Tag Archives: ფილმი

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 3, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

დიდხანს ვფიქრობდი თუ როგორ მექილიკა ტაბულას და ახალი ეკონომიკური სკოლის  პროექტზე, რომლის დამსახურებითაც გასულ კვირას აი ეს ვიდეო გავრცელდა და მივხვდი რომ ამის საჭიროება არ იყო. პირველ რიგში იმიტომ რომ ვიდეო გარკვეულწილად თავად წარმოადგენს ქილიკს საკუთარ თავზე. ვიდეო ჩარლი ჩაპლინის კინოფილმ Modern Times-ის კადრებით იწყება, იმ კინოფილმის კადრებით, რომელიც  დიდ დეპრესიას და ამერიკაში არსებულ ფინანსურ კრიზისს ეხმაურება, აკრიტიკებს თანამევედროებას და მოკლედ რომ ვთქვათ, იმ პერიოდის ამერიკაში რამე ფილმს თუ შეიძლება ეწოდოს ანტიკაპიტალისტური, ასეთს სწორედ რომ ჩაპლინის ეს ნამუშევარი წარმოადგენს. ამ დროს შემოდის წამყვანის ხმა, რომელიც გვამცნობს, რომ “კაპიტალიზმი თანასწორობას, ანუ უნარის მიხედვით წარმატების პრინციპს აღიარებს,” რის შემდგომაც  ოდნავ მაინც საღ გონებაზე მყოფ მაყურებელს უჩნდება ლეგიტიმური კითხვა, “WTF?”

რა არის უფრო საშიში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც იარაღს ატარებს, თუ “რეჟისორი,” რომელსაც კამერა ჩაუვარდა ხელში. ვფიქრობ ამ ვიდეოს გათვალისწინებით, რომელსაც ავტორმა ამაყად “მოკლემეტრაჟიანი კინო ჩანართი” დაარქვა, ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე ცალსახაა. ედ ვუდიც კი, რომელიც მსოფლიო კინემოტაგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცუდ რეჟისორად მიიჩნევა, არ მოიწონებდა ამ “მოკლემეტრაჟიან ფილმს”. ამ ნამუშევრის ერთადერთ ნათელ წერტილად შეგვიძლია ჯიპი მივიჩნიოთ, რომელიც მთავარი გმირების ფონზე მოძრაობას მეორე წუთიდან იწყებს, მასში მსხდომი მგზავრები კი აშკარად ელოდებიან იმას თუ როდის მორჩება გადაღება. რეჟისორის ერთადერთ საღ გადაწყვეტილებად კი შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ ვიდეოს ატვირთვის შემდგომ ავტორმა კომენტარის ველის გათიშვა გადაწყვიტა.

გასულ კვირას პრაქტიკულად აპოკალიპტური მოვლენის მომსწრენი გავხდით, თითქმის ორი საათის განმავლობაში აქტიური ინტერნეტ მომხარებლები ვერ პოსტავდნენ “დაკ ფეისებს,” ვერ გვამცნობდნენ დილით მირთმეული საჭმლის შესახებ, როგორ გრძნობენ თავს, ვერ აზიარებდნენ “ძალიან მაგარ” ვიდოეებს და ა.შ. მხოლოდ იმიტომ რომ ფეისბუქმა ნახევარი საათით გათიშვა გადაწყვიტა, თუმცა ღმერთის თუ მარკ ცუკერბერგის წყალობით, პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. სამყარო განაგრძობს არსებობას.

