Tag Archives: ფოტო

24 მაისის აქცია – არა ძალადობას [ფოტო]

თბილისი. 24 მაისი. დაახლოებით 19.00 საათი. დედა ენის ბაღში შეკრებილები 17 მაის მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
dedaena

17 მაისის მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ადგილზე პოლიცია ამჯერად მაქსიმალურად მობილიზირებულია. სამართალდამცავების რიცხვი რამოდენიმეჯერ აღემატება დემონსტრანტების რიცხვს.

police

აქციის მონაწილე
banner
couple

ნინო გიორგობიანი, “ზედაზენი” და ბევრი პოლიციელი
giorgobiani

გაკვირვებული ბაბუ როგორც ჩანს შემთხვევით ხვდება აქციაზე და ცდილობს გაერკვეს თუ სად აღმოჩნდა

babu

წარწერა მობილურზე: “სიყვარულით საქართველოდან”

mobileანაფორიანი ადამიანი დანახულ ფოტოობიექტივს იწონებს
mamao

Dislike TBC smart club and Bank of Georgia

“ტვინი შეჭამეს.” – ზოგიერთი ქართული ფრაზა მაინც რა ზუსტად ასახავს რიგ მოვლენებს.

ხოდა, ამათმაც ტვინი შეჭამეს რა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის ქართული სივრცე ისტერიის სავანედ იქცა. დღეში ათობით წერილი ან ჩეთ მესიჯი მხვდებოდა, თხოვნით “დამელაიქებინა” ფოტოგრაფების თუ მხატვრების ფოტოები.

ერთი ფანჯარა დავხურე, მეორე დავხურე, მესამე დავხურე! მეოთხე, დავახურე! დავახურე, არა მომხმარებელს, არამედ ამ ბანკებს რომლებიც ასეთ არაადამიანურ კამპანიებს აწარმოებენ.

ძალიან საინტერესო იყო, რომ 10-დან 8 ისეთი ადამიანი მთხოვდა მის ნამუშევრის “დალაიქებას” რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ერთი მოკითხვაც კი არ შემოუთვლია, ამასთან ერთად იყვნენ ჩემთვის ახლო ადამიანები, ამიტომაც აქვე მათთან ბოდიშის მოხდა მსურს, იმის გამო რომ თხოვნა არ შევუსრულე, მაგრამ ასეთ ვითარებაში პრინციპულად უმოქმედობა ავირჩიე.

საქმე ისაა, რომ ეს ბანკები კონკურსანტებს კაბალურ პირობებში აყენებენ და მათ ხარჯზე უზარმაზარ რეკლამას აკეთებენ. მათი ნამუშევრების გამოქვეყნებას სთავაზობენ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ათავსებენ და კონკურსანტებს შორის გამარჯვებულს “ლაიქების” რაოდენობით არჩევენ. ნათქვამია, “იმედი ბოლოს კვდებაო” და ეს კონკურსანტებიც გაარფთრებულნი ერთვებიან პირველობისთვის ბრძოლაში. მართლაც რომ “ნეტარნი არიან მორწმუნი,” აიპოდს ხომ სიტყვაზე ასიდან (ან ორასიდან) მხოლოდ ერთი, კარგ შემთხვევაში კი თითზე ჩამოსათვლელი კონკურსანტი მიიღებს.

ამ დროს რას ღებულობს ბანკი? ათასობით ადამიანის თავში ათასჯერ გაჟღერებული აზრი: “თიბისი, ო თიბისი, მოდი დამიპყარი.”

საკუთარი ცოდვაც უნდა ვაღიარო, ერთხელ მსგავს კონკურში მივიღე მონაწილეობა, ბლოგერებს შორის ეწყობოდა. მეც, მეამიტურად მივამატე ჩემი ერთი პოსტი, თუმცა არც თავი შემიწუხებია დიდად და არც სხვები, სულ ათამდე, ახლო ადამიანს ვთხოვე “დალაიქება.” შედეგმა არ დააყოვნა, ბოლო პოზიციებში მოჩანჩალე აღმოვჩნდი.

თუმცა, არ ვნანობ. რაღაც არა მგონია მაინცდამაინც დონის (საკუთარ თავს არ ვგულისხმობ) მიხედვით ფასდებოდეს გამარჯვებული ასეთი ტიპის კონკურსებში.

მოგეხსენებათ, ადამიანის ტვინი საცავივითაა, მანდ თითქოს გამუდმებით ფუსფუსებენ დამლაგებლები და მეხსიერებაში მხოლოდ საჭირო რამეებს ტოვებენ, ნაკლებად საჭიროს კი ტვინის “სხვენში” ტოვებენ, ასევე მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრი ნაგავი თუ დაგროვდა ყველაზე გამოცდილ დამლაგებელსაც კი გაუჭირდება მისი დროზე მოშორება.

ამიტომაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მსგავსი აქციები არის ნაგავი!

ბანკებს ერთი მომაჯოდავებელი თვისება აქვთ, თანამშრომლები ისე გიღიმიან თითქოს შენი ტრუსიკის მეგობრები იყვნენ, ფლაიერებში კი ისე აღწერენ რაღაცეებს, გეგონება სამყარო შენი იყოსო, მაგრამ რეალობაში ანგარიშის გახსნაზე ან სესხზე ერთი ფაღათინა ქაღალდის უქონლობის გამო უმოწყალოდ უარს გეუბნებიან.

ბანკი კერძო პირია, მას უარის თქმის უფლება აქვს ასეთ ქმედებაზე, ამავდროულად მეც კერძო პირი ვარ და შემიძლია ბანკს ხანდახან ასეოდენ საჭირო ღილაკი “Dislike” ვაჩუქო და თან ვუთხრა, “განვედ ჩემგან.”

“ფოტოკარტოჩკა”(1839 – ????)

მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 დასაწყისში ფოტო სურათი ფუფუნება იყო, ფოტო ალბომის ქონა ორმაგი. ფოტო სურათის გადაღებისას ოჯახი ან რომელიმე სხვა ჯგუფი საგანგებოდ ემზადებოდა, საუკეთესო კოსტიუმებს ირჩევდა და კოსმეტიკასაც არ იკლებდა, ფოტო სურათის გადაღება მოვლენას წარმოადგენდა. გავიდა წლები და ფოტო ალბომის ფლობის ბედნიერება უფრო ფართო წრეს ხვდა წილად.

მე-20 საუკუნის შუა ხანებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რთულად მოიძებნებოდა ოჯახი რომელსაც ერთი ალბომი მაინც არ ჰქონოდა, ხალხი ბერდებოდა და სიბერეში ძველ ფოტოალბომებს მიაკითხავდა, ახალგაზრდობას გაიხსენებდა და სენტიმენტალურ მორევში აღმოჩენილი საკუთარ თავს ბედნიერად გრძნობდა.  კარგი სურათის დაკარგვა მოგონების დაკარგვის ტოლფასი იყო.

ფოტოგრაფია აქვავებს მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში, აჩერებს წამს და ხშირად “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ” გადააქვს ქაღალდზე, აფიქსირებს ჩვენს ბედნიერ, არც თუ ისე ბედნიერ, უბედურ და მრავალფეროვან წამებს, ერთი ფოტო მეორეს არასდროს ჰგავს, ის თითის ანაბეჭდივით განუმეორებელია, ამიტომაცაა ბევრი ჩვენთაგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.

თუმცა, მე-20 საუკუნის 90-იან წლებმა რადიკალურად შეცვალეს მდგომარეობა. ამის მიზეზად კი ციფრული ტექნოლოგიები, კომპუიტერი და ინტერნეტი მოგვევლინა, ფოტოგრაფია მასიური გახდა, აღარ არის საჭირო ფირის ყიდვა და საოჯახო ფოტოების გადაღება, აღარ არის საჭირო ფირში ფულის გადახდა და ერთ სესიაზე მაქსიმუმ “36” სურათის გადაღება, ფოტოგრაფია მასს პროდუქტად იქცა. დღეს, თუნდაც საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ციფრულ ფოტოაპარატს ფლობს და ერთ კონკრეტულ საოჯახო შეკრებაზე ნაცვლად 36  -ისა, 100, 200 ფოტოსურათის გადაღება შეუძლია. “კარგიაო” იტყვით, მაგრამ მოდით ვაღიაროთ  მედალს ორი მხარე აქვს.  ერთი წამით გაჩერდით, ამის კითხვა შეწვყიტეთ და გაიხსენეთ ბოლოს როდის “გაამდიდრეთ” თქვენი ალბომი (ფიზიკური რა თქმა უნდა) ახალი დაბეჭდილი ფოტოებით? ორი, სამი, ოთხი წლის წინ? მე პირადად ამის გახსენებაც მიჭირს, ალბათ ყველაზე ნაკლები 5 წლის წინ თუ დავბეჭდე ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების ფოტოები.

ჩვენი ალბომები სულს ღაფავენ, მართალია სურათებს ხშირად ვიღებთ მაგრამ ბევრად უფრო იშვიათად ვბეჭდავთ ვიდრე ამას ათი წლის წინ ვაკეთებდით. ვიღებთ სურათებს, ვინახავთ კომპიუტერში, ვანთავსებთ ინტერნეტში, მაგრამ ძალიან იშვიათად, პრაქტიკულადა არასდროს ვბეჭდავთ.

მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი. გახსვოთ 1999 წელს ზოგიერთი რომ ამტკიცებდა კომპიუტერები შეწყვეტენ მუშაობას? მაშინაც და ახლაც ეს აზრი აბსურდულად მიმაჩნდა, მაგრამ მოდით რაღაც აპოკალიპტიკური წარმოვიდინოთ და ხსენებული აზრი დავუშვათ. წარმოიდგინეთ რომ წლების განმავლობაში ნაგროვი ფოტოსურათები გაქრება, გაქრება კაცობრიობის ფოტო მასალა, ციფრული ტექნოლოგიები შეწყვეტენ არსებობას და მათან ერთად ტრილიონ გიგაბაიტი ფოტოებიც.

ეს აზრი  ჭეშმარიტად ჰიპოტეტიკურია და რეალობასთან შეიძლება არც თუ ისე ახლოს იყოს, თუმცა თუ მას დავუშვებთ მაშინ უნდა დავფიქრდეთ რამდენად სწორად ვიქცევით და რამდენად არსებობს ის საფრთხე რომ ოდესღაც ჩვენი მოგონებები ფოტო ალბომებთან ერთად გაქრება?

ზოგადად ფოტოგრაფიაზე და ქართულ ნეგატივზე

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ არც ფოტოგრაფი ვარ და ზოგადად ამ სფეროში დიდ მცოდნეს არ წარმოვადგენ, ამიტომაც თუ ამ სტატიის წაკითხვას იმიტომ აპირებთ რომ  როგორც ფოტოგრაფმა რამე პრაქტიკული ინფორმაცია მიიღოთ სჯობია მისი კითხვა ახლავე შეწყვიტოთ. ჩემი მიზანია ამ წერილში გამოვთქვა ჩემი, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის აზრი და დაკვირვება ზოგადად ამ მოვლენის შესახებ მოვახდინო, აქვე შევეცდები ძალიან მოკლედ შევეხო  ქართული ფოტოგრაფიის ტენდენციებს.

ვფიქრობ რომ ფოტოს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ამბის მოყოლაა, ინფორმაციის მოწოდება, ის ენასავითაა და ხშირად ენაზე უფრო მეტის თქმაც კი შეუძლია, ზოგჯერ ერთმა ფოტო სურათმა სიტყვების გარეშე ჩვენში შეიძლება ემოციების ზღვა გამოწვიოს და ასეთე შემთხვევები ისტორიას მრავლად ახსოვს. მაგალითისთვის ავიღოთ ჰოლოკოსტი – უამრავი ფოტომასალა გვაფრთხილებს, გვახსენებს, გვაშინებს ამ ამბის შესახებ და იმ შემთხვევაში თუ ასეთი ჩვენში მკვეთრად უარყოფით ემოციების იწვევს ეს იმას ნიშნავს რომ ფოტომ საკუთარი მისია შეასრულა.

არსებობს სხვა ტიპის სურათებიც, სიმართლე გითხრათ ამ სტატიის დაწერა

სულ სხვა ხასიათის სურათმა შთამაგონა. ამ სურათზე მუჰამედ ალის მუშტია გამოსახული – პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე – “მერე რა?” ანოტაციის წაკითხვის მერე მივხვდი “მერე რას პასუხს.” საქმე ისაა, რომ ფოტოგრაფმა მოჰამედ ალის მუშტი გადაიღო და დაბეჭვდისას მისი რეალური ზომა გამოიყენა, ანუ ფოტოსურათზე ნაჩვენები ზომა ალის მუშტის ზუსტი ასლი იყო და თქვენ სურათის ნახვისას შეგეძლოთ შეგედარებინათ საკუთარი მუშტის ზომა გამოსახულთან. ასეთი შედარება ალის მუშტის ზომის სიდიდეს აღქმის საშუალებას გაძლევდათ.

ფოტო როგორც იარაღი

1968 წელს ასოსიეტედ პრესის ფოტო ჟურნალისტმა ედი ადამსმა შოკის მომგვრელი ფოტო გადაიღო რომელმაც მას პულიცერის პრემია მოუტანა. ამ ფოტოზე გამოსახულია გენერალი, რომელიც ადგილზე, დატყვევებულ ვიეტ კონგელს კლავს. მაგრამ პულიცერის პრემიაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ ეს ფოტო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა რომ ამერიკელებმა ომის კიდევ უფრო ნეგატიურად შეხედეს რამაც მისი დასრულება შეიძლება ითქვას რომ დააჩქარა.  ეს ფოტო თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე: “ნეტა ფოტოგრაფს რამის გაკეთება თუ შეეძლო? რამენაირად შეწინააღმდეგებოდა?” პასუხი ალბათ ცალსახაა – არა, ომი ეს ის მოვლენა სადაც მორალის წესები არ მოქმედებს.

