებების რიცხვს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ის უპირველეს ყოვლისა უაღრესად ჰუმანისტური და ფილოსოფიური წიგნია. წიგნი, რომელიც სამყაროს ხშირ შემთხვევაში მცდარ და უაზრო ფასეულობებს, ცალკეული პიროვნებების მიერ გმირობის ტოლფას ქმედებებს და იდეებს უპირისპირებს, რომელიც ყველაზე პესიმისტ მკითხველსაც კი ადამიანისადმი რწმენას უბრუნებს.

რეალითი შოუ სახელად “საქართველოს მომავალი”

ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ მის პრევენციას ვახდენთ 

რეი ბრედბერი

საქართველო. 2026 წელი.

სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ ტერიტორიულ სამსახურში ჩვეულებრივი სამმართველოს ხელმძღვანელი ბატონი ნუგზარ დამღლელაძე ორშაბათ დღეს საკუთარ კაბინეტში უამრავი მაკულატურის, ძველი კომპიუტერის და მესამე ჭიქა ყავის გარემოცვაში რუტინულ სამუშაოს, ანუ მოქალაქეობის გაცემის და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ბატონი ნუგზარი ტელეფონის ღილაკს აჭერს მდივანთან დასაკავშირებლად. ღილაკის დაჭერისთანავე აპარატიდან გაისმის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი ქალის ხმა, “ხო, ნუგზარ გისმენ.”

ბატონი ნუგზარი: შემოუშვი.

მდივანი: ახლავე

ორიოდე წუთში მდივნის თანხლებით კარებში ახალგაზრდა 25-30 წლის მამაკაცი ჩნდება, მიუხედავად იმისა რომ მდივანს პირის ღრუ საღეჭი რეზინით აქვს დაკავებული მისი მიმართვა “შედით” ახალგაზრდას, სახელად ნიკოს გზას სამართველოს უფროსის მაგიდისკენ უკაფავს. მაგიდის და შესაბამისად ბატონ ნუგზარის დანახვისთანავე ახალგაზრდა ნიკოს ერთის მხრივ კედელზე  საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტზე ეხსნება ხედი და მეორეს მხრივ ერთ-ერთ კუთხეში ჩართული ტელევიზორი, რომელიც ასევე ბატონ პრეზიდენტს გამოსახავს, ოღონდ ფოტოსგან განსხვავებით მოძრავს და მოლაპარაკეს.

ოდესღაც ახალგაზრდა რეფორმატორი და წინამორბედ ხელმწიფესთან მებრძოლი ამჟამად 60 წლის ასაკს გადაცილებული პრეზიდენტი საუბრობს სახელმწიფოს წარმატებებზე პოლიციის, ინფრასტრუქტურის და კორუპციასთან ბრძოლის დარგში, ის ასევე აღნიშნავს საფრთხეს ჩრდილოელი მეზობლის სახით და იმაზე რომ ერს არ უნდა ეძინოს და ყოველთვის უნდა იყოს მზად მორიგი საფრთხისთვის, მითუმეტეს მაშინ როდესაც დედაქალაქიდან 50 კილომეტრის მოშორებით ოკუპანტია განლაგებული.

ბატონი ნუგზარი: გთხოვთ, შემობრძანდით, დაბრძანდით.

ნიკო მასპინძელს მადლობას უხდის და მაგიდის წინ განლაგებულ სკამზე თავსდება.

ბატონი ნუგზარი სათვალეებს იმაგრებს, მის წინ მდებარე ქაღალდებს ათვარიელებს და თან ნიკოს მიმართავს, “ესეიგი საფრანგეთის მოქალაქე ბრძანდებით და საქართველოს მოქალაქეობაზე გაქვთ შემოტანილი საბუთები, საინტერესოა, თქვენ უნდა გესმოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ღირსეული თანამემალუეების რეპატრიაციას…”

ნიკო იღიმის და თანხმობის ნიშნად მოკლედ პასუხობს, “დიახ, დიახ”

“თუმცა მოქალაქეობის მისაღებად როგორც იცით პატარა ტესტია გასავლელი,” აგრძელებს ბატონი ნუგზარი, “მაგრამ მერწმუნეთ ეს მხოლოდ ფორმალობაა, არაფერი განსაკუთრებული.”

ნიკო: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა.

ბატონი ნუგზარი: ისე ამდენი ხანი სად იყავით, ახლა რომ მოგვმართავთ.

ნიკო: ბოდიში?

ბატონი ნუგზარი: ადრე შეგეძლოთ მოგემართათ, ჩვენი ქვეყანა პირველი წელი არაა რაც წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ხომ გესმით?

ნიკო: დიახ, დიახ რა თქმა უნდა, მაგრამ მე პატარაობაში მომიწია საქართველოდან საფრანგეთში გადასვლა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გადაწყვიტეს ჩემმა მშობლემა იძულებით სამშობლოს დატოვება. მას მერე ვერა და ვერ დავაყენე საშველი, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემთან იყო.

ბატონი ნუგზარი: დიახ, დიახ მესმის, ეს შევარდნაძის დრო მაინც რა საშინელი პერიოდი იყო, რამდენ ღირსეულ მოქალაქეს მოუწია სამშობლოს დატოვება, ხომ მეთანხმებით.

