Tag Archives: წიგნები

ახალი ამბების ყოველკვირეული ავი მიმოხილვა [სეზონი 1, კვირა 5]

მოცემული ტექსტი მიზნად არ ისახავს მასში მოყვანილ პირთა რაიმე სახით შეურაცხყოფას.

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს სხვის შეხედულებებს.

აგრესიული მარკეტინგის მოყვარული და რეჟისორად წოდებული ლარს ფონ ტრიერი, მიხვდა რა, რომ საკუთარი ახალი, მაგრამ ძველებურად ეპატაჟური ფილმით ვეღარავის გააკვირვებდა და ბერლინის კინოფესტივალზე აი ასეთ მაიუსურში გამოეწყო. თუ გსურთ დარწმუნდეთ რომ ბერლინალეს შემთხვევაში, ტრიერს მაისურზე გაცილებით მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის ახალ ფილმზე, გუგლში შეგიძლიათ Berlin+Trier+Nymphoniac ჩაწეროთ და შემდგომ Berlin+Trier+T-shirt კომბინაციას შეადაროთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ სწორი პასუხი ამ ოპერაციის შესრულების გარეშეც იცით. ეს არცაა გასაკვირი, ტრიერის ფილმები იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ რეჟისორს პრესის და საკუთარი ფანების ამგვარად გართობის გარდა, აღარაფერი დარჩენია.
ახდა ევროკავშირის სადისკრედიტაციოდ ჩასაფრებული რუსული მეინსტრიმ მედიის ოცნება – დანიაში ჟირაფი საჯაროდ მოკლეს. დანიური ზოოლოგისტების თანახმად ქვეყანის ზოოპარკებში ჟირაფები სწრაფი მრავლდებიან და ამავდროულად ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს ჟირაფების “ექსპორტი”. ასეთ პირობებში კი სპეციალისტებმა რა თქმა უნდა ყველაზე “ოპტიმალური” და „ჰუმანური“ გადაწყვეტილება მიიღეს – ჟირაფი, ბავშვების თანდასწრებით მოკლეს და იქვე დაანაწევრეს. ასეთი სურათის შემხვედვარე, ფეოდალურად მოაზროვნე რამზან კადიროვიც კი შეშფოთდა და შემდეგი მოსაკლავი ჟირაფის გადასარჩენად მზადყოფნა გამოთქვა.

დანიაში მომხდარი ამბავის მიუხედავად, ანდერს ბრეივიკმა რომელმაც ორნახევარი წლის წინ მეზობელ ნორვეგიაში რამდენიმე საათში 77 ადამიანი მოკლა, playstation-3-ს (playstation-2 მოუძველდა) ითხოვს. ბრეივიკმა განაცხადა, რომ თუ ამ და რიგ სხვა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ შიმშილობას დაიწყებს, რადგანაც ფიქრობს რომ მას “ცხოველზე ცუდად ეპყრობიან,” რაზეც დანიიდან აწი მოსაკლავმა და კადიროვის იმედზე დარჩენილმა ჟირაფმა ბრეივიკს შემოუთვალა – “მაშ მტყუანისო?”

ამასობაში, მამა გაბრიელის საფლავის პრემიერა 22 თებერვალს გაიმართება.  თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საფლავის სიახლოვეს არსებულ დედა პარასკევას VIP ლოჟას დემონტაჟი უკვე გაუკეთდა და მას საზეიმო ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ჩვეულებრივი მაყურებლის როლში შეეძლება. ჯერჯერობით უცნობია გაყიდის თუ არა Swoop.ge დასასწრებ ბილეთებს იაფად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ლიტერეტურისგან ძალიან შორს მყოფი რაღაც პორნოგრაფიულ-სპორტულ-კომერციული ელფერის პროექტი დაანონსა. “საქართველო ირჩევს საყვარელ წიგნს” – ასე ჰქვია ძალიან არაპოეტურ მარათონს, რომელსაც პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. ასევე საინტერესოა პრომოს სლოგანი, “იბრძოლე რომ შენი წიგნი იყოს პირველზე”. რატომ უნდა ვიბრძოლო იმისათვის, რომ ჩემი საყვარელი წიგნი იყოს პირველზე, ან და ვაი თუ ჩემი საყვარელი წიგნი ალისტერ კროულის რომელიმე ნაშრომია – ეგი გინდათ ქართველებს?

ბოლოს გიტოვებთ აწ უკვე გამეინსტრიმებული ილო ბეროშვილის “თაკოს”.

წინა კვირის მიმოხილვა იხილეთ აქ.

Advertisements

წიგნების რეცენზიები ლობჟანიძისგან. როალდ დალიდან ფიოდორ დოსტოევსკიმდე.

