Tag Archives: შოტლანდია

კილტები, გოგოები, ბრედ პიტი და ბიბლიოთეკა ანუ გლაზგოური ფოტოაჯაფსანდალი

შოტლანდიის ყველაზე არეულ, მხიარულ და მთვრალ დიდ ქალაქ, გლაზგოში გატარებული ორი წლის შემდეგ, რომელიც ისე შევისწავლე, რომ არც თუ ისე იშვიათად გზააბნეული ან მთვრალი ტურისტის შეკითხვაზე; “როგორ მოვხვდე ქალაქის ცენტრში,” მე ამაყად, თითის მარტივი მოძრაობით და კომსომოლური მონდომებით გვირაბის ბოლოს სინათლეს გზას ვუჩვენებდი. მადლიერების ნიშნად სიტყვა “Thank you-ს” რომ გავიგებდი,  საკუთარ თავს თვითმაყოფილებით ვეტყოდი, “ყოღაღ დავით.”

მარტოდ ქუჩაში გასულს კი, ნაცნობები იმდენად ხშირად მხვდებოდნენ რომ თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში თბილისში რუსთაველის გამზირზე.  ასე რომ, ამ პოსტში გადავწყვიტე გლაზგოში სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებისთვის მომეყარა თავი.

Advertisements

როგორ ვერ მოვიცილოთ დამღლელი თანამგზავრი და შევეცადოთ დაძინება ფართოდ დახუჭული თვალებით

რას აირჩევდით, მარტო მგზავრობას თუ ისეთ ტიპის ადამიანთან ჯდომას რომელიც ერთ საათის განმავლობაში საკუთარი ისტორიების მოყოლით შეგახსენებთ რომ ამ სამყაროში ნამდვილად არსებობენ დამღლელი და ცოტათი არანორმალური ადამიანები?

ჩემი უალტერნატივო არჩევანი გლაზგოდან აბერდინში მგზავრობისას მგზავრების აყვანის მიზნით ქალაქ დანდის ავტობუსების გაჩერებაზე გაკეთდა. წყლის ყიდვა გადავწყვიტე და ჩემი ადგილიც უპატრონოდ (ჩანთა დავტოვე სავარძლის ქვეშ) დავტოვე.

5 წუთის შემდეგ დაბრუნებულმა ჩემს ადგილზე დაბალი, მაგრამ ჯირკი, შოტლანდიურ ნაციონალურ კოსტიუმში, ანუ კილტში გამოწყობილი 35-40 წლის მამაკაცი აღმოვაჩინე.

“თუ შეიძლება ჩანთას ავიღებ, მანდ დავტოვე,” ვეუბნები და თან ჩანთას ვიღებ. წინა სავარძელზე, ყურსასმენებიანი, იტალიელი გოგო ზის და ჩემთვის ადგილს ათავისუფლებს, მეც ვჯდები.

ამ დროს, შოტლანდიელი მეძახის, “იტალიანო?” – ვიღიმი და ვპასუხობ რომ არა. “ესპანიოლ?” – ისევ არას ვეუბნები.

“ფრანსეზ?” – ვეუბნები კვლავ არას და თან ვხვდები რომ თუ რამე არ ვიღონე ამ ადამიანმა შეიძლება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ჩამოთვალოს, ამიტომაც ინგლისურად მიმინოს სტილში ვპასუხობ, “ნეტ, გრუზინ”.

“აჰ, ჩვენ ამჯერად ერთ ჯგუფში არ ვართ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენ ესპანეთთან და ლიტვასთან ვართ.” – მეუბნება, მე ვუღიმი.

“ეს გოგოც ქართველია?” – მეკითხება და ყურსასმენებიან გოგოზე მანიშნებს.

“არა, არ ვიცნობ,” ვპასუხობ.

“მაშინ ჩემთან გადმოჯექი, მოდი, მოდი ვილაპარაკოთ.”