ნიკო: ხო, ხო, რა თქმა უნდა…

ბატონი ნუგზარი: არაუშავს ნიკო, ახლა მთავარია ჩვენთან ხარ. ხომ შეიძლება შენობით მოგმართო?

ნიკო: რა თქმა უნდა.

ამ სიტყვების შემდგომ ბატონი ნუგზარი მცირე პაუზას აკეთებს, კვლავ ტელეფონით მდივანს უკავშირდება და თხოვს მისი ორი ასისტენტის შემოგზავნას, რის შემდეგაც სიგარეტს უკიდებს და თან სტუმარს სთავაზობს.

გაკვირვებული ნიკო სიგარეტს უარყოფს და თან აყოლებს, “შენობაში ეწევით?”

ბატონი ნუგზარი: ხო, რა თქმა უნდა, რატომ გაგიკვირდათ?

ნიკო: არა უბრალოდ უჩვეულია, საფრანგეთში უკვე 20 წელია რაც აკრძალულია.

ბატონი ნუგზარი “ა ხო-ს” იძახის და თან ხმამაღლა იძახის, “არა რა, რაღაცეები მაინც ჩვენგან უნდა ისწავლონ ამ ევროპელებმა.”

რამდენიმე წუთში ოთახში ორი პრაქტიკულად იდენტური ერთი სიმაღლის და საშუალო ასაკის მამაკაცი ჩნდება.

ბატონი ნუგზარი: გაიცანით, შაქრო და ზაქრო.

ნიკო: სასიამოვნოა.

შაქრო და ზაქრო უხმოდ ესალმებიან სტუმარს.

ბატონი ნუგზარი: ბატონ ნიკოს მოქალაქეობის მიღება სურს, ახლა დასკვნით ეტაპზეა, ბიჭებო ტესტი უნდა ჩავატაროთ, ჩვენ რომ ვიცით ისეთი, ხოდა მგონი ამ ოთახშივე შეგვიძლია შორს რომ არ ვიაროთ, რას იტყვით.

შაქრო და ზაქრო ერთდროულად ირონიულად იღიმიან და კვლავ უსიტყვოდ ეთანხმებიან უფროსს.

ბატონი ნუგზარი ეკითხება ნიკოს არის თუ არა ის წინააღმდეგი ტესტი სწორედ იმ კაბინეტში ჩატარდეს, რაზეც ნიკო მოკრძალებით პასუხობს რომ “რა თქმა უნდა არა.”

შაქრო და ზაქრო სკამებს იმარჯვებენ და ნიკოს მარცხნიდან და მარჯვნიდან უსხდებიან.

ბატონი ნუგზარი უხსნის ნიკოს ტესტის პროცედურებს და თან აყოლებს რომ ტესტი უბრალო შეკითხვებისგან შედგება და მასში განსაკუთრებული არაფერია და ამიტომაც შეიძლება არაფორმალურ ვითარებაში ჩატარდეს.

ბატონი ნუგზარი: ბატონო ნიკო, მარტივი შეკითხვებით დავიწყოთ. როდის გახდა საქართველო დამოუკიდებელი?

ნიკო: 1991 წელს.

ბატონი ნუგზარი: ბოდიში?

ნიკო მოკრძალებით და ყოყმანით: ათას ცხრაას ოთხმოოცდაა…

ბატონი ნუგზარი: კარგად დაფიქრდით.

ნიკო: ზუსტად არ მახსოვს, ან ოთხმოოცდაათი ან ოთხმოცდათერტმეტი არაა?..

ბატონი ნუგზარი: აააჰ… საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას გულისხმობ შენ. მე მაგას არ გეკითხები, მე გეკითხები როდის გახდა საქართველო რეალურად დამოუკიდებელი?

ნიკო: არ მესმის რას მეკითხებით…

ბატონი ნუგზარი: კარგი დაგეხმარები, ეგ არაფერი თუ ეს შეგეშალა, 2003 წელს

ნიკო: ბატონო?

ბატონი ნუგზარი: რაც გაიგე, საქართველო რეალურად დამოუკიდებელი 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს გახდა, სწორედ მანდედან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობა.

ნიკო დაბნეულია, მაგრამ ცდილობს სამმართველოს უფროსს არ შეეკამათოს. შაქრო და ზაქრო უსიტყვოდ და ზედმეტი ემოციის გარეშე აკვირდებიან დიალოგს.

ბატონი ნუგზარი სიგარეტის მოწევას აგრძელებს და თან ნიკოს მიმართავს, “კარგი, ეგ არაფერი, რიცხვებს იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, საზეპიროებზე უფრო მეტად ყოველთვის ანალიზს ვანიჭებდი უპირატესობას, ხოდა აჰა შენ შემდეგი შეკითხვა. არსებობს თუ არა საქართველოში კრთამის აღების პრეცედენტები?

ნიკო: როგორ გითხრათ…

ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონი ნუგზარი სიგარეტს აქრობს და თითის ძლიერი დაჭერით რამდენიმე წამის განმავლობაში საფერფლეში აქრობს, თან ნიკოს სერიოზული სახით პირდაპირ თვალებში უყურებს.