გასულ თვეში წაკითხული წიგნების მოკლე რეცენზია.

ლიტერატურული ღმერთები რომ არსებობდნენ, ერთი-ერთ ასეთ ღმერთად აუცილებლად ფიოდორ დოსტოევსკი მოგვევლინებოდა. ამ სახელის ხსენებისას უმეტესობა ადამიანს განსაკუთრებულ პედესტალზე მდგომი ბუმბერაზი წარმოუდგენია,  მათ შორის მათ ვისაც დოსტოევსკი საერთოდ არ აქვს წაკითხული. თუმცა, “ბიძიას სიზმარი” (Дядюшкин Сон) არ განეკუთვნება იმ ნაწარმოების რიცხვს, რომლის მეშვეობითაც ამ მწერალს ახასიათებენ ხოლმე. ეს შედარებით ნაკლებად ცნობილი ნაწარმოები იუმორით და ფსიქოლოგიური პორტრეტების აღწერით უფრო ანტონ ჩეხოვს ჰგავს. თუმცა, ბოდიში, არა. ჩეხოვი ჰგავს ამ ნაწარმოებს. საქმე ისაა, რომ “ბიძიას სიზმარი” ჩეხოვის დაბადებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა, ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ თავის დროზე სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა ჩეხოვზე გავლენა.

თუ რამე ცინიკურის და სასტიკის წაკითხვის ხასიათზე ხართ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ავტორის ნორმან მეილერის “ამერიკულ ოცნებას” (American Dream) გირჩევთ. მეილერი მარტივად წერს, მაგრამ ამავდროულად აღწერის ოსტატია. ხდება ხოლმე, რომ ავტორი ისე კარგად  ხაზავს გარემოს რომ შეუძლებელია გონებაში სცენის რეკონსტრუქცია ვერ მოახერხო – ასეთია ნორმალ მეილერის ეს რომანი. სიუჟეტს რაც შეეხება, ნაწარმოები იმით იწყება რომ მთავარი გმირი, ამერიკული გაგებით წარმატებული ადამიანი (ომის გმირი, ყოფილი კონგრესმენი და წარმატებული ტელე წამყვანი) ალკოჰოლურ აგონიაში საკუთარ ცოლს კლავს, თუმცა შემდგომ ცდილობს უარყოს საკუთარი დანაშაული… სიუჟეტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ “ამერიკული ოცნება” ამერიკაზე ერთგვარ სატირას წარმოადგენს.

ბრიტანეთი თუ გაინტერესებთ და ამავდროულად ბრიტანულ იუმორზე თუ ხალისობთ, ჯერემი პაქსმანის ინგლისელებს” (The English) გირჩევდით. სანამ რეცენზიას გავაგრძელებდე, კითხვა თქვენ: საშუალება რომ გქონოდათ დაბადებულიყავით რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლად, რომელ ერს აირჩევდით? წიგნის დასაწყისში პაქსმანი გვეუბნება რომ დედამიწის მოსახლეობის 99 პროცენტი სწორედ რომ ინგლისელობას აირჩევდა, თუმცა აქვე სვავს კითხვას, თუ რას ნიშნავს იყო ინგლისელი თანამედროვე გაგებით და ამაზე მთელი წიგნის განმავლობაში საუბრობს. პაქსმანს მოჰყავს ისტორიული მაგალითები, საუბრობს ინგლისელებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებებზე და ცდილობს ამ სტერეოტიპების მიზეზებს ჩაწვდეს.

ჯორჯ ორუელის კრებული “რატომ ვწერ?” (Why I Write) ამ აინგლისელი ავტორის რამდენიმე ესეს მოიცავს, მათ შორის ორუელის როგორც მწერლის გამოცდილებას. კრებულში შესულ სხვა ესეში ავტორი ასევე საუბრობს პოლიტიკაზე, მემარცხენეობაზე და მის სიმპატიებზე სოციალიზმის მიმართ. ზოგადად, თუ ორუელის მოყვარული ხართ და ამავდროულად ამ მწერლის სხვანაირად, შეიძლება ითქვას “შიგნიდან” დანახვა გსურთ, ამ კრებულს აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში შეყვანას გირჩევდით.

ძალიან კარგია საბავშვო მწერლად აღიარებული როალდ დალი “ბიჭი” (Boy). მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების დასაწყისში დალი აღნიშნავს რომ ბიოგრაფიული რომანები ზოგადად მოსაწყენია, ის ამ წიგნში მის ბავშვობაზე საუბრობს და ნაწარმოებს მამამისის ისტორიით იწყებს, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში მშობლიურ ნორვეგიას ტოვებს და საბოლოო ჯამში უელსში სახლდება. სწორედ აქ იბადება ადამიანი, რომელიც მომავალში მე-20 და 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საყვარელ მწერლად იქცევა. ნაწარმოები ქრონოლოგიურ სტილშია დაწერილი და შეიძლება ითქვას რომ წიგნის გადაფურცვლასთან ერთად დალიც იზრდება. თუ ამ პოსტის სიიდან ყველაზე “კეთილი” ნაწარმოების არჩევა მოგინდეთ, სწორედ რომ როალდ დალს გირჩევდით.