ყველას ფეისბუქი ვერ ექნება, მაგალითად ელიზაბეთ მეორეს. მისი სტატუსი არ აძლევს საშუალებას იძრომიალოს ფეისბუქზე. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ანონიმურად არის დარეგისტრირებული და “The Queen” ჰქვია, პროფაილ სურათად კი კეიტ ბლანშეტის ფოტო უყენია, თუმცა ყველამ ვიცით რომ ასეთ იუზერებს არავინ ამატებს და ამიტომაც ის რეალურად მარტო უნდა გრძნობდეს თავს.  თუმცა, შეიძლება ვიღაცა “გოიმდებოდეს” და ბლანშეტის ფოტოს ქვეშ უწერდეს, “ძალიან ლამაზი ხარ” (აუცილებლად ქართულად, მაგრამ ინგლისური შრიფტით). მაგრამ დავუბრუნდეთ თემას, სავარაუდოდ ყურადღების ნაკლებობის გამო დედოფალმა სერიალ Game of Thrones-ის გადასაღებ მოედანზე მისვლა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი პირველ რიგში იმიტომ გაშუქდა, რომ სერიალია პოპულარული და არა იმიტომ რომ დედოფალი დედოფალია. საინტერესოა რომ მონარქმა ტახტზე დაჯმდომაზე უარი განაცხადა, როგორც ჩანს “სხვისი არ მინდას, ჩემი მაქვს” პრინციპით.

ბოლოს გიტოვებთ ვიდეოს ძალიან საინტერესო კურსების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მსურველებს საკმაოდ ეგზოტიკური “სპორტის” სახეობას სთავაზობს.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

მანდარინები – ფილმი ადამიანობაზე

mandarinebi

რამდენიმე წლის წინ ყოვლად უნიჭო “აგვისტოს 5 დღე” რომ გამოვიდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიკვირვა რომ ასეთი ბიუჯეტით და მხარდაჭერით ფილმის ავტორებმა ისტორია ელემენტარულად ვერ გამართეს. იმის ნაცვლად რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ რამე ადამიანური ამბის მეშვეობით მოეყოლათ, რეჟისორმა და პროდუსერებმა აბსოლუტურად გაუმართავი პროპაგანდისტული ფილმი შემოგვთავაზეს, რომლის თავიდან ბოლომდე ყურება კინოს მოყვარული ადამიანისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

საბედნიეროდ “აგვისტოს 5 დღისგან” განსხვავებით ფილმი “მანდარინები” სწორედ რომ მსგავსი ადამიანური ისტორიის მეშვეობით გვიყვება ომის, ამ შემთხვევაში აფხაზეთის 1992-93 წლების ომის შესახებ. აქ არ შეხვდებით ქვეყნის მეთაურებს, პოლიტიკოსებს, სარდლებსაც კი, მაგრამ ამის მიუხედავად არცერთი წამით არ გტოვებთ შეგრძნება, რომ ფილმი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ფილმში არც ბრძოლებია ასახული და მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არც სროლებია დიდად.

მოვლენები აფხაზეთის ერთ სოფელში ვითარდება, რომლის ძირითად მოსახლეობას თავის დროზე გადმოსახლებული ესტონელები წარმოადგნდნენ, ომის დაწყებისთანავე მათ უმრავლესობამ სოფელი დატოვა, აქ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანიღაა დარჩენილი. სწორედ რომ ერთ-ერთი ესტონელის სახლში ვითარდება მთელი ამბავი. აქ ხვდებიან ერთად დაჭრილი ქართველი და აფხაზების მხარეზე მებრძოლი ჩეჩენი. ცხადია, ორივე ადამიანი, რომელსაც თავისი სიმართლე და ომში მონაწილეობის გამართლება აქვს, ერთმანეთს ვერ იტანს და თავიდან მზადაა ერთმანეთი მოკლას კიდეც.

ამ ორი ადამიანის ურთიერთობის  გარკვეულ ეტაპზე ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა და სწორედ რომ ამ გარდატეხაში მე მინდა დავინახო, ის რაც ასე აკლია ქართულ კინემატოგრაფს, ანუ ჰუმანიზმი. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში შემოდის სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტება, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი მეორე ადამიანს იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არაფერს ერჩის, საკმარისია მათი ურთიერთობა საყოფაცხოვრებო დონეზე რამდენიმე დღე გაგრძელდეს და ის ყველაფერი რაც შენს მტერს ხანგრძლივი და სისტემატური პროპაგანდის წყალობით გაძულებდა, საპნის ბუშტივით ქრება. ასეთ ვითარებაში ადამიანები რჩებიან შიშვლები, აჩვენებენ საკუთარ რეალურ სახეს და ასეთ ვითარებაში აფასებენ ერთმანეთის ღირსებას.  ასეთ ვითარებაში აღარ აქვს აზრი თუ ვინ გააკეთა სკამი რომელზეც ზიხარ, ან მაგიდა რომელთანაც ზიხარ, ან ვინ ააშენა ის სახლი რომელშიც იმყოფები, მთავარი ღირებულება ადამიანობა და ადამიანებია.