ნიკო: … კორუპცია ყველგან არსებობს, ნებისმიერ საზოგადოებაში, თუმცა გააჩნია რაოდენობას და ხარისხს…

ბატონი ნუგზარი: აი, ახლა ჟან ჟაკ რუსო და მაგისნაირები არ გვინდა, თორემ განახებ მე შენ ვოლტერს.

ნიკო კრთება, ასეთ კომენტარს არ ელოდება და ცოტატი შეშინებული მიმართავს სამმართველოს უფროსს, “მე მეუბნებით?”

ბატონი ნუგზარი: ხო, ხო შენ, საქართველოს მოქალაქეობა თუ გინდა წესიერად მოიქეცი. შენხელა ბიჭს უნდა ესმოდეს რომ საქართველოში კორუპცია აღარ არსებობს, მადლობა ვარდების რევოლუციას.

ნიკო ამჯობინებს არაფერი უპასუხოს.

ბატონი ნუგზარი: ნიკო, კარგი ბიჭი ჩანხარ და ზედმეტ აზრებს ნუ ჩაიდებ მაგ თავში, ახლა ის მითხარი, ვთქვათ დაიწყე მუშაობა და ხედავ რომ შენი კოლეგა იპარავს, ფულს ან რამე სხვას, რას იზამ?

ნიკო: უფროსს შევატყოვინებ.

ბატონი ნუგზარი: აი ხომ ხედავ, შეგნებული მოქალაქე ჩანხარ და ეგეთია ყველა ჩვენი მოქალაქე. ახლა ის მითხარი, შენი უფროსი თუ იპარავს, რას იზამ?

ნიკო: მასზე ზემდგომს შევატყობინებ.

ბატონი ნუგზარი: მასზე ზემდგომი თუ იპარავს?

ნიკო: პოლიციას შევატყობინებ.

ბატონი ნუგზარი მეორე სიგარეტს უკიდებს და ისევ სერიოზული მზერით აშტერდება ნიკოს, თან ამატებს, “მე კიდევ მეგონა გამოასწორე პასუხები. ყველაზე უფროსი თუ იპარავს, ესეიგი ესეა საჭირო და თან არც იპარავს, უბრალოდ საქმეს უდგება სწორედ. გაიგე, ბიჭო?

ნიკო: ბატონო ნუგზარ, არ მესმის… ეს რაღაც ხუმრობაა?

ბატონი ნუგზარი: ხუმრობა მაშინ იქნება მოქალაქეობას რომ ვერ მიიღებ, მე კიდევ მეგონა შეგნებულ ადამიანთან მქონდა საქმე.

ამ სიტყვებზე შაქრო დგება და სკამი ზაქროსკენ გადააქვს, რის შემდგომად ჯდება და მის კოლეგას ყურში ჩასჩურჩულებს, “არ მომწონს ეს ტიპი.” ზაქრო დასტურის ნიშნად ჩუმად თავს უქნევს.

ბატონი ნუგზარი შეკითხვებს განაგრძობს, “კიდევ მოგცემ შანსს, მაგრამ იმედია ახლა მაინც გამოასწორებ, წარმოიდგინე რომ ქუჩაში ხარ, გხვდება სამართალდამცავი და გაფურთხებს…”

ნიკო ამ სიტყვების გაგონებაზე თავს ვერ იკავებს და სამმართველოს უფროსს მიმართავს, “ბოდიში? ვერ გავიგე, რატომ უნდა შემაფურთხოს სამართალდამცავმა?..”

ამ შეკითხვის გაგონებაზე შაქრო ზაქროს კვლავ ყურში ჩასჩურჩულებს, “ამ ტიპის პასუხები და შეკითხვები აშკარად რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.” შაქრო დასტურის ნიშნად თავს აქნევს.

ბატონი ნუგზარი თავის მხრივ შეკითხვის გაგონისთანავე ფეხების ბაკუნს და თვალების ტრიალს იწყებს, “ბიჭო, რომ გეუბნები შეგაფურთხა, ესეიგი ეგრე უნდა იყოს, რა ვერ გაიგე?”

ნიკო: კარგით თუ ასეა რას ვიზამ და მეც შევაფურთხებ, წინააღმდეგობას გავუწევ, არავის მივცემ უფლებას ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფა მომაყენოს…

ბატონი ნუგზარი: შენ ბიჭო ხომ არ ჩუკენეობ, თუ შეგაფურთხა, ესეიგი ეგრე იყო საჭირო, რა წინააღმდეგობა, რის წინააღმდეგობა, აზრზე მოდი, სამართალდამცავია, ჩვენი ქვეყნის სიდიადეს იცავს, რომლის მოქალაქეობის მიღებას შენნარი უღირსი ტიპები ცდილობენ.

შაქრო და ზაქრო სინქრონულად დასტურის ნიშნად თავს აქნევენ, რის შემდეგად შაქრო პირველად საჯაროდ იღებს ხმას, “თავიდანვე არ მევასა ეს ტიპი, კაგებეს სუნი ასდის, საბჭოეთის გადმონაშთია.”