რომ მცოდნოდა ერთ საათის განმავლობაში რა დღეში ჩამაგდება ეს ზღაპრიდან რეალურ ცხოვრებაში გამოქცეული პერსონაჟი ნამდვილად არ დავთანხდებოდი, მაგრამ…

“ჩემი რუსული სახელი გიორგია, გიორგი რობოტი, ინგლისურად კიდევ ჯორჯ რობერტ”, რობოტი თავიდან ხუმრობად აღქვიქვი, მაგრამ შემდგომში რამდენიმეჯერ რომ გაიმეორა ეჭვი შემეპარა, მოკლედ ხელი გამომიწოდა და მეც გამოვეცნაურე.

ამის შემდეგ “რობოტმა” თავისი მონოლოგი დაიწყო. ის მიყვებოდა იმაზე თუ როგორ უყვარს ფეხბურთი, დალევა და ა.შ. ზოგადად თემიდან თემაზე დახტოდა, თემებს შორის ლოგიკური ჯაჭვის მოძებნა კი ხშირად შეუძლებელი იყო.

რაღაც მომენტში უცბად მან საკუთარ კატაზე დამიწყო მოყოლა.

“უჰ, საშინლად მტკივა თავი, გუშინ ბევრი დავლიე, და გვიან დავწექი, მაგრამ ამ კატამ დილით გამაღვიძა, მპორჭყნა, აი უყურე,” ამ სიტყვებზე მან დეტალურად მაჩვენა თითები.

ვიღიმი.

ის აგრძელებს და მეუბნება თუ როგორ უყვარს თავის კატი ყველაფრის მიუხედავად. შემდეგ მობილურს “აძრობს,” რაკუშკას რომ ეძახიან ისეთს, საუკუნის დასაწყისში რომ იყო თბილისში პოპულარული და თავის კატის სურათს მაჩვენებს.

ვუღიმი.

“მე ზოგადად ძალიან კარგი ფოტოგრაფი ვარ, აი მოდი სხვებსაც გაჩვენებ,” და ამ სიტყვებზე მაჩვენებს ძალიან ცუდი ხარისხის ფოტოებს სადაც რამის გარჩევა შეუძლებელია.

“აი ეს პრინც ვილიამის ხელია,” თვალებს ფართოდ ვახელ და თან ვუღიმი. ორი ვარიანტია, ამ ადამიანს ან ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, ან კიდევ შეშლილია.

საუბარს რომ აგრძელებს ვხვდები რომ პირველი ვარიანტი უნდა გამოვრიცხო.

“აი მე იცი რა მაგარი რაღაცეების გაკეთება ვიცი?”

ვუღიმი.

ამ სიტყვების შემდეგ ის იწყებს ხელების “გრეხვას”, თითს მეორე ხელის თითში იყრის, ატრიალებს და მოკლედ ბოლომდე მაგიჟებს. შემდეგ ხელს იღლიის ქვეშ იყოფს და მეუბნება, “აი ასეც შემიძლია ხმის გამოცემა, ხომ მაგარია?”

მე ფარისევლურად ვეუბნები, რომ “კი, მაგარია.” და ამავდროულად ვიწყებ ფარული კამერის ძიებას.

“იცი, მე რელიგიური ვარ” მეუბნება და ძალიან სერიოზულად მიყურებს.

“ოპა, ჩამოვედით, ღმერთო შენ მიშველე” ვფიქრობ.

“შენ რელიგიური ხარ?” მეკითხება.

“…არც ისე…” ამ სიტყვებზე ჩემი თანამგზავრის სახეს ვამჩნევ და ვხვდები რომ ფატალური შეცდომა დავუშვი.

“არა, ისე მონათლული ვარ ქრისტიანად, ოღონდ მართლმადიდებლად,” ვცდილობ შეცდომის გამოსწორებას.

“ეგ არაფერი, ღმერთი იქ ერთია და ყველას ზემოთ გველოდება,” მეუბნება და თან რაღაც უცნაურ ლოცვასავით მიმართავს.

