Tag Archives: წერა

ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez

სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ.

ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის კონკურენტად ითვლება. სანამ ამ ორ ჟურნალს ხელში ავიღებდე მეც ვფიქრობდი რომ თვისობრივად ერთი და იგივე ჟურნალს ვკითხულობ, უბრალოდ განსხვავებული პოზიციებით, თუმცა წაკითხვის შემდეგ განსხვავებებიც აღმოვაჩინე.

მაშ ასე, ვინ მოერევა, ტაბულა თუ ლიბერალი?

ყველაზე ზედაპირულით დავიწყოთ და ნელ ნელა “სიღრმეებშიც” შევიჭრათ.

ფასი

 ლიბერალი ორი ლარი ღირს, ტაბულა ლარნახევარი, არცერთია მაინცდამაინც მაღალი ფასი, მაგრამ ქართული რეალიიდან გამომდინარე 50 თეთრსაც მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ლიბერალს 6-დან 3, ხოლო ტაბულას 4 ქულას ვუწერ.

ლიბერალს 42 გვერდი აქვს, ტაბულას72, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ამ უკანასკნელის საგრძნობი ნაწილი რეკლამას უჭირავს და პირველს ამასთან შედარებით რეკლამას შიგთავსის ძალიან მწირ ნაწილს იკავებს, ქულებს თანაბრად ვანაწილებ, 3-3 ორივეს.

ქაღალდის ხარისხი

გაზეთს რომ კითხულობ ქაღალდს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, მაგრამ როდესაც ხელში ყოველკვირეული “მოინტელექტუალო” ჟურნალი გიჭირავს გასაკვირი არაა რომ ამასაც მიაქცევ ყურადღებას. ციდან მწვერვალებს არცერთი კრეფს, თუმცა ლიბერალი მაინც ოდნავ წინაა და ტაბულას გაცილებით სჯობია.  ასე რომ 3 და 2, ლიბერალის სასარგებლოდ.

ყდა, დიზაინი, ილუსტრაცია

ტაბულას ამ კვირის ნომერს “ყოვლისშემძლე თაგვი” ამშვენებს, რომელიც კედელშიც (ეს ინტერნეტ ცენზურას ასახავს) კი აღწევს, აქ თვალშისაცემია მსგავსება კონკურენტ ჟურნალთან, რომელიც კედლის მაგივრად ჩარჩოს (პრეს პაპიეს ფორმით) ასახავს, რომელზეც ფონეიდესკოპი იკლაკნება, ჟურნალის მთავარი თემა ჯანდაცვაა. ლიბერალის შიგთავსი უფრო სადაა, უფრო სერიოზულად გამოიყურება და გრაფიკით ნაკლებად დატვირთული, ამასთან ტაბულას მეტი სურათი აქვს გამოყენებული, თუმცა რიგ შემთხვევაში ზოგიერთი გვერდი ნამეტანად გადატვირთულია. საერთოდ ამ პარამეტრებით ერთი მეორეს საკმაოდ ჰგავს, ასე რომ აქ უპირატესობას არცერთს მივცემ და ორივეს 3-3 ქულას დავუწერ.

პრობლემატური თემების არსებობა

თანამედროვე ჟურნალისტიკა ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული რომაა საიდუმლო არავისთვისაა, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც ნათელია რომ თუ მედია გამომცემელი პრობლემატურ და მნიშვნელოვან თემას ივიწყებს ის განწირულია მკითხველის დაკარგვაზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე ჟურნალი ერთ პერიოდშია გამოსული ყრდაზე ორი განსხვავებული მთავარი თემა გვაქვს, ტაბულა თვლის რომ კვირის მთავარი თემა ინტერნეტცენზურაა, ხოლო ლიბერალი საავადმყოფოების პრივატიზაცია.

მოგეხსენებათ ინტერნეტცენზურაში აგვისტოს 5 დღის გამო დაბლოკილი ტორენტ საიტები იგულისხმება, მართალია გასულ კვირას ამ აკრძალვამ მართლაც რომ ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი შეაწუხა და ფეისბუქზე პროტესტიც კი გამოათქმევინა, მაგრამ მეორე დღესვე აკრძალვის მოხსნა და ჟურნალში 5 გვერდიანი სტატიის მიძღვნა  “მთავარი თემის” ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს.