ბატონი ნუგზარი ნიკოს საყურადღებოდ თითს შაქროსკენ იშვერს და გაიძახის, “შაქრო, ეს არის შაქრო, შაქრო ადამიანებში არასდროს ცდება, მე შევცდი ამ კაბინეტში რომ შემოგიშვი, მაგრამ ახლა ნათელია რომ მაგარი ცუდი ტიპი ხარ. მოქალაქეობა უნდა, “იშ ტი, რაზმეჩტალსა.”

შემკრთალი, შეშინებული, გაოცებული და დილემაში ჩაგდებული ნიკო ცდილობს თავი ხელში აიყვანოს და გამოაცხადოს, “არა, არა ბატონო, არ მინდა, აღარ მინდა მოქალაქეობა ყოველივე იმის მერე რაც აქ გავიგონე.”

ბატონი ნუგზარი არ შოშმინდება, ფეხების ბაკუნს და თვალების ბრიალს განაგრძობს, “მოქალაქეობა? მოქალაქეობა კი არადა, აქ საქმე ეჭვი მაქვს სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან გვაქვს, შპიონაჟის სუნი მცემს.

ნიკო კიდევ უფრო გაოცებულია.

ბატონი ნუგზარი: რა მიზნით ჩამოხვედი? კრემლის აგენტი ხარ? ჰააა, დროზე, დაყაჭე!

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ბატონი ნუგზარი სკამიდან დგება და ასისტენტებს უცხო მოქალაქის გაკოჭვას უბრძანებს, რის შემდეგაც ტელეფონისკენ მიემართება და მდივანს შესაბამისი ორგანოების გამოძახებას სთხოვს.

ფონად ტელევიზორის გუგუნი და საქართველოს წარმატებებზე მონოლოგი ისმის…

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

რამდენიმე წლის წინ სიგარეტის განებების შესახებ გადაწყვეტილება ერთ ჩემ ნაცნობს ვაუწყე, რომელმაც გაიკვირვა და განაცხადა რომ ამის გახმაურება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი და საზოგადოებაშიც დაპირების შეუსრლულებლობის შედეგად უფრო ცუდად გამოვჩნდებოდი.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტა იმ ჩემ ნაცნობმა რომ მოწევას თავს ვერ დავანებებდი (დავანაბე, ერთ წელიწადში კვლავ განვანახლე მაგრამ მაინც…), მაგრამ დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც სურდა; არ შეიძლება გააკეთო დაპირება თუ ამის შემსრულებელი არ ხარ.

თუმცა, ამავდროულად დაპირება შეიძლება სტიმულატორი აღმოჩნდეს, რომელიც გაიძულობს გააკეთო საქმე რომელიც სხვებს, საჯაროდ შეპირდი. თუ პასუხისგებლობის გრძნობით ხარ დაჯილოდვებული უკან დასახევ გზას არ იტოვებ და დაპირებას ან ასრულებ ან სახალხოდ თავს იტეხ.

აქ დაპირება მინდა გავაკეთო, უფრო სწორად განცხადება.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას. ერთ წლიანი (რომელიც აღინიშნებოდა მრავალი წამოწყება-ფიასკოებით) შესვენების შემდეგ გვპირდებით რომ გარკვეული დროის შემდგომ საშუალება მექნება შემოგთავაზოთ ფანტასტიკურ/ფენტეზი ხასიათის ახლად გამოგონილი სამყარო, გაჯერებული ადამიანებით, მითიური და გამოგონილი არსებებით, სხვადასხვა ტიპის რასებით, დასახლებებით, რაციონალური და ირაციონალური მოვლენებით, მაგიით და მეცნიერებით, რწმენით და ურწმუნოებით.  ეს რაც შეეხება ფორმას, ხოლო შინაარსობრივად ეს მაინც იქნება ადამიანის “მოგზაურობა საკუთარ თავში,” ადამიანის რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ბოროტება და სიკეთე, შეიცნოს საკუთარი თავი ისევე როგორც ირგვლიმყოფნი.

გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდგომ ამავე ბლოგზე შესაფასებლად შემოგთააზებთ  ნაწარმოების პირველ რამდენიმე გვერდს. ფენტეზიში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მომაწოდოთ ლიტერატურული, კინომატოგრაფიული თუ სხვა სახის მასალა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობი და წერისას გამოვიყენებ. მოკლედ ველოდები გამოხმაურებებს, სურვილებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ა.შ.

…პოტენციურ გამომცემლებისგან კი აქტიურობას

“დარჩი ბუნჩულა, კეთილი და პატიოსანი, არ ჩაერიო პოლიტიკაში.” ინტერვიუ ნიკა ქობულაძესთან.

დღევანდელი სპეცინტერვიუს სტუმარია ნიკა ქობულაძე, პროფესიით ეკონომისტი, ის საუბრობს პოლიტიკაზე, ფანტასტიკაზე და ფეხბურთზე.

– არსებობს თუ არა საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისი და თუ კი რაში ხედავ მიზეზებს?