მერე მთხოვს მოვუყვე მართლმადიდებლური ლოცვები როგორია, კონკრეტულად რა აინტერესებს ვერ ვხვდები, მაგრამ ბოლოს მეუბნება რომელიმე ლოცვის დასაწყისი მითხარიო.

ყველაზე საინტერესო ისაა კი რომ მეც “მამაო ჩვენოს” ტექსტს ვეუბნები ნაწილობრივ. გაოგნებული თვალების მიყურებს, კილტზე მიმაგრებულ პატარა ჩანთას ხსნის, იქედან ამოაქვს ცხვირსახოცი, იწყებს ქვითინს და თვალებს იწმენდს.

“მადლობა, მადლობა,” მეუბნება და ხელს მართმევს.

მერე საკუთარ თავს უბრუნდება ხელებს აერთებს, ღმერთს მადლობას უხდის და ქვითინ ლოცვაში ვხედავ თუ როგორ უკანკალებს ყბა.

“გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ” ვფიქრობ და თან ვრწმუნდები რომ ეს ტიპი “აძერჟიმია,” ფანტაზია მეხსნება და წარმოვიდგენ თუ როგორ მიტაცებს, მივყავარ სახლში და მსხვერპლად მწირავს.

ამის შემდეგ ის კვლავ სხვა თემებზე გადადის და თუ საუბრის პირველ ნახევარში ზრდილობის ფარგლებში ღიმილით თუ მოკლე “კით” ვპასუხობდი ვხვდები რომ სრატეგია უნდა შევცვალო და მიუხედავად იმისა რომ კარგად გამოძინებული ვარ თავს ვაჩვენებ და ვცდილობ დავარწმუნო რომ ვიძინებ.

თუმცა, ეს მისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, მონოლოგს განაგრძობს და შიგადაშიგ მიტრიალდება და მელაპარაკება. ჩემი სტრატეგია ვერ ამართლებს. საათს ვუყურებ, მეჩვენება რომ თითო წუთი ერთ საათს გრძელდება.

ამ დროს იქმნება საავარიო მდგომარეობა, ავტობუს წინ მსუბუქი ავტომობილი ეღობება, ხალხი ცოტათი შეკრთა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ დროს ჩემი პერსონაჟი ადგილიდან ხტება და მთელ ავტობუსზე ყვირის “ქალი მძღოლია!!!”

“ღმერთო ჩემო ყველაფერთან ერთად სექსისტიცაა,” ვფიქრობ და ვცდილობ მისი გამოხტომ არ შევიმჩინო და ჯიუტად ვცდილობ გავაგრძელო “ძილი.”

ამ დროს ჩემი თანამგზავრი პირიდან იღებს პროტეზს და მერე კვლავ უკან აბრუნებს.

…მახსენდება რომ ორჯერ ჩამოვართვი ხელი და ამავე დროს ვფიქრობ რომ სენტიმენტალური დამშვიდობება აღარ ღირს.

“ბევრ კანფეტს ვჭამდი ყრმობაში, თან ვისკისაც ვსვამდი და აი მოკლედ აღარ დამრჩა კბილები,” მეუბნება და ლაპარაკს სხვა თემებით აგრძელებს.

“ძალიან მიხარია დევიდ რომ გაგიცანი, საერთოდ ძალიან იშვიათად ველაპარაკები გვერდზე მჯდომებს,” მეუბნება და ვხვდები რომ აშკარად მეკაიფება.

“თუმცა, ამის წინათ კიდევ ერთი კარგი ადამიანი გავიცანი, ნომერი მივეცი და იმედია დამირეკავს მალე.”

“ნეტარნი არიან მორწმუნენი,” ვფიქრობ.

მოგვიანებით ვხვდები რომ ჩემი ძილის სტრატეგია ცოტათი მაინც ამართლებს იმდენად რამდენადაც შოტლანდიელი კოლორიტი უკვე წინ მსხდომ იტალიელებს წვდება და სავარძლებს შორის ნაპრალში ყოფს ცხვირს და ერთ-ერთს მიმართავს, “ოლლა… ოლლაა.”