წინა თვის მიმოხილვა.

რა ახდენს გავლენას ჩვენზე? ანუ, გავუზიაროთ ერთმანეთს ზღაპრები

ადამიანი კრეატიული არსებაა, ეს ფაქტია, აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი მეტნაკლებად შემოქმედია და პოტენციურად შეუძლია რამე ახალი მოიგონოს, შექმნას და ა.შ.

მაგრამ ორიგინალური იდეის თუ პროდუქტის შექმნის პროცესში აუცილებელი პირობაა ფლობდე გარკვეულ ცოდნას. მოდით ასე ვთქვათ, ყოველი ახალი ქმნილება ეფუძნება წარსულში დაგროვილ გამოცდილებას.

სიცოცხლის განმავლობაში ყოველი ჩვენთაგანი განიცდის გავლენას, გავლენას წაკითხული, ნანახი, გაგონილიდან და ა.შ. ჩვენი ქვეცნობიერი თავისებური ბანკია რომელიც წლების განმავლობაში აგროვებს გამოცდილებას და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ქმნის ახალს.

ისიც მართალია რომ მაგალითად რამე ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეს ტექსტი გარკვეულწილად შენი ხდება, აცოცხლებ, სხვებს გადასცემ, სხვები იმახსოვრებენ ან მთლიანად ან კი ნაწილ-ნაწილ, და თავის მხრივ გადასცემენ სხვებს. ლამაზი პროცესია რომელიც პოტენციურად შეიძლება მანამ გაგრძელდეს სანამ ადამიანი არსებობს.

ამ პოსტში შევეცდები ვისაუბრო იმაზე თუ რამ იქონია გავლენა ჩემზე პირადად, განსაკუთრები ადრეულ ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ბევრი რამ გამომრჩება, მოგვიანებით სხვა მაგალითები გამახსენდება და ალბათ ვინანებ კიდევაც. საინტერესო იქნება თუ ამ იდეას სხვა ბლოგერებიც გააგრძელებენ და საკუთარ ამბავს მოჰყვებიან.

მაშ ასე რამ იქონია ჩემზე გავლენა?

ენა – ქართული, რუსული, ინგლისური. 

ალბათ შეიძლება იმის თქმა რომ ორი მშობლიური ენა გამაჩნია, ქართული და რუსული. ლაპარაკი და მოგვიანებით კითხვა და წერა ამ ორ ენაზე ერთდროულად დავიწყე. ინგლისურის სწავლა 5 წლის ასაკში დავიწყე. ყოველდღიურად მიწევს ამ სამ ენაზე საუბარი, კითხვა, წერა და აზროვნება (ჩემი ვარაუდით 40/40 პროცენტით ნაწილდება ქართულის და რუსულის შემთხვევაში, დანარჩენი 20 ინგლისურს უწევს). ბავშობაში ნაკლებად, მაგრამ შეგნებულ ასაკში ენის ფენომენით დავინტერესდი, ენის და კულტურის ერთობლიობით, მისი სიცოცხლისუნარიაობით და სხვადასხვა ენების (კულტურის) თავისებურებით.

კინო

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი ბავშვობიდან  “კუ ნინძების” ეკრანიზაციაა, მიუხედავად იმისა რომ ფილმი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი ჩემი მშობლები დიდი ხანი ცდილობდნენ ჩემს დაწყარებას ეკრანზე უზარმაზარ (ჩემი მაშინდელი წარმოდგენით) კუ ნინძების და განსაკუთრებით მათი მასწავლებლის, ვირთხის ნახვის შემდგომ.

ასევე ბავშვობის მკაფიო მოგონებაა, “ქორწინება იტალიურად.” ფილმს მამაჩემთან და ბაბუაჩემთან ერთად ვუყურებდი, კარგად მახსოვს იმ ღამის პრაქტიკულად ყველა დეტალი, მიზეზი ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმა – ბაბუაჩემს ფილმის ყურებისას ჩაეძინა და გული გაუჩერდა.

მოგვიანებით კინომ გამიტაცა. მეტწილად ტელევიზორში ნანახ ფილმებმა, ისევე როგორც ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად”ტელევიზორს მიმსხდარ” თაობად შეიძლება იწოდონ, დღეებს ფილმების ყურებაში ვატარებდი.