ერთია მე რას ვხედავ და მეორეა რა არის აქტუალური დღეს, საერთოდ ჩვენნაირ და არამარტო ჩვენნაირ სახელმწიფოებში, მოგვწონს თუ არა, როგორც წესი სხვები წყვეტენ ხოლმე არის თუ არა კრიზისი, უფრო სწორად რომ ვთქვა დღეს მთავარი პრობლემაა ის არის რაზეც საუბრობენ, რადგანაც ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს ტელევიზიას ის არ საუბრობს კრიზისზე, საუბრობს აღმშენებლობაზე და წარმატებებზე, ასე რომ უფრო სწორი იქნება ვთქვათ რომ კრიზისი არის მაგრამ ჯერჯერობით არც ისე იგრძნობა და ტელერეალობა ძლევს რეალობას, ამის მიზეზი ბანალურია ხელისუფლებას ისევ აქვს ის ფინანსური დახმარება დარჩენილი რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ მივიღეთ..

–  საქართველოში ძალიან ძლიერია მოსაზრება რომ პოლიტიკაბინძურიადა მასში ყველაზე ცუდი ხალხი მიდის. ეთანხმები ამ მოსაზრებას ან რას ფიქრობ ზოგადად ამაზე?

– ეს არის მოსაზრება რომელიც ძალიან, აი ძალიან მაღიზიანებს, მთავარი იცი რა არის ამ მოსაზრებაში ??? განცხადება რომ პოლიტიკა ბინძურია და შენ არ უნდა ჩაერთო ამ სიბინძურეში, აი მე ვიქნები ცუდი, ბოროტი ტიპი და გავაკეთებ იმას რაც მინდა მაგრამ შენ არა, შენ ხომ ბუნჩულა, კეთილი და პატიოსანი ხარ მოკლედ რეალურ ცხოვრებაში რომ გადავიყვანოთ და ამერიკული კინოსტანდარტები მივუსადაგოთ ტიპიური ლუზერი ხარ, ხოლო ლუზერების ადგილი კი პოლიტიკაში არ არის. მე მგონია რომ ეს მანამდე იქნება ასე სანამ სუფთა ხალხი არ გამოვყრით პოლიტიკიდან ბინძურებს. ელემენტარულია…

როგორი პოლიტიკა სჭირდება ამ ეტაპზე საქართველოს ან ზოგადად მსოფლიოს?

– დათო,  ეს კითხვა ხო ხვდები როგორია, ჩემთვის როგორც ძალიან იდეოლოგიზირებული და სუბიექტური ტიპისთვის: პროპაგანდის საშუალებაა, ვფიქრობ რომ პოლიტიკური ბალანსია შესაცვლელი, 40 წლიანმა ნეო-ლიბერალურმა კონტ-რევოლუციამ მთლიანად მოახდინა იმ მიღწევების ნიველირება რომელიც ასე მძიმე ბრძოლით იქნა მიღწეული, ნეოლიბერალიზმი ხო სხვა არაფერია თუ არა მაღალი კლასების სიმართლე. გასული საუკუნის 70-80 იან წლებში ეგონათ რომ თუ მაღალ კლასებს გადასახადებს შეუმცირებდნენ და მოახდენდნენ ძვირი კეთილდღეობის სახელმწიფოს რეფორმირებას, ეკონომომიკა გაჯანსაღდებოდა, ბიზნესი დაიწყებდა ფულის რეინვესტირებას, მაგრამ ვაი რომ ეინ რენდის რომანებში არსებული ბიზნესმენები მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს და ისიც მხოლოდ მარგინალი მწერლების, რეალობაში აღმოჩნდა რომ პრობლემები არათუ გადაიჭრა არამედ გაცილებით უფრო ღრმა ფაზაში შევიდა. ძვირი მაგრამ პასუხისმგებლიანი კეთილდღეობის სახელმწიფო გადაიზარდა ნეოლიბერალურ მონსტრში რომელიც გარდა ეკონომიკური საპნის ბუშტებისა სხვა ალტერნატივის შემომთავაზებელი არ არის.

– ცოტა რამ ფანტასტიკაზე. ვინ არიან შენი საყვარელი ფანტასტები და ერთი ორი სიტყვით მათ როლზე თუ შეგიძლია ისაუბრო?

– ძალიან გული მწყდება როდესაც ფანტასტიკას არ თვლიან სერიოზულ ჟანრად, ის გაცილებით უფრო ღრმაა და საინტერესოა ვიდრე ძალიან ბევრი „სერიოზული“ წიგნები, უბრალოდ რაღაც სტერეოტიპია თუ წერ მომავალზე აუცილებლად არასერიოზული ტიპი უნდა იყო ხოლო დაწერ რაიმეს ფსევდო-ინტელექტუალური მანერით და ამავდროულად გაუგებრად მაშინ აუცილებლად მოდური. არ მესმი მაგალიტად სტანისლავ ლემის სოლარისი რით ჩამოუვარდება აღიარებულ ლიტერატურულ შედევრებს??? ან თუნდაც აზიმოვის ან ბრედბერის(რომელიც მე არ მიყვარს) რომანები. ან თუნდაც ერიკ რასელის, ჰარისონის, სტრუგაცკების, ეფრემოვის თუ სხვების და სხვების.