ისიც თავიდან არ იმნევს, მაგრამ მოგვიანებით უალტერნატივოდ დარჩენილი “ჰაით” პასუხობს.

“ესპანიოლ?”

“არა, იტალიელები ვართ” – პასუხობს გოგონა.

“აა, მე მიყვარს იტალია, პარმაში ვარ ნამყოფი 99 წელს, რეინჯერსს ეთამაშებოდა თქვენი გუნდი”

“ააა”

ცოტა ხანში ჩემი თანამგზავრი დაუკრეფავში გადადის და ისეთ რაღაცეებს ეუბნება იტალიელს, რომ ის იძულებული ყურსასმენები გაიკეთოს და არ შეიმჩნიოს.

პერსონაჟი კვლავ მე მიბრუნდება, “არა, არა, აღარ გინდა გთხოვ, რა დავაშავე” ვფიქრობ და ამავედროულად შვებას ვგრძნობ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ჰორიზონტზე აბერდინი ჩნდება!

შვება ახლოსაა!

ავღანეთიდან – შოტლანდიაში, მეორე ბატალიონის შინ დაბრუნება

შოტლანდიის მეორე, სამეფო ბატალიონი სამშობლოს ავღანეთიდან დანაკლისის გარეშე დაბრუნდა და 3 მაისს გლაზგოს ქუჩებში მარშით გაიარა. გთავაზობთ ჩემს მიერ აღლუღმზე გადაღებულ სურათებს.

არანი, გეოლოგიური სამოთხე

არანი – 432 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე კუნძულია და სიდიდით შოტლანდიაში მეშვიდე დიდ კუნძულს წარმოადგენს. აქ ადამიანი ჯერ კიდევ ნეოლითის საწყის ფაზაზე დასახლდა, ჩვ. წ. მე-6 საუკუნეში აქ წარმოშობით ირლანდიელები დასახლდნენ, თუმცა შემდგომში ვიკინგების შემოსევის დროს დამყრობლებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში იმძლავრა გალურმა გავლენამ.

არანი მთიანი კუნძულია, მას ხშირად გეოლოგთა სამოთხედ მოიხსენიებენ.

გთავაზობთ კუნძულზე ვიზიტისას გადაღებულ ფოტომასალას.

არანში მოსახვედრად ბორანი დაგჭირდება, რომელიც კუნძულამდე 45 წუთში მიგიყვანთ

აქ ძაღლებს როგორც მკვიდრნი ასევე ტურისტები ასეირნებენ, ეს ოთხფეხა ცხოველი სიტყვის პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ

კუნძულის უმაღლესი წერტილი. ტურისტების საყვარელი მთა, ასასვლელად დაახლოებით 2,5 საათი დაგჭირდებათ.

გოლფი კუნძულზე ყველაზე პოპულარულ სპორტს წარმოადგენს

მზიანი კვირა კუმბრაზე. ლამაზი კუნძული შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე.

კუმბრას კუნძული, გალურად “კუმარად მორ” ჟღერს, 8 კვადრატულ კილომეტრის ფართობისაა და გლაზგოდან დასავლელით, დაახლოებით 60 კილომეტრს მოშორებით მდებარეობს.

კუნძულის მოსახლეობა 2001 წლის აღრიცხვის მიხედვით 1434 ადამიანს შეადგენს, თუმცა ზაფხულობით ტურისტების ხარჯზე რამდენიმეჯერ იზრდება.

კუმბრაზე მოხვედრა ლარგსის გავლით შეგიძლიათ, ლარგსი დასახლებული პუნქტია რომელიც გლაზგოს მატარებლის და ავტობუსის მარშრუტით უკავშირდება (მგზავრობა დაახლოებით ერთი საათი). თავის მხრივ ლარგსიდან კუმბრაზე მოხვედრა ბორანის მეშვეობით შეგიძლიათ, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე მოსახვედრად არაუმეტეს 10 წუთია საჭირო.

