Tag Archives: ქუთაისი

ახალი ამბების ყოველკვირეული მწარე მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 1]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

 

გასული კვირა ქართული კულტურის მორიგი დამაჯერებელი და საყოველთაო გამარჯვებით დაიწყო. საუბარია აკაკი წერეთლის თხზულებანის პორნო ფილმის კადრში მოხვედრაზე.  ისე კი, კიდევ კარგი ამ სცენაში წერეთლის მაგივრად ილია ჭავჭავაძის, ანუ ილია მართლის რომელიმე ნაწარმოები არ მოხვდა. ასე რომ ყოფილიყო საერთაშორისო სკანდალს ვერ ავცდებოდით. ასეთ შემთხვევაში მოწამეობისთვის და პროტესტისთვის გამზადებული ათასობით ქართველი გეზს AVN award-ისკენ აიღებდა და იქ აღგზნებულ მდგომარეობაში გააპროტესტებდა ქართული სიწმინდის შებღალვას.

ინტერნეტ განხილვის და აღშფოთების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ალბათ უილიამ დანბარის თავისუფალი თემა “როგორ გავატარე ზაფხული” კი არადა,  “რა მომწონს და არ მომწონს ქართულ სამზარეულოში” უნდა მივიჩნიოთ. დანბარის დაბნეულმა პოსტმა (სადაც ავტორი კულინარიაზე უფრო მეტად გეოგრაფიაზე გვესაუბრება) და აშკარად ნაძალადევმა თარგმანმა ერი და ბერი აალაპარაკა, მკაცრი ქართული ენის მასწავლებლებიდან დაწყებული პროფესორებით და საზოგადო მოღვაწეებით დამთავრებული. პატრიოტული სუფრის ფრთა, თემის ავტორს უცოდინრობაში და უმადურობაში სდებდა ბრალს, ქართველთა მეორე ფრთა, რომელიც გულის სიღრმეში საკუთარ თავს საზოგადოების უფრო ნათელ ნაწილად მიიჩნევს, დანბარს წერილს უქებდა.

წინა კვირაში კვლავ აქტუალური იყო ძალიან საყვარელი ფეისბუქ აპლიკაცია Quiz Your Friends. არაფერი მაქვს იმ ადამიანთა საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ეს ძალიან საყვარელი ტესტი გააკეთეს, მაგრამ ამავდროულად მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ რომლებმაც ცდუნებას გაუძლეს. ადამიანებს რომლებაც გადაწყვიტეს არ შეეხსენებინათ სხვებისთვის თუ რა მაგარი, იუმორის მქონე, ათლეტური თუ ინტელექტუალური ტიპები არიან. თუმცა, პირველ რიგში ქედს ვიხრი მათ წინაშე იმის გამო, რომ ეყოთ ჭკუა და მიხვდნენ რომ პრინციპში მათი პერსონა მათი ახლო მეგობრების გარდა არავის აინტერესებს.

პარლამენტარები ერთმანეთს კვლავ პროფესიონალიზშმი და მაღალი ინტელექტის გამოვლენაში ეჯიბრებიან, ამჯერად ზურამ ტყემალაძემ იაქტიურა და საზოგადოებას სოსო ჯაჭვლიანი დროებით დაავიწყა . შეგახსენებთ რომ ტყემალაძე თბილისში მდებარე ძველი პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ბუნებრივია ტყამალაძის ეს ინიციატივა ფეისბუქ მომხმარებელმა აიგდო და სწორედ მისი წყალობით მოგვეცა საშუალება გაგვეგო ა) სად ცხოვრობს ზოგიერთი ჩვენი “ფრენდი” ბ) რომელ ქალაქში ისურვებდა ეს კონკრეტული “ფრენდი” ცხოვრებას. ასე მაგალითად ჩემს ფეისბუქ მეგობრების სიაში შემოვიდა წინადადება ნახალოვკა ეჩუქებინათ ედინბურგისთვის, ხოლო გლდანი გადაეცათ ნიუ იორკისთვის. თუმცა, უფრო მთავარი ისაა რომ ტყემალაძის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ა) თბილისში ცხოვრება არავის სურს და ბ) თბილისზე კიდევ უფრო ნაკლებად თბილისელებს ქუთაისელობა უნდათ.