– რეი ბრედბერიმ თქვა: “ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ მომავალს, ჩვენ ვცდილობთ შევცვალოს ის კარგისკენ” – რას ფიქრობ ამაზე? თვლი თუ არა რომ ფანტასტიკაში უნდა იყოს სატირის ელემენტი და ის საზოგადოების გაკრიტიკებას უნდა ცდილობდეს?

– საკვირველია ეს ბრებდერიდან, რომელიც მიუხედავად გენიალური წერის მანერისა იდეებით აშკარად სხვა პოლისზე დგას, ისე კი ვეთანხმები, რამდენიმე ხნის წინ ერთი ჩემი მეგობარი გაკვირვებული მეკითხებოდა, რატომ აფანატებს ჩემი ყველა მემარცხენე მეგობარი ფანტასტიკაზე?? პასუხი მარტივია, მას ჯერ კიდევ 160 წლის წინ მარქსმა გასცა „ადრე ფილოსოფოსები ხსნიდნენ სამყაროს, ჩვენი მიზანი კი მისი შეცვლაა“ ამიტომაც არის რომ მემარცხენეებს გვიყვარს ფანტასტიკა, ეს ხომ საშუალებაა მომავალი დავინახოთ . მომავალი არამარტო პოზიტიურ კონტექსტში არამედ თავისი ნაკლოვანებებით და პრობლემებით. სატირას რაც შეეხება ეს ინსტრუმენტია, ყველაზე ძლიერი იმისთვის რომ დღეს არსებული პრობლემები დაანახო სხვას, თუნდაც მომავლის მაგალითზე. მაგალითად ავიღოთ ერიკ რასელის „აბრაკადაბრა“ ეს არის მცირე (10 გვერდია) მოთხრობა სადაც გენიაულურად არის დახატული ბიუროკრატიული იდიოტიზმი,. ან მაგალითად შეკლის „სტატუსის ცივილიზაცია“ სადაც სულ სხვა მორალია, რომელიც ახლო ხედიდან ანალოგიურად იდიოტურია როგორიც ჩვენი.

– ქართულ ფანტასტიკაზე რას იტყოდი? არსებობს საერთოდ?

– არ ვიცი, მგონი არც არსებულა და არც ჩანს რაიმე რომ ეს უკეთესობისკენ შეიცვალოს.

–  ფეხბურთიმტკივნეული თემაა საქართველოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ტრადიციულად ის პოპულარულად ითვლება საქართველოში, ბოლო ოცწლეულის წარუმატებლობა წინა პლანზე რაგბის და კალათბურთს აყენებს. თვლი თუ არა ფეხბურთი კვლავ აქტუალურია საქართველოში?

– ფეხბურთი ყოველთვის იყო და არის აქტუალური, უბრალოდ ფეხბურთი გაცილებით უფრო სიღრმისეულ მიდგომას მოითხოვს დღეს ვიდრე თუნდაც რაგბი. თან რაგბში რუსებს ვუგებთ და ეს დამატებით მოტივაციად იქცა „ჩხუბის“ შემდგომი მუშტების მოქნევის მოყვარულთათვის.

რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ფეხბურთის კრიზისიდან ამოსაყვანად?

– რავი,  დათო მგონი საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ჩარევის გარეშე ფერხბურთს არაფერი არ ეშველება, რაც არ უნდა ვიძახოთ არიქა მოვა ბიზნესი და უშველისო, არ მოდის და რა ვქნათ, არ სჭირდება ბიზნესს ფეხბურთი მას სულ სხვა ინტერესები აქვს.

გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ რა აზრის ხარ?

– ვიქნები გამორჩეული და ვიტყვი რომ მომეწონა, არ მიყვარს როდესაც დიდი სახელმწიფოების დომინაციაა, ჩემთვის როგორც პარაგვაის, ურუგვაის და სხვა პატარა სახელმწიფობის გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო ეს ჩემპიონატი, რაც მთავარია ის ჩატარდა აფრიკაში და დარწმუნდა ყველა რომ ასეთი დონის ღონისძიებები გარდა მაძღარი ევროპისა და სხვა მხარეებისა აფრიკაშიც არის შესაძლებელი.

–  რამეს ხომ არ დაამატებდი? რას უსურვებდი სხვა რესპოდენტებს და ზოგადად ამ რუბრიკაზე რა აზრის ხარ?

ძალიან მომწონს, საინტერესო ინტერვიუები იყო, ამ მხრივ გამიმართლა ჩემი მეგობრების ინტერვიუები იყო და რამდენიმე საინტერესო რამ გავიგე მათზე რაც ადრე არ ვიცოდი. სხვა რესპოდენტებს ვუსურვებდი იმას რომ ცოტა მეტად ვიყოთ გულწრფელები 🙂

 

ცოტა რამ კინო ფანტასტიკის შესახებ

პირველ რიგში ავღნიშნავ იმას, რომ ამ წერილში მიზანმიმართულად არ დავწერ რამდენიმე საკულტო ფილმზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე მაგალითად სიაში არ შევიყვანე “ვარსვკავთა ომები”იმ უბრალოდ მოტივით, რომ არ მაქვს ყველა ეპიზოდი ნანახი, მეორე ასეთი ფილმი “ბეჭდების მბრძანებელია,” მართალია ამ სიკველის სამივე ნაწილი მაქვს ნანახი, თუმცა თავს არ ვთვლი ღირსად ვისაუბრო ზოგადად ამ ისტორიაზე, ჩემი ცოდნა საამისოდ საკმარისი არაა. ამიტომაც, ამ და რიგ სხვა ფილმებზე რეცენზიის დაწერა ჩემი მხრიდან თავისებური მკრეხელობა იქნებოდა, დავწერ მხოლოდ იმ ნამუშევრებზე, რომლებშიც საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულად ვგრძნობ.