ლიბერალს თავის მხრივ საკმაოდ მტკივნეული და საჭირო თემა აქვს წამოჭრილი. საავადმყოფოების პრივატიზაცია მართლაც რომ ბევრს ეხება და ცვლილებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა რომ სტატიაა უფრო მოცულობითი შეიძლება ყოფილიყო (ავტორები მაგალითად არ საუბრობენ იმაზე თუ რა ბედი ეწევათ ექიმებს, პაციენტებსაც შეიძლება მეტი ყურადღება მიქცეულიყო) მაინც ინფორმატულია და კარგ დონეზე შესრულებული. გარდა ამისა ლიბერალი ამ კვირის ნომერში ეხება ისეთ პრობლემატურ თემებს როგორიც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა,  სახელმწიო ეკონომიკური პოლიტიკა იაფი კრედიტების კუთხით, პრობლემები ზღვაზე სეზონთან დაკავშირებით და დებატები აფხაზეთის აღიარება არ აღიარებაზე.

ტაბულა ამ მხრივ აშკარად ჩამორჩება კონკურენტს. ერთადერთ პრობლემატურ თემად რომელიც პრობლემატურად არის წარმოჩენილი ნაგვის გადასახადი შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი პრობლემატური თემები მომხიბვლელადაც კი არის წარმოჩენილი, მაგალითად ერთ-ერთ სტატიას ასეთი სახელი ჰქვია: “კანონი მანიფესტაციების შესახებ-გამკაცრება თუ ლიბერალიზაცია?”

ამგვარად ამ კატეგორიაში 4-2 ლიბერალის სასარგებლოდ.

ენა, პროფესიონალიზმი 

მწერალი ერთგვარი კულინარია. სხვადასხვა კულინარს შეიძლება ერთნაირი მოცემულობა, უმი მასალა ჰქონდეს, აი რა და როგორ კერძს მოამზადებს უკვე მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. მართალია ჟურნალისტიკა და მწერლობა ორი სხვადასხვა ფენომენია, მაგრამ ბეჭდვითი პრესა, განსაკუთრებით კი საჟურნალო სტატიები სხვა მედია საშუალებებისგან შედარებით გაცილებით ახლოს დგანან ლიტერატურასთან. სწრაფ ინფორმაციის მისაღებად მავანმა შეიძლება ტელევიზორს უყურო, რადიოს მოუსმინო, ინტერნეტი მოათვალიერო, უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიური გაზეთი შეიძინო. ჟურნალის შემთხვევაში კი სხვა ესთეტიკასთან გვაქვს საქმე, ჟურნალი გრჩება, თავისუფალ დროს გინდა წაიკითხო, ნაწერისგან სიამოვნება მიიღო და მოკლედ რაღაც ისეთი აღმოაჩინო რომელიც შეიძლება ბევრად გვიან ვინმე მეგობარს წააკითხო. მოკლედ ჟურნალი თითქმის ლიტერატურაა, ამიტომაც მოდით ამ ორი ჟურნალის მენიუ დავათვალიეროთ.

ხშირ შემთხვევაში ჟურნალს კითხვას, უკნიდან, კულტურის რუბრიკიდან ვიწყებ, ასე მოვიქეცი ამ შემთხვევაშიც. ორი ძალიან სასიამოვნო, გულს რომ გითბობს ისეთი წერილი შემხვდა ბოლო ორი სტატიის სახით. საუბარია კახა თოლორდავას “ისევ პარკებზე და ისევ ყოფილ ოპოდრომზე” და დავით ბუხრიკიძის უბადლოდ დაწერილი “რეცენზია – მოსაზრებაზე” “მსხვილი წითელი ხაზი,” რომელიც კინოფილმ “სიცოცხლის ხეს” ეხება.

კარგია და სახალისო ასევე ლაშა ბუღაძის “აქცენტირება,” რომელიც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს. რაზე? თუ წინა კვირის ტელე სივრცეს ადევნებდით თვალს ადვილად მიხვდებით.