ამასობაში ყოფილი პრეზიდენტის ყოფილმა “სახლმოურავმა”, ანდრო ბარნოვმა ხაშურის რომელიღაც გაყინულ შენობაში პალტო ჩაცმულმა შეხვედრა გამართა. თუ ამ სიუჟეტის ავტორს დავუჯერებთ, ბარნოვი სამოქალაქო-საინიციატივო ჯგუფს  “გორი დამოუკიდებლობისთვის და ევრო ინტეგრაციისთვის” ხელმძღვანელობს.  რთული მისახვედრი არ არის, რომ ბარნოვი საბჭოურობის ამოძირკვას მისი გულიდან, ანუ სტალინის მშობლიური ქალაქიდან იწყებს, მაგრამ ამავდროულად ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე ერთი კითხვა მიჩნდება. გორი ჯერ დამოუკიდებელი უნდა გახდეს და საქართველოს ავლით შევიდეს ევროპაში, თუ ჯერ საქართველოსთან ერთად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მერე გამოეყოს ქვეყანას?

ეკლესიის ბნელმა ფრთამ ლიბერალების წინააღმდეგ საბრძოლველად youtube-ზე მორიგი დესანტი გადმოსხა. ამჯერად დესანტი ვინმე სპირიდონ აბულაძის სახით მოგვევლინა, რომელიც სხვა აბულაძის “მონანიების” რომელიღაცა სცენის ესთეტიკაში გადაწყვეტილ ვიდეოთი დაგვემუქრა და ძალიან აღელვებულმა გვამცნო, რომ პატრიარქის ყველა კრიტიკოსი არც მეტი და არც ნაკლები, მოკვდება. ბუნებრივია ექვს წუთიან მიმართვაში მამაო გაუჩერებლად ვერ ლაპარაკობს და ამიტომაც სახეზეა რამდენიმე “რესტარტი”. ერთ-ერთი ასეთი რესტარტი მე-2 წუთსა და მე-16 წამზე შეგვიძლია ვიხილოთ. ამ პაუზის დროს ირთვება საყვარელი და მშვიდი ინტერფეისი, თუმცა რამდენიმე წამში სპირიდონ აბულაძე ახალი შემართებით აგრძელებს მუქარას. თუმცა ვიდეოს დასასრული, ის მონაკვეთი სადაც ავტორი სპერმებზე და ლამის ტინტო ბრასის სიუჟეტებზე საუბრობს  ალბათ ყველაზე საინტერესოდ და ფანტასმაგორიულად უნდა ჩავთვალოთ.

ამასობაში, მსოფლიოში ვითომ ყველაზე პრესტიჟულმა კინო აკადემიამ, რომელმაც ვითომ საუკეთესო ფილმები და მსახიობები უნდა გამოავლინოს, ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც მაყურებელი სხვადასხვა მსახიობებით და ფილმებით ინტერესდებოდა, წელს ერთადერთ ინტერესს (რომელიც ინტერნეტ ისტერიის მსუბუქ და რიგ შემთხვევაში მძიმე ფორმებში ვლინდება) ლეონარდო დი კაპრიოს და ოსკარის ურთიერთობა წარმოადგენს, რაც იძლევა ეჭვს ვიფიქროთ რომ ჟიურის წევრები ამ უკანასკნელს მთავარი როლის შესრულებისთვის ისე მისცემენ ჯილდოს, რომ სხვების მონაწილეობით ფილმებს არც კი ნახავენ.

სპორტის სამყაროში კვირის მთავარ მოვლენად შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხავის მისამართით გაკეთებული “შალაბანი” აღმოჩნდა. არ ვიცი რამდენად კარგი ფეხბურთელია იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ამ ვიდეოში ის იმ სკოლის მოსწავლეს ჰგავს, რომელიც ყველას გვყავდა კლასში თუ სკოლაში. ტიპი რომელიც არაადეკვატურ და კონტექსტიდან ამოვარდნილ საქციელს სჩადიოდა ხოლმე. ისე კი, ვფიქრობ შვედეთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს ის რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური არაა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართული ფეისბუქისთვის საინტერესო არავინ მომკვდარა და ამიტომაც კვირამ ელექტრონული პანაშვიდების გარეშე ჩაიარა.

დასასრულისთვის გიტოვებთ ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ამსახველ ამ ვიდეოს, რომლისთვისაც კომენტარის მოფიქირება უბრალოდ ზედმეტად ჩავთვალე.