მე-5 ელემენტი – ლიუკ ბესონი

“ბიგ ბადა ბუმ” – ძალიან საყვარლად გვეუბნება მილა იოვოვიჩის პერსონაჟი ფილმის დასაწყისში, რაც ვერცერთ მაყურებელს დატოვებს გულგრილს. “ბიგ ბადა ბუმ” – სულ სხვა ტონით იმეორებს ბრიუს ვილისი, კერძოდ კი მამაკაცურით, რომელიც საყვარელი სულაც არ არის… პრინციპში არც უნდა იყოს საყვარელი, მან ხომ სამყარო უნდა გადაარჩინოს, ეს აქსიომაა, თუ ბრიუს უილისი რომელიმე ფილმში თამაშობს ყველა გადარჩება… სხვათაშორის ტიტანიკში, რომ ეთამაშა იგივე ექნებოდა. საერთოდ ფრაზები ამ საკულტო ფილმში ცალკე თემაა, მაგალითისათვის “მულტიპას”, ან უილისისადმი მიმართვა “კორვინ დალას, კორვინ დალას”, ვისაც ნანახი აქვს ალბათ ახსოვს ის ხმა, რომელიც საყოველთაო გმირს ეძახის. ფილმი რამდენჯერმე მაქვს ნანახი, საერთოდ ალბათ რთულია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც პირველი ნახვის შემდეგ ამის მეორედ გაკეთება არ მოუნდეს. ყველა მნიშვნელობით საკულტო ნამუშევარია და მსოფლიოშიც ბევრი მიმდევარი ეყოლება.

მატრიცა – ძმები ვაჩოვსკები
პირველად ამ ფილმს კავკასიაზე მოვკარი თვალი, საშინელი თარგმანი იყო და მეც რაღაც ჩვეულებრივ კომერციულ პროექტად მომეჩვენა, რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ვცდებოდი. Mმატრიცის პირველმა ნაწილმა თავის დროზე რევოლუცია მოახდინა, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გაოცებული დარჩა ეფექტებით და ჩადებული აზრით. არც კი ვიცი, ზოგადად “მატრიცაზე” ვისაუბრო თუ პირველ ნაწილზე, რადგანაც მეორე და მესამემ აშკარად ვერ გაამართლეს ფილმის მოყვარულების მოლოდინი, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ “მატრიცა” არ შეიძლება დაჰყო ნაწილებად, ეს ერთი მთლიანი ისტორია, რომელიც უბრალოდ რეჟისორებმა სამ ნაწილად დაჰყვეს, რადგანაც შეუძლებელია ჩაატიო ყველაფერ ერთ სამ საათიან სურათში. Aარადა, იდეა ახალი სულაც არ არის, კიბერბანკი ფილმამდე ბევრად ადრე არსებობდა და ბევრი მიმდივარიც ჰყავდა, თუმცა აღსანიშნავია, ის რომ სწორედ რომ ძმებმა ვაჩოვსკებმა გამოიტანეს ფართო ეკრანებზე და ამით მოახდინეს სტილის პოპულარიზაცია. საერთოდ “მატრიცას” შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს მთელი იდეის მხოლოდ მცირედ ნაწილს, ამაში ისინი დამეთანხმებიან ვისაც “ანიმატრიცა” აქვთ ნანახი, რომლიც ყურებისას ხვდები, რომ ნეო მხოლოდ ჭანჭიკია დიდ მანქანაში.

ავატარი – ჯეიმს კამერონი

სანამ “ავატარს” ვნახავდი ვიცოდი, რომ წინ დიდი სანახაობა მელოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. Kკინემატოგრაფიის განვითარების ამ ეტაპზე ასეთს ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ სულ მცირე 5 წელი მაინც დაველოდებოდი, რაიმე მსგავსის გამოშვებას, თუმცა ფაქტი ჯიუტია და “ავატარის” ყურებისას გაოცებას ეძლევი, თუ როგორ მოახერხეს საერთოდ ასეთი სურათის გადაღება. ფილმის დასრულების შემდეგ იმდენად ძლიერი იყო ემოცია გამოგონილი სამყაროს მიმართ, რომ კინოთეატრიდან გამოსულმა ხელი ჩავიქნიე რეალურ ცხოვრებაზე, ჩვენი “გრაფიკა” აშკარად ვერ ქაჩავს და პანდორაზე ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა. არადა, წლევანდელ ოსკარზე სულ სხვა ფილმს ვგულშემატკივრობდი, მაპატიოს იმ ფილმმა, რომელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ ოსკარი წელს “ავატარს” უნდა გადაეცეს. კამერონი ფილმზე 10 წელი მუშაობდა თურმე, შრომაც დაუფასდა და ახალ შექმნილმა სამყარომაც გაამართლა. ალბათ მაზოხისტი ან უგუნური უნდა იყო, რომ ფილმი პირველად სახლში უყურო, ამის ნახვა მხოლოდ დიდ ეკრანზე შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს, ვერასდროს აპატიებ, რომ ასეთი სანახაობა გამოტოვე. ფილმის სიუჟეტი უმარტივესია, თუმცა ამას ვინ ჩივის, მთავარია თვალი გაახარო და დატკბე შექმნილი გარემოთი, გამოგონილი არსებები, კერძოდ კი “ნავიები” იმდენად ლამაზები არიან, რომ მათ შემდეგ ჩვეულებრივ ადამიანებს სხვა თვალით უყურებ.