დანარჩენი ლიბერალში მაინცდამაინც ლიტერატურული იყო თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ დაწერილ სტატიებში იგრძნობა განსხვავება ტაბულასთან, კერძოდ კი ჟურნალისტები უფრო პროფესიონალურად უდგებიან სტატიებს. უმრავლესობაზე რესპოდენტებთან მუშაობა იგრძნობა, სამწუხაროდ ტაბულას შემთხვევაში უფრო “გატელევიზორებულ” ან ტელეფონში ნათქვამ ფრაზებს შეხვდებით, ყველას არ ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ბევრი ჟურნალისტი თავს მაინცდამაინც რესპოდენტებთან ურთიერთობით თავს არ იკლავს.

ტაბულაში სამარცხვინოა მიშა თავხელიძის და ზურა ჯაფარაძის საავტორო სვეტი რომელიც კითხვას სვამს თუ რატომ არ არიან ისინი (თუმცა გაუგებარია ვინ კონკრეტულად, ავტორები თუ ზოგადად რედაქცია?) სოციალისტები? ტექსტი არ ტოვებს “უნივერსიტეტდამთავრებულობის” შთაბეჭდილებას და კითხვისას გიჩნდება ეჭვი რომ ერთ-ერთი ავტორი წამი წამზე გინებას დაიწყებს.

ამის ფონზე კი სპორტის სექცია ნამდვილი განძია, განსაკუთრებით კი ზურაბ თალაკვაძის “გერმანელი.” ეს სტატია ორივე ჟურნალში ყველაზე მეტად მომეწონა, ძალიან კარგი ენითაა დაწერილი, საინტერესოდ და შთაგაგონებს კიდეც. ნორმალურად და კარგად იმუშავა ასევე ნინა ახლოურმა. დანარჩენი… რავიცი აბა…

4-3, კვლავ ლიბერალის სასარგებლოდ.

შეჯამება

რა შეიძლება ითქვას? გვაქვს ორი ჟურნალი, რომელსაც პრეტენზია Newsweek – ობა Time – ობაზე თუ არა, ნამდვილად ხარისხიანზე რომ აქვთ ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ჯერჯერობით ბევრი აქვთ სამუშაო. ტაბულას შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს იბეჭდება დაბეჭდვის და გართობის ხათრით, ხოლო ლიბერალი ცდილობს იყოს სერიოზული, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში უბრალოდ ცდილობს ვიდრე რეალურ შედეგს აღწევს….

ამ ეტაპზე კი ამ ორს და Newsweek-Time დუეტს შორის სხვაობა უფრო მეტია ვიდრე “სარკე-თბილისელების” ტანდემისგან.

შედარებანი მართლაც რომ ოდიოზურია.

ანგარიში, შესაძლო მაქსიმალური 36 ქულიდან, ლიბერალი 20 – 17 ტაბულა. გაიმარჯვა ლიბერალმა.

Advertisements

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

რამდენიმე წლის წინ სიგარეტის განებების შესახებ გადაწყვეტილება ერთ ჩემ ნაცნობს ვაუწყე, რომელმაც გაიკვირვა და განაცხადა რომ ამის გახმაურება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი და საზოგადოებაშიც დაპირების შეუსრლულებლობის შედეგად უფრო ცუდად გამოვჩნდებოდი.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტა იმ ჩემ ნაცნობმა რომ მოწევას თავს ვერ დავანებებდი (დავანაბე, ერთ წელიწადში კვლავ განვანახლე მაგრამ მაინც…), მაგრამ დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც სურდა; არ შეიძლება გააკეთო დაპირება თუ ამის შემსრულებელი არ ხარ.

თუმცა, ამავდროულად დაპირება შეიძლება სტიმულატორი აღმოჩნდეს, რომელიც გაიძულობს გააკეთო საქმე რომელიც სხვებს, საჯაროდ შეპირდი. თუ პასუხისგებლობის გრძნობით ხარ დაჯილოდვებული უკან დასახევ გზას არ იტოვებ და დაპირებას ან ასრულებ ან სახალხოდ თავს იტეხ.

აქ დაპირება მინდა გავაკეთო, უფრო სწორად განცხადება.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას. ერთ წლიანი (რომელიც აღინიშნებოდა მრავალი წამოწყება-ფიასკოებით) შესვენების შემდეგ გვპირდებით რომ გარკვეული დროის შემდგომ საშუალება მექნება შემოგთავაზოთ ფანტასტიკურ/ფენტეზი ხასიათის ახლად გამოგონილი სამყარო, გაჯერებული ადამიანებით, მითიური და გამოგონილი არსებებით, სხვადასხვა ტიპის რასებით, დასახლებებით, რაციონალური და ირაციონალური მოვლენებით, მაგიით და მეცნიერებით, რწმენით და ურწმუნოებით.  ეს რაც შეეხება ფორმას, ხოლო შინაარსობრივად ეს მაინც იქნება ადამიანის “მოგზაურობა საკუთარ თავში,” ადამიანის რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ბოროტება და სიკეთე, შეიცნოს საკუთარი თავი ისევე როგორც ირგვლიმყოფნი.

გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდგომ ამავე ბლოგზე შესაფასებლად შემოგთააზებთ  ნაწარმოების პირველ რამდენიმე გვერდს. ფენტეზიში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მომაწოდოთ ლიტერატურული, კინომატოგრაფიული თუ სხვა სახის მასალა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობი და წერისას გამოვიყენებ. მოკლედ ველოდები გამოხმაურებებს, სურვილებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ა.შ.

…პოტენციურ გამომცემლებისგან კი აქტიურობას

მე ვარ ბლოკნოტი, წამიკითხე

Для того чтобы что-то воспринять-надо положить всего себя на карту

– მერაბ მამარდაშვილი –


ბლოგის განახლება ძალიან მიყვარს ხოლმე, ამის გაკეთებას საკუთარი თავის გარდა არავინ მაძალებს, მე ვარ ამ ბლოგის ბატონ პატრონი, ან კიდევ ეს ბლოგია ჩემი ბატონ პატრონი, როგორც გენებოთ, მე მაინც ურთიერდაკავშირებული პროცესი მგონია.

ჩემი ბიოგრაფიის მანძილზე ხდებოდა ხოლმე ისე რომ ბლოკნოტებს მჩუქნიდნენ, ძირითადად ან დედაჩემი ან მამაჩემი, ხანდახან სხვებიც (ახლა კონკრეტულად გახსენება მიჭირს), თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა თუ რატომ ან ვინ მჩუქნიდა ამ ბლოკნოტებს. საქმე ისაა რომ როდესაც ახალ ბლოკნოტს მაძლევდნენ და მე ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ცარიელ სივრცეს ვხედავდი მაშინვე მიჩნდებოდა სურვილი რამე დამეწერა, რამე, ოღონდ რამე! სამწუხაროდ ჩემი სურვილი შესაძლებლობასთან ხშირად თანხვედრასთან არ მოდიოდა და მეც დაღონებული არ ვიცოდი რა მექნა, არ მომდიოდა არანაირი შთაგონება ან მუზა. მაგრამ, იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი, ვწერდი რაღაც აბსურდულს (ამ სიტყვას ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო გაგებით ვხმარობ) ან თითიდან გამოწოვილ ნააზრევს და ვკმაყოფილდებოდი:

რაღაც მაინც ვქენი, ახლა ბლოკნოტი ცოტა სხვანაირად გამოიყურება

– ასე ვფიქრობდი.

რამდენიმე კვირის წინ ეს ყველაფერი რომ გამახსენდა ვიფიქრე: მოდი ერთ პოსტს რამე მაგდაგვარზე გავაკეთებ, სათაურად შევურჩევ “პოსტი პოსტისთვის” და თემასაც განვავრცობ.

შეიძლება ეს იდეა განმეხორციელა კიდევაც, მაგრამ გუშინ გადავიფიქრე, გადავიფიქრე იმის გამო რომ ერთ დოკუმენტურ ფულმს ვუყურე – კერძოდ კი დოკუმენტურს რომელიც მერაბ მამარდაშვილს ეძღვნებოდა და მასზე მოგვითხრობდა. ამ წერილის წინასიტყვაობაში გამოტანილი მერაბ მამარდაშვილის ფრაზა გახდა ჩემი ახალი იდეის მიზეზი, რომელზედაც შეპარვით საუბარი ამ წერილის პირველი სიტყვებიდან დავიწყე და აქვე ვაგრძელებ.