ანტი-მილიტარისტული განწყობა ყველაზე კარგად პერსონაჟ ივოს მიერ წარმოთქმულ ფრაზაში ჩანს, რომლის როლსაც ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი ასრულებს. ის ამბობს – “ეს ომი არავისია”. ზოგადად ვფიქრობ ამ პერსონაჟის მეშვეობით  რეჟისორმა ფილმის რამდენიმე მთავარი მესიჯი გააჟღერა, ერთ-ერთ სხვა ეპიზოდში იგივე ივო ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ქართველი, ჩეჩენი თუ ესტონელი და ის, რომ შენ სიტყვის შენახვა შეგიძლია ან პირიქით არ შეგიძლია, ეროვნებაზე ვერ იმეტყველებს. ზოგადად ლემბიტ ულფსაკის თამაში აღნიშვნის ღირსია და თამამად შეიძლება ითქვას რომ მისი შესრულება ამ ფილმში საუკეთესოა.

მიუხედავად იმისა, რომ  დრამატურგიულად ფილმი შეიძლება უფრო გამართული ყოფილიყო, (მაგალითად ზოგიერთი პერსონაჟის უკეთ გაშლა შეიძლებოდა, მცირედი ფაქტობრივი შეცდომებია გაპარული, გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთი ეპიზოდი  ოდნავ გაწელილი გეჩვენება და ა.შ.) საერთო ჯამში ამ ყველაფრის პატიება შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ ბოლოდროინდელ ქართულ კინემატოგრაფიას აკლია არაპროპაგანდისტული, ადამიანურ ისტორიებზე ორიენტირებული ფილმები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზაზა ურუშაძის ეს ფილმი პირველ რიგში სოციალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ვიდრე ვიწრო კინემატოგრაფიულში.

კინოთეატრში სიარული ქართულად ანუ “აკოცე, შე ჩურბანო”

ძმებმა ლუმიერებმა ერთ-ერთი პირველი ფილმი რომ აჩვენეს, შეკრებილი საზოგადოება დაფრთხა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მოძრავი კადრი მანამდე არ ენახათ და ეკრანზე მომავალ მატარებელმა რეალური მოაგონა. ეგ მე-19 საუკუნეში ხდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ევროპელ მაყურებელმა ნერვები მოითოკა, კინოში მოქცევა ისწავლა და უმეტეს შემთხვევაში ეკრანზე მომხდარს გასუსული უყურებს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველო აგერ უკვე მერამდენე წელია ცდილობს ევროპულ ოჯახში შეღწევას, სხვა თემას ამ ჯერზე თავი რომ დავანებოთ, კინოში მოქცევა ვერაფრის დიდებით ვისწავლეთ. ცოტა თუ ბევრი ვიარე კინოში, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ჩემეული დასკვნა ქართველ მაყურებელზე ქვემორე მოყვანილი ჩანახატის სახით…

შემთხვევა კინოში ანუ ჰიპოტეტიურად მომხდარი ერთი ამბავი

წარმოვიდგინოთ ერთი პატარა დარბაზი რომელიც ასამდე ინდივიდს იტევს. ცარიელ დარბაზში შემოდის ახალგაზრდა გოგონა და სრულ მარტოობაში მე-4 რიგში იკავებს ადგილს. მოდით, მას პირობითად ანა დავარქვათ. ანას სურს კარგი ფილმის ნახვა და ამიტომაც კინოში მარტო სიარულს არ ერიდება. ამჯერადაც იტალიური ნეო რეალიზმის ერთ-ერთი ფილმის სანახავადაა მოსული.