Advertisements

ცნობილი ფილმების ალტერნატიული ქართული პოსტერები

სათაფლია

არადა, მსგავსი თარგმანი მშვენიერი მარკეტინგული სვლა იქნებოდა. დარწმუნებული ვარ ის თვით სტივენ სპილბერგსაც დააინტერესებდა, რომელიც უმალ მოითხოვდა სათაფლიას მონახულებას და ამ ლოკაციით მოხიბლული, სიქველის გადასაღებად სხვა ადგილის ძიებაზე აღარც კი იფიქრებდა.

ვერის უბნის მელოდიები

რითია ვითომ ჩვენი ვერის უბანი ვესტ საიდზე ნაკლები?

ბაღნები

არ ვიცი გადიოდა თუ არა თავის დროზე სკანდალურად ცნობილი ლარი კლარკის ფილმი Kids დასავლეთ საქართველოს კინოთეატრებში, მაგრამ სათაურის უკეთესი ქართული შესატყვისი ვერც კი წარმომიდგენია…

პალმები

If you know what I mean… 🙂

ლაზიკა

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ლაზიკაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ის საოცრად ჰგავს “28 Days Later-ის” მიტოვებულ ლონდონს ფილმის დასაწყისში, რა თქმა უნდა თავად ლონდონს თუ გამოვაკლებთ…

გლდანიპოლისი

ვფიქრობ გლდანელების გარდა, დანარჩენებისთვის გლდანი ისევე იდუმალია როგორც ფრიც ლანის მეტროპოლისი და მისი შეცნობა მხოლოდ ფილმის მეშვეობით არის შესაძლებელი…

ქუთაისი – კონტრასტების ქალაქი

“ასეა, თუ ბავშვი ხელში გყავთ აყვანილი ესეიგი ბავშვია, თუ არა, და ფეხზე დგას, ესეიგი ბავშვი აღარაა”
-საბაგიროს თანამშმრომელი, ქალბატონს რომელმაც ბავშვებს ბილეთი არ აუღო

ტაქსის ხელს ვუქნევ, მიჩერებს. ჩაწეულ ფანჯარას ვუახლოვდები და მძღოლს ვეკითხები, “სპორტის სასახლესთან სამ ლარად გაგვიყვანთ?” თბილისის მაშტაბებში მანძილი რომელსაც ტაქსისტს ვთხოვ გასავლელად დაახლოებით გაგარინის მოედნიდან სპორტის სასახლემდე ტოლია. ვიცი რომ ეს ფასი ნორმალურია დედაქალაქის პირობებში, მაგრამ ამჯერად ქუთაისში ვიმყოფები და აქ ტაქსისტები სხვა კასტას წარმოადგენენ.

ჩემს კითხვის გაგონებაზე ტაქსისტი ძალიან მოკლე მაგრამ ბრაზიან მზერას მიქცევს, მყისიერ სიჩქარეს რთავს, სახეს გზისკენ ისწორებს, უპასუხოდ მტოვებს და ჰორიზონტზე ქრება. პოზის შეცვლასაც კი ვერ ვახერხებ, გაოგნებული ვდგავარ და ჩემი მეგობრების ხარხარს ვისმენ.

ვერავინ დამარწმუნებს რომ ქუთაისის ტაქსისტებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ ვიდრე თბილისელებს. აქ საქმე ორ მოვლენასთან უნდა გვქონდეს, პირველი, აშკარა ანტიპატია “დედაქალაქიდან ჩამოსულების მიმართ,” ა ლა “ჩამოვიდნენ აქ თბილისიდან და ჰგონიათ რომ შეუძლიათ კაპიკეპად იარონ” და მეორე, “სჯობია სულ ისე ვიარო ვიდრე იმდენი არასაკადრისი გადამიხადონ”.

ასე მაგალითად, მეორე შემთხვევაში სხვა ტაქსისტს ერთ ადგილამდე მისაყვანად იმაზე მეტი შევთავაზეთ ვიდრე საჭირო იყო. თუმცა, ხის ჩრდილის ქვეშ გაჩერებულმა ძალიან მშვიდად და ზარმაცად მოკლედ “არა” მოგვიგო. მართლაც, რატომ უნდა შეიწუხო თავი როდესაც ასეთ სიცხეში სჯობია მთელი დღე უსაქმოდ ხის ჩრდილის ქვეშ იდგე და კოლეგებს ქვეყნის ავბედითობაზე ესაუბრო.