მაგრამ აქვე ნება მომეციეთ ცოტა გვერდზე დავდგე და წინასიტყვაობაში ფრაზის რუსული ვარიანტის დადების მიზეზი აგიხსნათ (ვინაიდანაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ინტერესდება: ერთი ფრაზის გადათარგმნა რა გახდაო?).  მოგეხსენებათ მამარდაშვილი რამდენიმე ენას ფლობდა, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ძირითადი სასაუბრო – რუსული ენა იყო, შესაბამისად ფილოსოფოსობასაც ის ამ ენაზე ეწეოდა. სამწუხაროდ მე არ ვარ ლინგვისტი და ჩემი მცდელობა გადამეთარგმნა ეს ფრაზა ქართულად დამთავრდებოდა კრახით, მიუხედავად მისი სიმცირისა ძალიან ადვილია თარგმნისას პოეზიაში ან ფილოსოფიაში დაკარგო აზრი.

დავუბრუნდეთ ძირითად თემას. დაახლოებით ორი წლის წინ ერთ-ერთი ფრანგი განმანათლებლის ფრაზა წავიკითხე, სამწუხაროდ აღარ მახსოვს რომლის კონკრეტულად და ასევე სამწუხაროდ არც ფრაზის სიზუსტეში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ფრაზა დაახლოებით ასე ჟღერდა:

“დურგალი აგრძელებს საკუთარ საქმეს, პიანისტი დაკვრას, პურის მცხობელი პურს აცხობს, მე კი ჩემს ნამუშევარზე მუშაობას ვაგრძელებ”

ბლოკნოტი იმისთვისაა რომ წერო, სახაზავი იმისათვის რომ სწორი ხაზი გაავლო, ბურთი იმისთვის რომ ითამაშო, წიგნი იმისთვის რომ წაიკითხო და
ა.შ. ამ სიის მაშტაბებიც გაზრდა ძალიან ადვილია – სასაცილო თემატიკიდან – სერიოზულამდე. მოკლედ ყველაფერს აქვს საკუთარი დანიშნულება. ყველაფერს და ყველას.

მოდით, ისევ მამარდაშვილს დავუბრუნდეთ, ის ამბობდა რომ ადამიანი არსებაა რომელიც სურვილს ეძებს, ყველაზე დიდი სურვილი კი სიცოცხლის სურვილია. სიცოცხლე არა უბრალოდ როგორც არსებობის ფორმა არამედ როგორც მოვლენა რომელიც შეგვიძლია განვიცადოთ. ადამიანს სურს გრძნობდეს საკუთარ თავს, საკუთარ მნიშვნელობას და გარკვეულწილად  იყოს სარგებლიანი.

ნება მომეცით გავაკეთო დასვნა:

სიცოცხლის ყველაზე დიდი სიამოვნებაა – აკეთებდე საქმეს რომელიც გიყვარს, აკეთებდე მას მთელი გულით და სულით და ამ ქმედებით სამყაროს რაღაცას მატებდე.

თუ ადამიანმა საყვარელი საქმე იპოვა ის ბედნიერი იქნება და ამ ბედნიერებით ის მხოლოდ დადებითის მომტანად იქცევა. ყოველი ჩვენთაგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ირგვლივ არაერთ “ზომბს” ხვდება, რამდენი ადამიანი ჩვენს ირგვლივ დაკავებულია ისეთი საქმით რომელიც მოსწონს და უყვარს? დამეთანხმები ალბათ, რომ ბევრად მეტია ისეთი რომელიც საკუთარ საქმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებს. დიახ, საყვარელი საქმის ქონა ფუფუნებაა და რთულია, მაგრამ რატომ უნდა იყოს სიცოცხლე მარტივი? საყვარელი საქმის პოვნა მარტივი არაა, არც უნდა იყოს მარტივი, ბედნიერებირისკენ ან დადებითი შედეგისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იოლი იყოს, წინააღდეგ შემთხვევაში ის გაუფასურდებოდა, მაგრამ სიცოცხლეს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ რომ ასეთი საქმის პოვნაა.

ასე რომ, მე წერა, ან თუნდაც “ბლოგინგი” მიყვარს. შენ?

როგორ და რაზე უნდა წეროს მწერალმა?

ერთ-ერთ წინა ჩემმა პოსტმა ერთ ჩემს მეგობარს საბაბი მისცა 
დავედანაშაულებინე მორალისტობაში და ჭკუის სწავლების სიყვარულში, სიმართლე გითხრათ ამ  მომენტშიც კი მგონია, რომ ცდებოდა და უბრალოდ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე, მაგრამ სწორედ რომ ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვაცხადებ რომ ამ პოსტს არანაირ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ვინმეს მივუთითო ან ჭკუა დავარიგო იმის თაობაზე თუ როგორ და რა უნდა წეროს ადამიანმა რომელსაც მწერლობაზე პრეტენზია აქვს, ასეთი რამ უტოპიად მიმაჩნია და ამ პოსტს მხოლოდ საკუთარ ჭიის გასახარებლად და სხვების აზრის მოსასმენათ თუ ვწერ.