რამდენიმე წუთში დარბაზში შემოდის ექვსკაციანი ჯგუფი და გოგონას უკან მე-5 რიგში იკავებს ადგილს. კიდევ რამდენიმე წუთში შემოდის წყვილი რომელიც გოგონას გვერდზე, იმავე რიგში სხდება. ნელ-ნელა დარბაზი ივსება…

კინოჩვენებას ტრეილერებით იწყებენ. ფილმის დაწყებამდე კი საქართველოში ახლად დანერგილი პრაქტიკის შედეგად ეკრანზე სოციალური ხასიათის რეკლამაა. რეკლამაში ამერიკის ერთ-ერთი კინოთეატრის ფოეში კინომაყურებელს ეკითხებიან თუ რამდენად მოსწონთ ახალი შემოღებული წესი, რომლის თანახმადაც ფილმის ჩვენებისას ყოველ ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, მაყურებელს ეძლევა საშუალება ისარგებლოს მობილური ტელეფონით და გააკეთოს საჭირო ზარები. რგოლში მონაწილე მაყურებელი ამბობს რომ გადასარევი წესია და მაგალითად მოჰყავთ ასეთი შემთხვევა, “წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ დაგირეკა და ნახევარ საათში არ გადაურეკე… ხომ შეიძლება იფიქროს რომ გარდაიცვალე?” ამრიგად ყველა თანმხდება რომ ეს მშვენიერი წესია.

რა თქმა უნდა ეს რგოლი სახუმარო, უფრო ცინიკური ხასიათისაა და მოუწოდებს კინოთეატრში მსხდომ მაყურებელს ტელეფონის გამორთვისკენ, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ტელეფონს მხოლოდ ჩვენი მთავარი პერსონაჟი თიშავს.

იწყება ფილმი…

5 წუთის შემდეგ

ანას უკანა რიგიდან ესმის ტელეფონის ზარი, ზარს ერთ-ერთ მაყურებელი პასუხობს, “ალიო, ალიოოო, არ მესმის, გადმორეკე რა!” აბონენტს რამდენიმე წამში კვლავ ურეკავენ, “ხო, ალიოო, აი ახლა  მესმის… კი, კი კარგად… შენ? რავი კინოში ვართ, მე, ირუშკა, ნინჩო, იკა, აუ ბევრნი ვართ რა… ხო რავი, ახლა დაიწყო… შენ, როგორ ხარ?.. აჰა, ხო კაი მაშინ დაგირეკავთ რომ დამთავრდება… ოქეი.”

15 წუთის შემდეგ

ისმის რეპლიკა ბოლოს წინა რიგიდან, “აეეე, რეჟისოოორ დაიწყე რა!.. იმ ტიპს რაღა უნდა, რა ტანჯულაა…” რეპლიკას მოჰყვება აბსოლუტური უმრავლესობის რეაქცია, რომელიც მეტწილად ხმამაღალ სიცილში და რიგ შემთხვევებში მოკრძალებულ ღიმილში გამოიხატება.

30 წუთის შემდეგ

ვიღაც “მეამიტი” რიტორიკულად კითხულობს, “ეეე, ფილმის დასაწყისში ხომ გვითხრეს რომ შეგვასვენებენ, დარეკვა მინდა,” რასაც კვლავ სიცილი მოჰყვება და ვიღაც “გონებამახვილი” მოუწოდებს, “შენც დარეკე, რა გენაღვლება.” მოწოდებას კვლავ ხარხარი მოჰყვება.

50 წუთის შემდეგ

ფილმში ხდება დრამატული გარდატეხა, მთავარი პერსონაჟი საბოლოოდ იგებს სხვა პერსონაჟის გულს და ეს ესაა აკოცოს… დამსწრე საზოგადოება ემზადება რომანტიკული კოცნისთვის როდესაც ერთ-ერთი დარბაზში მსხდომი წამოიძახებს, “აკოცეეეე შე ჩურბანო, რაღას ელოდები?” გადამწყვეტ მომენტში მთავარი პერსონაჟი უკან იხევს და მოსალოდნელ კოცნას არ ანხორციელებს. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ოხრავს, ხოლო ბოლო წინადადების ავტორი მეორეს აყოლებს, “აუ, ეს მართლა ჩურბანი ყოფილა, შენი დედა ვატირე!”