სამართებელზე მორბენალი – რიდლი სკოტი

ეს ფილმი პირველად ეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა და აშკარად დროს გაუსწრო, იმ ეპოქაში ასეთი სტილის ფილმებს ძირითადად დაბალი ბიუჯეტის გამო საკმაოდ უხარისხოდ იღებდნენ, რასაც ვერ იტყვი რიდლი სკოტის ნამუშევარზე, ფილმი აშკარად დაამშვენებდა გინდ 90-იანებს და გინდ 2000-საც. “ავატარისგან” განსხვავებით ამ ფილმის სიუჟეტი ბევრად რთულია და ცარიელი ეფექტების და ფანტასტიკური არსებების გარდა მდიდარია ასევე ფილოსოფიური მოტივებით, ეს პრინციპში ისტორიის ავტორის დამსახურებაა, ფილმი ხომ გენიალური ფანტასტის ფილიპ კონრად დიკის რომანის (“ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს ელექტრონული ცხვრები”) მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მოგვითხრობს ე.წ. რეპლიკანტებზე, რომლებიც გარკვეული ასაკის შემდგომ განადგურებულ უნდა იყვნენ, სიურპრიზი მაყურებელს ფილმის ბოლოს ელის. ფილმის ბოლოშივე ასევე შეგიძლიათ ნახოთ გენიალური ეპიზოდი სახლის სახურავზე, რომელიც დამშვენებულია ვანგელისის კომპოზიციით.

მე-9 უბანი – ნილ ბლომკაპმი

ძალიან ბევრი ვიცინე ფილმის დასაწყისში გამოყენებულ ფრაზაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერს: „დედამიწაზე ჩამოსულმა უცხოპლანეტელებმა, გაჩერება რატომღაც არა ა.შ.შ.-ში, არამედ სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტეს, მართლაც კოსმიურ ტურისტებს შორის ხომ ყველაზე პოპულარული ადგილი დემოკრატიის შუქურა და ჰოლივუდის სამშობლოა და არა რომელიმე სხვა სახელმწიფო. ფილმი საინტერესო სტილშია გადაწყვეტილი, შექმნილია ილუზია თითქოს იგი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და დოკუმენტალურ ხასიათს ატარებს, ახალ ამბებს რამდენიმე წელი, რომ არ ადევნებდე თვალს შესაძლოა დაიჯერო კიდეც, რომ ეს ისტორია მართლა მოხდა და სადღაც სამხრეთ აფრიკაში უცხოპლანეტელები თავს კატის კონსერვების ჭამით ირჩენენ. მართლაც, რომ განსხვავებული ფილმია და მაღალბიუჯეტიანი ფანტასტიკური ჟანრის ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. ისე აღსანიშნავია, რომ აქ უცხოპლანეტელები ადამიანებზე ბევრად „კარგი ტიპები“ არიან, ადამიანები კი ცდილობენ მათ გამოყენებას და განადგურებას,  სხვათაშორის ისევე როგორც  „ავატარში“,როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს კინორეჟისორებისათვის საკმაოდ აქტუალურია ადამიანური ეგოიზმისა და აგრესიის მაქსიმალურად უტრირებულ ფორმაში ასახვა.

სიცხე – დენი ბოილი

„ნემსზე“ ლეგენდარული ფილმის ავტორმა საკუთარი თავი ფანტასტიკის ჟანრში მოსინჯა და გამოუვიდა კიდეც, ეფექტებით მდიდარი და სანახაობრივი ფილმი თავგანწირვისა და გმირობის ამბავს მოგვითხრობს. სურათის მსვლელობის განმავლობაში აქტირუად ერთვები და გულშემატკივრობ ექსპედიციას, რომელიც მზეზე გააგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არაერთი ფილმი გადაგებულია, დენი ბოილის ოსტატობამ გვიჩვენა, რომ იგი კვლავ არ კარგავს აქტუალობას. ფილმი დამშვენებულია, ბრიტანელი კომპოზიტორის ჯონ მერფის მუსიკით, რომელიც ჰარმონიულად მისდევს ფილმის სიუჟეტს, ერთი ორი ეპიზოდი საერთოდაც ტრანსში გაგდებს და მონაკვეთის რამდენჯერმე ნახვის სურვილს გიღვიძებს.