ამრიგად ტაქსი თბილისისაზე გაცილებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება. თუ თბილისში ტაქსის მძღოლები პოტენციური კლიენტის შენიშვნისას სიჩქარეს აგდებენ და ისევე მიიზლაზნებიან როგორც ბაგირა მსხვერპლის დანახვაზე, ქუთაისელი ტაქსისტები ბევრად “დასტოინად,” კლიენტის დანახვაზე სიჩქარეს უმატებენ და მათ მისამართით დაქნეულ ხელს არაფრად აგდებენ.

ქუთაისი კონტრასტების ქალაქია. ამ ჯერზე მეგობრებთან ერთად ჩასულმა აქ სულ რაღაც ორი დღე გავატარე, რომ არა მეორე დღე ქუთაისიდან ყველანი ძალიან ცუდი შტაბეჭდილებებით წამოვიდოდით. საქმე ისაა რომ პირველ დღეს დროის უქონლობის გამო ძირითადად ქალაქის შეფასება მხოლოდ შემოსასვლელით (საღორია) და ავტოსადგურით მოგვიწია. პირველ რაც თვალში გვეცა იყო მტვერი. თბილისიდან ჩამოსულს მტვერი რომ გაგიკვირდება ალბათ დაგვეთანხმებით რომ საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა. საბედნიეროდ მეორე დღემ, როდესაც მოგვეცა ბაგრატის, თეთრი ხიდის და განახლებული ქალაქის ნაწილის ნახვა ჩვენზე სულ სხვა შტაბეჭდილება დატოვა. ამ უბანში გასეირნება ნამდვილად არაა ცუდი იდეა და არც მტვერი შეგაწუხებთ, რაღაცეები კი მართლა კარგადაა გაკეთებული.

მერე რა რომ აქ ტურისტები ჯერჯერობით მხოლოდ კანტი კუნტად ჩანან, ტურისტულ ცენტრში რუკაზე შესულებს მომსახურე პერსონალმა ძალიან მოწადინებულად, ნეიტრალური აქცენტით მოგვიგო, “How can I help you?” ჩვენგან იგივე ენთუზიაზმი რომ ვერ შენიშნა, მშობლიური, მკვეთრად გამოხატული ქუთაისურით მოგვიგო, “აა, ქართველები ხართ?” ჩვენც თავი დავაქნიეთ და საჩუქრად ქალაქის რუკა მივიღეთ. სხვათაშორის როგორც ჩანს აქ ინგლისურად არა მარტო უცხოელები საუბრობენ. ამაში შემდეგ ფაქტმა დამარწმუნა. რესტორან მირზაანში შესულებმა შეკვეთამდე ერთ-ერთ ოფიციანტს გავესაუბრეთ და თეთრ ხიდზე მისასვლელი გზა ვიკითხეთ, იმანაც აგვიხსნა, ოთხივე მადლობა გადავუხადეთ და მენიუ ვთხოვეთ. იმანაც კი ბატონოო, ოღონდ მენიუ ინგლისურად მოგიტანოთო თუ ქართულადო? რადგანაც კითხულობს უნდა იყოს იმის პრეცენდტი რომ შემოსულ სტუმარს მიუხედავად ქართველობისა ინგლისურად წაკითხვა ერჩივნა…
ისე რეკლამაში არ ჩამითვალოთ და მირზაანის სამზარეულო ძალიან გემრიელი აღმოჩნდა და თბილისის ფილიალი ქუთაისისას ბევრად ჩამოუვარდება. თემა რომ გავაგრძელოთ, მაგიდასთან დასხდომისას ჩვენს უკან სტუმრები ახალი წასულები იყვნენ. მათი მაგიდა ტიპიურ ქუთაისურ მოვლენას ასახავდა.