55 წუთის შემდეგ

მაყურებლების ნახევარი დარბაზს ტოვებს. კინოთეატრების მესვეურები კი, ამის შემხედვარე ანალიზის შედეგად ხვდებიან, რომ ფილმმა გაამართლა, უმეტეს სხვა შემთხვევაში, მაყურებლის საგრძნობი ნაწილი როგორც წესი დარბაზს ფილმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ტოვებს ხოლმე.

1 საათის და 5 წუთის შემდეგ

ანას გვერდზე მსხდომი წყვილი იწყებს ერთმანეთში საუბარს, გოგონა ეუბნება თავის “კავალერს,” “აუ ეს ჩვენს გვერდზე გოგო რომ ზის ნახე? რა ცოდოა… მარტოა, მეგობრები არ ჰყავს ნეტა?” ბიჭიც დასტურად თავს უქნევს და “ნწ, ნწ-ს” გამომხატველ მოძრაობასაც აკეთებს თავით. შემდეგ გადადიან სხვა თემებზე და უფრო ხმამაღლა ლაპარაკსაც არ ერიდებიან. “ბიჭო, პალიკო როგორაა? იმ დღეს ძალიან გამიხარდა მაგის და ზურას ნახვა,” ეუბნება გოგონა. “პალიკო ძმაა, მაგრად მიყვარს, მაგარი რაღაცეები ჩაატარა იმ დღეს,” პასუხობს ბიჭი.

1 საათის და 30 წუთის შემდეგ

ფილმი მთავრდება. ანას უკან მსხდომი ჯგუფი უკრავს ტაშს და ამავდროულად ერთ-ერთი ხმამაღლა გაიძახის, “აუ რა მარაზმი იყო, კიდევ კარგი მორჩა, ვისი იდეა იყო აქ მოსვლა?” სხვები იცინიან, ერთი-ორ უკბილო ხუმრობას ისვრიან და სწრაფი ტემპებით ირაზმებიან გასასვლელისკენ.

ნელ-ნელა დარბაზს ყველა ტოვებს. ბოლოს სრულ მარტოობაში ანა რჩება და ასრულებს ტიტრების ყურებას…

ინტერნეტი, როგორც ალტერნატიული მედიის წყარო

თითქმის ერთი წლის წინ დაწერილ წერილში“მილენიუმი და ახალი გამოწვევები” რიგ სხვა საკითხებთან ერთად გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა, კერძოდ კი, ალტერნატიული მედიის როლი 21-ე საუკუნეში.

შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პრაქტიკულად ყოველთვის ტექნიკური დისციპლინები უსწრებდნენ სოციალურს, თუ ასეთის შედარება კორექტულია შეიძლება დავასვკნათ რომ პრაქტიკულად ყოველთვის ტექნოლოგია ერთი ნაბიჯით წინ იყო ვიდრე ადამიანის სოციალური და გონებრივი განვითარების დონე. ამ ეტაპზე შეიძლება გამონაკლისის მოწმენი გავხდეთ, გავხდეთ შედარებით თავისუფლები და წინ წავიდეთ “გონებრივად,” თუმცა ამაში კვლავ ტექნოლოგია და ტექნიკა დაგვეხმარება.

ფილმ “Manufacturing consent: Noam Chomsky and the Media” დასასრულს ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ლინგვისტი და ფილოსოფოსი, საუბრობს ალტერნატიულ მედიაზე, მის აუცილებლობაზე საზოგადოებრივი და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბების პროცესში. მოყვანილია ამერიკაში არსებული დამოუკიდებელი, რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმის ხარჯზე ჩამოყალიბებული გაზეთ ჟურნალების მაგალითი, რომლებიც დამოუკიდებელ და არამიკერძოებულ პრესას წარმოადგნენ. ასეთი მედია კი თავისუფალია, თავისუფალი პირველ რიგში იმ მიკერძოებული დამოკიდებულებით რომელიც მეინსტრიმულ მედიას ახასიათებს, იმდენად რამდენადაც ასეთს მთავრობები ან კი კორპორაციები ფლობენ. რა გასაკვირია რომ ასეთებს საკუთარი მიზნები ამოძრავებს და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა, ან გალამაზება არც თუ ისე იშვიათი მოვლენას წარმოადგენს.