კუმბრაზე პოპულარულია ველოსიპედის ქირაობა, აქ ჩამოსული ტურისტები სწორედ რომ ამ საშუალებას იყენებენ კუნძულის დასათვარიელებლად. 2 საათის ქირა 4 ფუნტი დაგიჯდებათ.

კუნძული ასევე არ უჩივის პაბებს და სხვადასხვა ტიპის კაფეებს.

კუმბრაზე პირველი ადამიანები ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დასრულების შემდეგ დასახლდნენ.

ბორანი ლარგიდან კუმრაზე ყოველ 15 წუთში ერთხელ მოძრაობს

ლარგი (მოსახლეობა 11 ათასი)

კუმბრაზე კვირას, 2011 წლის 3 აპრილს ამ დროს ჩამოსულებს მზიამი ამინდი დაგვხდა. იმის გათვალისწინებით რომ შოტლანდიაში ვიმყოფებით უნდა ჩავთვალოთ რომ გაგვიმართლა.

კუნძულის მოსავლელად (ველოსიპედით) 2 საათზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთ

კუმბრას კათედრალი, ყველაზე მაღალი შენობა კუნძულზე და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კათედრალი ევროპაში

შოტლანდიური სიამაყე

პალმა შოტლანდიაში პრაქტიკულად გამორიცხულ მოვლენას წარმოადგენს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით

“Crocodile rock”

შოტლანდიაში მცხოვრები ქართველები ქართულენოვან სკოლებს ითხოვენ

საქართველოს სამინისტრო დიასპორის საკითხებში , მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს დაივიწყონ სტერეოტიპული ფრაზა “ქართველს საზღვარგარეთ არ გაეკარო,” გაერთიანდნენ და ახალი ინიციატივებით მიმართონ სამინისტროს.
საქართველოს მინისტრი დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაია, ბრიტანეთის ქალაქებს ეწვია და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ლონდონი, ედინბურგი და გლაზგო მოინახულა.
ლონდონში პაპუნა დავითაიამ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, აღსანიშნავია სტუმრობა British Library (ბრიტანული ბიბლიოთეკა) – ში, სადაც დაცულია რამდენიმე ქართული ხელნაწერი, რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება. სამინისტრო ბრიტანულ ბიბლიოთეკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს,  მოლაპარაკებების მიზანია მოხდეს ხელნაწერების მაღალ დონეზე სკანირება და მათი ქართველი მეცნიერებისთვის გაცნობა.
ლონდონის შემდეგ მინისტრი შოტლანდიურ ქალაქებს ედინბურგს და გლაზგოს ეწვია. ამ ქალაქებში მცხოვრებმა ქართველებმა სხვადასხვა საკითხების მიმართ გამოხატეს ინტერესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული საკვირაო სკოლების  თემას.
ამ დროისათვის შოტლანდიაში არ არსებობს არცერთი ქართულენოვანი სკოლა. ქართულ მოსახლეობას შორის კი, დიასპორის ზრდასთან ერთად, მოთხოვნა მათზე დღითი დღე მატულობს.

2 თებერვალს გლაზგოში გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბაჩო გაბუნიამ, რომელიც თითქმის ათი წელია ოჯახთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს, გამოხატა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილებს არ აქვთ სხვა ქართველ ბავშვებთან რეგულარული ურთიერთობის საშუალება. აქვე მან მაგალითი მოიყვანა.

“რამდენიმეჯერ დავაკვირდი რომ ქართველი ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობისას თითქოს თავიდან ცდილობენ ქართულად ლაპარაკს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ინგლისურზე გადადიან” – აღნიშნა ბაჩო გაბუნიამ შეხვედრისას .
შეხვედრის მონაწილეებმა ეს ფაქტი შეუჩვევლობით ახსნეს. მსგავს ვითარებაში ქართული საკვირაო სკოლის არსებობამ, შესაძლოა წარმოშობით ქართველი ბავშვების ქართულ ენასთან და ისტორიასთან დაახლოებას შეუწყოს ხელი.