“ფასები ფურცელი,” ქუთაისური სტილი

ბაშვობიდან ვიცოდი რომ თუ ჭეშმარიტი იმერელი ხარ შეიძლება სახლში ელემენტარული სახსარი არ გაგაჩნდეს, მაგრამ სუფრა ყოველთვის სავსე უნდა იყოს და აუცილებლად იმაზე მეტი უნდა იდოს მაგიდაზე ვიდრე შეჭმა შეგეძლოს ნორმალური, ან თუნდაც არანორმალურად დიდი ზომის ადამიანს. ასეთი იყო ის მაგიდაც, ნახევარი სტუმრებმა იქვე დატოვეს, აბა რა წესია იმდენი შეუკვეთო რამდენსაც შეჭამ?
ჩვენ უწესოდ მოვიქეცით და იმდენი შევუკვეთეთ რამდენის შეჭმაც შეგვეძლო. ალბათ რომ წავედით ოფიციანტმა ჩვენი მაგიდის დანახვაზე სინანულით თავი გაიქნია და მთლიანად გაწმენდილი თეფშებისგან კულტურული შოკი მიიღო.
მირზაანი არა და ადგილობრივ “რესტარანებში” კიდევ ერთი თავისებურება აღმოვაჩინეთ, მართალია რთულია განაზოგადო მაგრამ ორ “ზავეძენიაში” შესულებს ორივეში ერთნაირი სიტუაცია დაგხვდა. საქმე ისაა რომ ორივეგან შესასვლელში ჯერ ტუალეტი გვხვდებოდა და მერე უკვე უშუალოდ სასადილო ოთახი. ანუ, წარმოიდგინეთ რომ შედიხართ შენობაში, ზუსტად თქვენს პირდაპირ ხუთ მეტრში არის ტუალეტი, ხოლო მარცხნივ სხვა კარებში უკვე შესასვლელი რესტორანში…

ყოველთვის მეგონა ხოლმე რომ რესტორანის მესვეურებს არ უნდა აწყობდეთ ქუჩიდან შემოსული სტუმრის ტუალეტში შეშვება, მაგრამ ამ ორ შემთხვევამ დამარწმუნა რომ მათი ტუალეტის კარები ყოველთვის ღიაა შემთხვევით გამვლელისთვის. ამ ორიდან ერთ-ერთ შემთხვევაში კი ღია პირდაპირი მნიშვნელობით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ კარები უბრალოდ არ იკეტებოდა და საქმეზე შესულს თან კარი უნდა დაგეკავა და თან არხსენებულ საქმეზე გეფიქრა.

კიდევ ერთი თავისებურებაა სამარშრუტო ტაქსები, თუ თბილისში ამ სატრანსპორტო საშუალებაში მფლობელი ცდილობს რაც შეიძლება მეტი სკამის ჩატენოს (საბოლოოდ ფეხების დასადები სივრცე იმდენად მცირეა რომ ამაზე შეიძლება პიგმეებმაც კი დაწერონ საჩივარი), ქუთაისში ყველაფერი პირიქითაა. აქ “მარშუტკაში” შესულს მაქსიმუმ 10 დასაჯდომი ადგილი თუ დაგხვდება, ყველა დანარჩენი სკამი აღებულია, რათა მგზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი ფეხზე დგომისას. რომელია ამ ორთაგან მარკეტინგულად უფრო გამართლებული თქვენი გადასაწყვეტია…

კიდევ ბევრი სხვა რამე იყო, იყო მაკდონალდსი რომელმაც ჯერ საკუთარი არსებობით და შემდეგ უკვე ფერების გადაწყვეტილებით გულახდილად გაგვაკვირვა, იყო დაძაბული გამვლელი რომელმაც მიმართულების კითხვისას პრაქტიკულად ჩაგვეცუცქა, იყო არხეინად მოსიერნე პატრული და ბევრი სხვა რამ… თუმცა ყველაფერს ვერ მოჰყვები, ყველაფერი დანარჩენისთვის არსებობს თბილისიდან ქუთაისში მიმავალი 12 ლარიანი მარშუტკა, რომლის პლეილისტიც ცალკე ისტორიაა…

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო… ვინ არიან ქართველი მწერლები?

მაშინ როდესაც ინგლისური ენის ლექსიკონები ყოველდღიურად ახალი
სიტყვებით ივსება, ხოლო შეგნებული სამყაროს მწერლები ერთმანეთს ენის ცოდნაში თუ ფანტაზიის უკიდეგანოობაში ეჯიბრებიან, ზაზა ბურჭულაძე ბანალური და მოძველებული ეპატაჟის ხერხებით ცდილობს ქუთაისის მოსახლეობის “აგდებას.”

ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ესენიც “ვარდებიან” და აღშფოთებულები “გარყვნილ” მწერალს განიხილავენ.

ქვეყანაში სადაც 40 წლით დაგვიანებული მასალის დაკოპირებით გადიან ფონს , მსგავსი საღამოების ახალ ამბებში (თუნდაც სოციალურ მედიაში) მოხვედრის არ უნდა გვიკვირდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საქართველოში დრო “გაჩერდა” და ახალი არ აფერი ხდება.

თუმცა, გაჩერებული თუ დაკარგული დროის თემაზე აქ საუბარს არ ვაპირებ, ამის ნაცვლად სჯობია “თანამედროვე” ქართველი მწერლის რამდენიმე სახე თუ ტიპი განვიხილოთ.