თუმცა, ადამსისგან განსხვავებით კევინ კარტნერს მოქმედება ნამდვილად შეეძლო. 1994 წელს მის ფოტომ მას პულიცერის  პრემია მოუტანა. ამ ფოტოზე გამოსახულია სუდანელი ბავშვი, რომელიც შიმშილისგან კვდება, იქვე ახლოს სვავი ელოდება იმ მომენტს თუ როდის შეეძლება მკვდარი სხეულის დაუფლება. კარტნერმა მხოლოდ სურათის გადაღება გადაწყვიტა. მოპოვებული ჯილდო სურათის ავტორს ძვირად დაუჯდა. სამი თვის შემდეგ მძიმე დეპრესიის შედეგად მან თავი მოკლა.

დადებითი ემოციური მუხტის მატარებელი ფოტოები

 

როდესაც 1945 წელს იაპონიის კაპუტალცია გამოაცხადეს ნიუ იორკში, თაიმ სქვერზე ზეიმი მოეწყო. იქვე მყოფი ფოტოგრაფი სახელად ალფრედ ეიზენშტატდი დაკვირვებას აწარმოებდა, ერთ მომენტში მეზღვაური შენიშნა რომელიც სიხარულისან პირველ შემხვედრ გოგოს ეტაკა და ტუჩებში აკოცა, ეს აქტი მან ბევრჯერ გაიმეორა. ფოტოგრაფმაც ერთ-ერთი ასეთი მომენტი აირჩია და ლეგენდარული ფოტოს ავტორიც გახდა, რომელიც ა.შ.შ-ს ყველა მოწინავე გაზეთში დაიბეჭდა. ასეთი ტიპის ფოტოებს ალბათ ზედმეტი სტატიით დატვირთვა არც ჭირდებათ.

ანშტეინის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ ფოტოზე ცნობილი

მეცნიერი გამოყოფილი ენითაა გამოსახული. რატომ არის ეს ფოტო მნიშვნელოვანი და ზოგადად კარგი? იმიტომ რომ ამ აქტით ანშტეინმა სამყაროს დაანახა რომ ზე განათლებულ, გენიოს ფიზიკოსებსაც კი აქვთ იუმორის გრძნობა და ისინიც ადამიანები არიან.

ქართული ნეგატივი

მსოფლიო ფოტოგრაფიის კლასიკაზე ლაპარაკი ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ მოდით აქ შევჩერდეთ და ქართველ ფოტოგრაფებს (ყველას არა რა თქმა უნდა) კითხვა დაუსვათ:

როდის დაიწყებენ თქვენი ფოტოები მეტყველებას?

საქმე ისაა რომ საქართველოში ახალგაზრდა ფოტოგრაფებში ძალიან მიჭირს ვინმეს გამოყოფა რომელიც ნამდვილ ფოტოებს იღებს, ნამდვილ ფოტოებს და არა დადგმულ კადრებს. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ თითქოს მოდაშია ერთი და იგივე ტიპის სურათების გაკეთება. ასეთ შემთხვევაში ფოტოგრაფი საკუთარ ნაცნობს მოდელად იწვევს და ყოვლად ცარიელ სურათებს იღებს. გასაგებია რომ მოდელი ხშირ შემთხვევაში ლამაზი და სიმპატიურია, მაგრამ რას მაძლევს ის მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, რატომ არ მაფიქრებს? რა საჭიროა ყველამ იღოს ფსევდო გლამურული სურათები თითქოს ჩვენი ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე მოდელი ან “სელებრითია?” ასეთ სურათებს ოჯახში პოლაროიდით გადაღებული ფოტოებიც  კი მირჩევნია.

უმეტეს ზემო ჩამოთვლილ მაგალითებს თუ დააკვირდებით ისეთი შემთხვევებია აღწერილი სადაც პრობლემა არსებობდა.  საქართველოში კი პრობლემა პრაქტიკულად ყველა სფეროში არსებობს. იმას არ ვამბობ, რომ კარგი ფოტოგრაფები და ფოტო სურათები ჩვენში არ მოიძებნება, როგორ არა, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მწირია(თუნდაც ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის) რომ მაიძულებს ასეთი ტიპის სტატია დავწერო. საქმე ფოტოგრაფებშიც კი არის, საქმე უფრო ფოკუსშია და მიმართულებაში რომელსაც ეს ფოტოგრაფები ირჩევენ. მათ ავიწყდებათ რომ სინამდვილეში კარგი ფოტოს გადაღება არა ფოტოგრაფის მიერ ხდება (რომელიც დგამს კადრს და მოდელებს უხსნის თუ როგორ იმოძრავონ), არამედ უბრალო ადამიანები რომლებიც ყველგან არიან ჩვენს გარშემო.

ამიტომაც არ გვინდა ნეგატივი, გადავიდეთ ციფრულ სამყაროზე (ხომ ვთქვი ფოტოში ვერ ვერკვევი თქო).