პაპუნა დავითაიას თქმით საკვირაო სკოლებზე მუშაობის პროცესი დაწყებულია და ამ ეტაპზე უკვე საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებულია გეგმა თუ რა პროგრამით უნდა ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს, ასევე მიმდინარეობს პედაგოგების მომზადება პროექტისთვის.
“ამჟამად ველოდებით ადგილობრივ ინიციატივებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში,  ჩვენ დავეხმარებით აქაურ მოსახლეობას საკვირაო სკოლების დაარსებაში” – განაცხადა შეხვედრაზე პაპუნა დავითაიამ.

შოტლანდიისგან განსხვავებით ლონდონში, ქართული დიასპორა გაცილებით ძლიერი და სტრუქტურიზებულია, ამის ფონზე ინგლისის დედაქალაქში უკვე არსებობს საკვირაო სკოლა, ქართულ-ბრიტანული სავაჭრო პალატა და სხვა მძლავრი ორგანიზაციები. სამინისტროს მიზანი და სურვილია განავითაროს შოტლანდიაში არსებული დიასპორის ქსელი.

სამინისტროს ინიციატივით იქმნება ახალი ნოვაცია, სოციალური ქსელი, რომელიც სხვა სოციალურ ქსელების მსგავსია რიგ საკითხებში, მაგრამ ასევე გააჩნია თვისობრივი დამატება (აპლიკაცია). აპლიკაციის შინაარსი იმაში მდგომარეობს რომ ის პრაქტიკულად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვისაა შექმნილი , რომელიც ,მაგალითად, გლაზგოში მცხოვრებ ადამიანს საშუალებას აძლევს ვირტუალურ სივრცის დახმარებით აღმოაჩინოს მასთან ახლოს მცხოვრები სხვა ქართველი ემიგრანტი. სოციალური ქსელით სარგებლობა შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი. http://iamgeorgian.com ქსელი სრულად ერთი თვის ვადაში ამუშავდება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შოტლანდიაში შეიძლება უფრო მეტი ქართველი ცხოვრობდეს, ვიდრე ჩანს, ამის მიზეზი კი ისაა რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, საკვირაო სკოლის, ცენტრის ან თუნდაც სოციალური ქსელის შემქნამ კი შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო მეტი ქართველის გამოჩენას და მათ გაერთიანებას.

პაპუნა დავითაიამ ასევე ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე ემიგრანტებისთვის,  თანამედროვე  ინტერნეტის პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ეძლევათ საშუალება მეტი გაიგონ სამშობლოს შესახებ და უახლესი ინფორმაციაც მიიღონ. შეხვედრისას მინისტრმა ასევე Itv.ge – ის და დიასპორის საკითხებში სამინისტროს ერთობლივ პროექტზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში Itv.ve- ის საიტზე შექმნილია რუბრიკა, რომელიც აძლევს საშუალებას ემიგრანტებს გააკეთონ სიუჟეტები საკუთარი ცხოვრების შესახებ და ისინი აღნიშნულ საინფორმაციო პორტალზე განათავსონ.

“პროექტის ფარგლებში გაიხსნა რუბრიკა “დიასპორა,” რომელიც ისეთივე რუბრიკაა როგორიცაა კულტურა, სპორტი და ა.შ. ვფიქრობ დიასპორები აქტიურად ჩაერთვებიან ამაში და ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას საკუთარი აქტივობების შესახებ.” – აღნიშნა პაპუნა დავითაიამ.

მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გლაზგოში ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მასში მონაწილეებს წარმატება უსურვა და ახალი ინიციატივებისთვის მზაობა გამოხატა.

“მოვიხიბლე მინისტრის უშუალო დამოკიდებულებით და მშვენიერი იდეებით, იმ შემთხვევაში თუ ეს იდეები პრაქტიკაში გატარდა მხოლოდ მივესალმები” – აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილემ ნინო პატარაიამ რომელიც გლაზგოს კალედონიის აკადემიაში ქსელურ ინოვაციების კუთხით დოქტორინატურის სტუდენტია.