საერთოდ, აღსანიშნავია ნოამ ჩომსკი უპირატესობა. უპირატესობა თანამედროვეების სხვა ინტელექტუალებთან მიმართებაში. მაშინ როდესაც ჟიჟეკი და თუნდაც ფუკო ძალიან სპეციფიური, მხოლოდ ინტელექტუალებისთვის, ანუ გარკვეულწილად ელიტისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ, ჩომსკი გაცილებით მარტივი და გასაგებია ჩვეულებრივი მომკდავებისათვის. მისი ბრძოლა საზოგადოებრივი ინტერესებისთვის კი ამ კონტექსტში გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანია.

ნიშანდობლივია ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფილმი 1992 წელს არის გადაღებული, მოყვანილი ინტერვიუების უმრავლესობა კი გაცილებით ადრეა ჩაწერილი.  ეს ფაქტი იმიტომ არის საინტერესო რომ იმ პერიოდში ადამიანებს ჯერ კიდევ ინტერნეტის ფუფუნება არ გააჩნდათ, ინტერნეტი არ წარმოადგენდა მასიურ მოვლენას და შესაბამისად ინფორმაცია მეინსტრიმული მედიის ხელში იყო.  დღეს ინტერნეტის უპრეცედენტო პოპულარობის პირობებში თითოეულ ადამიანს, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილში გაცილებით მეტი საშუალება აქვს გაიგოს სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრაქტიკულად აღარ არის საჭიროს მოვემზადოთ სახლის პირობებში 6 საათიან ახალ ამბების საყურებლად, რომ გავიგოთ რა ხდება ჩვენს თავს. უწინ მეინსტრიმული მედია აკონტროლებდა ჩვენს დროს, ახლა ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ვირჩევთ დროს და ადგილს. ბლოგებმა, სოციალურ ქსელებმა და თუნდაც ჩატებმა შეცვალეს მედია მიწოდების წესები. ათი წლის წინ არსებული მაღალ ტირაჟიანი ჟურნალები და გაზეთები იძულებულები არიან გადავიდნენ მულტიმედია, სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე და პრაქტიკულად ლიბერტარიანულ პირობებში კონკურენცია გაუწიონ ხშირად არა პროფესიონალ, მაგრამ მოტივირებულ ადამიანებს. დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენია ცნობილი გაზეთის, ჟურნალის, ტელე ან რადიო სადგურის პოვნა, რომელსაც არ აქვს საკუთარი, ინტერაქტიული ვებ გვერდი.

ალტერნატიული მედია გაძლიერდა. პირველად ისტორიის განმავლობაში მეინსტრიმულ მედიას მოუწია ალტერნატიული მედიის წესების მიხედვით თამაში. შესაბამისად დამოუკიდებელი მედიის როლი უპრეცედენტოდ გაიზარდა, მას მიეცა განვითარების კარგი საშუალება. ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მიწოდება გახდა გაცილებით იაფი და მარტივი.

თავისთავად ალტერნატიულ მედიას დიდი და დადებითი როლის შესრულება შეუძლია საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების კუთხით. თუმცა, ისმის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: როდემდე გასტანს ეს ყველაფერი? როდემდე შეძლებს ინტერნეტი იყოს შედარებით თავისუფალი და დამოუკიდებელი სივრცე? თუ, უახლოეს მომავალში მედია გიგანტებისგან უნდა ველოდოთ მორიგ დარტყმას, რომელიც შეეცდება ამ სივრცის კონტროლს? ამის ალბათობა ინტერნეტის გავრცელებასთან და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასთან ერთად იზრდება, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.