პატარა, რომ ვიყავი ძალიან არ მიყვარდა ჰემინგუეი, ძალიან მოსაწყენად მეჩვენებოდა, მისი სიუჟეტები კი არა საკმარისად დამაინტრიგებელ და ბანალურად მეჩვენებოდა, ამიტომაც ეს მწერალი ყველაზე ნაკლებად საყვარელი მწერლების სიაში შედიოდა, თუმცა გავიდა წლები და მეც ლიტერატურა უკვე მეტად დავაფასე და წიგნის კითხვას მხოლოდ სიუჟეტის გამო არ ვიწყებდი, ამიტომაც სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ჰემინგუეი დიდი მწერალია და მისი საყოველთაო აღიარება მართლაც რომ მისი დამსახურებების მიხედვითაა გამოწვეული. ძალიან მარტივია გქონდეს საინტერესო, დამაინტრიგებელი და მრავალფეროვანი სიუჟეტი, რომელიც მკითხველს თავიდანვე იზიდავს, ეს თითქოს თევზის ჭერას ჰგავს,  მწერალი მეთევეზეს ემსავსება, რომელიც ცდილობს ანკესზე აგაგოთ. ჰემინგუესთვის საკმარისი იყო უბრალო სიუჟეტი ჰქონოდა, იმისათვის რომ მოთხრობა დაეწერა. მხოლოდ ასეთის წაკითხვის შემდეგ ხვდები რა არის მწერლური ოსტატობა,  მარტივია მკითხველი ფანტასტიურ სიუჟეტს მიაჯაჭვო, აი დაწერო კი უბრალოდ ადამიანზე, რომელიც სოფელში კაფეში მაგიდასთან ზის და საკუთარ ფიქრებთანაა დარჩენილი ბევრად რთულია, რა თქმა უნდა თუ ჰემინგუეი არ ხარ.

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ლიტერატურის პირობებში ყველაზე აქტუალურ თემებში სავარაუდოთ ასეთებს უნდა ველოდოთ: სექსი, პოლიტიკა და რელიგია. დიახ, სამი ყველაზე გავრცელებული თემა, სამი თემა რომელზეც ადამიანს საუბარი ყოველთვის უხარია. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რამდენად უნდა იყენებდეს მწერალი ამ სიტუაციას და რამდენად უნდა იყოს განმეორაბადი, მართლაც რომ ამაშია მისი დანიშნულება თუ უფრო რთული გზები ძიებაა საჭირო?

საერთოდ ამ თემას პირდაპირ თუ ირიბად როგორც ბლოგზე ასევე კერძო საუბრებში შევხებივარ, ერთხელ ლიტერატურაზე საუბრისას ერთმა ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა მშვენიერი ფრაზა მითხრა: “მწერლები ხალხთან უნდა ურთიერთობდნენ, ხალნხთან”. თან დააყოლა, რომ ზოგიერთი თანამედროვე ფრანგი მწერლის არ ესმის, რომლებიც საკუთარ თავში იკეტებიან და ურთიერთობებს თავს არიდებენ, ის მათ ყალბ მწერლებად მიიჩნევდა. და მაინც როგორ გვესმის ეს ფრაზა? მე პირადად მგონია, რომ ის პირდაპირ უნდა გავიგოთ, მართლაც აუცილებელია მწერალი იცნობდეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, სხვადასხვა ბუნების ხალხს და ეცადოს საკუთარი თავი მრავალფეროვან  სიტუაციაში ჩააგდოს.

და მაინც, წერილის ბოლოს, არის თუ არა რეკომენდირებული წერის სტილი ან რეკომენდირებული თემების ჩამონთვალი რომელსაც წარმატებული მწერალი უნდა ასახავდეს. ალბათ არა, ტაბუ დადებული თემა არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ რას აირჩევს მწერალი საწერ მასალად მასზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყველა ჰემინგუეი ვერ იქნება.