მამა – პაპური ტრადიციების გამგრძელებლები

ესენი ძირითადად უფროსი, “კომუნიზმში” დაბადებული თაობის
წარმომადგენლები არიან, რომლებიც ყველაფერ ქართულს სათუთად ეპყრობიან და გარე (დასავლური) ჩარევისგან იცავენ.

გულწრფელად სწამთ რომ ქართული ლიტერატურა კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად მოკვდა, ერი გაირყვნა და აღარაფერი გვეშველება.

წარსულში სახელოვანი და წარმატებული მწერლებისგან განსხვავებით ამ ჯგუფის უმრავლესობამ აქტუალობა ვერ შეინარჩუნა, იმ მარტივი მიზეზით რომ დროს ფეხი ვერ აუწყო და სიახლეების ძებნის მაგივრად ქართველი კლასიკოსების პირდაპირი კოპირება გადაწყვიტა.

ზომიერი თაობის მწერლები

ესენი 90-იანების დასაწყისში, ქართული დამოუკიდებლობის ფეხდაფეხ აღმოცენდნენ.  ამ პერიოდმა მათ პატრიოტული გრძნობები გაუღვივა, თუმცა ჟამთა ცვლამ ფუნდამენტალიზმობამდე გრძნობები ვერ დაიყვანა და ისინიც “მამა პაპური” თაობისგან რიგ საკითხებში განსხვავდებიან.

თუმცა, ზომიერების გამო  “მამა-პაპური” თაობისგან სიმპატიითაც კი სარგებლობენ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი ხანდახან ქართულ “სიწმინდეებს” ეხება და გვახსენებს რომ ესა თუ ის ისტორიული პიროვნებაც ადამიანი იყო და ხანდახან ტუალეტშიც კი დადიოდა.

ხშირად ჩნდებიან ტელევიზორში, ხანდახან გვახსენებენ რუსულ ინტერვენციას და ქართული ტერიტორიული მთლიანობის აუცილებლობას.

“მესამე არს კარგი ლექსი სანადიმოდ, სამღერელად,
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად…”

ამათი მწერლებად მოხსენიება უხერხულიც კია, მწერლობა მათვის უფრო “ჰობის” წარმოადგენს. ის ფაქტი რომ ხანდახან მათი ნამუშევრები ამ პოსტში სხვა კატეგორიის წარმომადნლების ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება რა თქმა უნდა არა მათ ნიჭზე არამედ “ჩამოყალიბებული მწერლების” რეგრესზე მიუთითებს.

მათ შორის გვხდებიან ბიზნესმენები, მენეჯერები, უფროსები და ა.შ. ხშირად წერენ ლექსებს და სუფრაზე ახლო წრეს უზიარებენ, ამიტომაც მათ ყოველთვის საუკეთესო კრიტიკა ხვდება.

როგორც წესი აქვეყნებენ ერთ წიგნს და ამაზე ჩერდებიან, თუმცა გამონაკლისს შემთხვევაში სიცოცხლის მიწურულს ერთ ავტობიოგრაფიასაც გვჩუქნიან ხოლმე, რომ ჩვენ, უბრალო მომკვდავებმა მათგან ვისწავლოთ.

ამორალური მორალისტები

ჭარბობენ ახალგაზრდა თაობაში. იყენებენ მძიმე ირონიას ძველი თაობის მწერლების დასაცინად. ხშირად მათი დაცინვის ობიექტი თანამედროვე “მამა-პაპებს” სცდება და აღიარებულ კლასიკოსებსაც ეხება.

პოპ კულტურის პირმშო.  აგრძელებენ “სწრაფი კვების” ტრადიციებს და “სწრაფ” ლიტერატურას გვთავაზობენ.

წერენ მარტივად გასაგებ ენაზე და “გვაკვირვებენ” არანორმატიული ლექსიკის ცოდნით.  უყვართ დასავლეთი, მაგრამ დასავლეთს ყველაზე ნაკლები 40 წლით ჩამორჩნენ. კითხულობენ ბიტნიკებს, თანამედროვე ფრანგ მწერლებს, იშვიათად კლასიკას.

წარმოადგენენ თანამედროვე ფრანგი “მეტ ნაკლებად ქულ ბოტანიკოსის” ექვივალენტს, პატარა განსხვავებით, იწოდებიან მწერლებად და სარგებლობენ პოპულარობით ეპატაჟის ხარჯზე.