კიდევ ერთი მოგონება… სექსის დროს თვალებზე ხელის აფარების თხოვნა, რომელიც დაუყონებლივ სრულდებოდა და მხოლოდ ყველაზე გაბუდულების და უშიშრების შემთხვევაში ირღვეოდა თითებს შორის სპეციალურად შექმნილი ნაპრალით.

ფილმებს რა თქმა უნდა სპონტანურად, რეჟისორის, მსახიობის თუ დამაინტრიგებელი შინაარსის არ ცოდნით ვუყურებდი. უფრო სერიოზულად კი მოგვიანებით დავინტერესდი.

დაინტერესების შემდგომ აღმოვაჩინე რომ ძალიან მომწონს შემდეგი რეჟისორები, ფატიჰ აკინი, ანდრეი ტარკოვსკი, პიტერ ვეირი, რიჩარდ ლინკლეიტერი, ინგმარ ბერგმანი, ალეხანდრო ამენაბარი, ქვენთინ ტარანტინო, ვუდი ალენი და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ სავარაუდოდ ჩემზე გავლენა იმ რეჟისორებმაც მოახდინეს რომლებიც ნაკლებად მომწონს, მაგრამ ჯიუტად ვუყურებ, ასეთებს, ლარს ფონ ტრიერი, დარენ არანოფსკი, ანდრეი მიხალკოვი, ნაით შიამალანი, ბრიან დე პალმა წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა ხსენებული რეჟისორების გარდა სადღაც ქვეცნობიერში “ტონობით” სხვა ფილმებია ჩარჩენილი და ისინიც დაუღალავად ახდენენ გავლენას ჩემს ცნობიერებაზე.

მუსიკა 

ძალიან პატარა რომ ვიყავი და ბიძაშვილის ოთახში მუსიკალური ცენტრი და საკმაოდ კარგი “ხმა” აღმოვაჩინე, გავიკვირკვე, რა ფუჭი საქმიანობაა თქო მუსიკის მოსმენა. სულ რაღაც ორ თუ სამ წელიწადში კი ასეთი ცენტრის ქონაზე თავად დავიწყე ოცნება. ყველაფერი მაინც ალბათ ბიტლზით დაიწყო, მეგობრის მიერ კასეტაზე ჩაწერილი “სბორნიკი,” რომელსაც პრაქტიკულად ყოველ ღამით, ძილის წინ ვრთავდი და სიმღერის ფონზე ოცნებას ვიწყებდი.

მერე იყო ქუინი და ფრედ მერკური. დანარჩენს ჩემს ძმასთან ერთად სპონტანურად რადიოდან ვიწერდით, სიმღერების უმეტესობა რა თქმა უნდა ნაწილობრივ იყო ჩაწერილი და ზოგი შუაში სარეკლამო ტიხრით წყდებოდა. არც ჯგუფების და შემსრულებლების სახელები ვიცოდით ხშირ შემთხვევაში და მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინეთ რომ სპონტანურად ჩაწერილთა რიგებში აღმოჩნდენ, პეტ შოპ ბოისი, როქსეტი, ბიჩ ბოისი, ეუროტმიკსი, ა.შ. და ა.შ.

მერე იყო კომპაქტ დისკებით გადატეცება და კოლექციის შექმნის მცდელობა, მაშინ ყოველ კვირას ყველაზე ნაკლებ ერთ დისკს ვყიდულობდი და კოლექციას ვმატებდი. რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ ეკითხათ ვის/რას უსმენ დაუყონებლივ ვუპასუხებდი და პრობლემის გარეშე 10 შემსრულებელს მაინც დავასახელებდი. მაგრამ, დღეს როდესაც მუსიკის ჩამოქაჩვა ინტერნეტიდან ტონობითაა შესაძლებელი შენც ნებაუნებლიეთ ამ უკიდეგანო სივრცეში იკარგები და წესირ პასუხს ვეღარ სცემ, ამიტომაც მეც ამ კითხვას აქ გარკვეულწილად პასუხგაუცემელს დავტოვებ.

ლიტერატურა, წიგნები

ალბათ მაინც ზღაპრების კითხვით დავიწყე, მქონდა ასეთი წიგნი, “სკაზკი ნაროდოვ სსრ” და მეც გულმოდგინეთ ვკითხულობდი, შეიძლება გეოგრაფიითაც პირველად მაშინ დავინტერესდი რადგანაც წიგნის სარჩევი გეოგრაფიულად, რესპუბლიკების მიხედვით იყო განაწილებული. მეც რომელიმე ყირღიზული ზღაპრის წაკითხვის შემდეგ კმაყოფილი ვსვამდი “პტიჩკას” სარჩევში და სიამაყით ჩემთვის იმას ავღნიშნავდი რომ ერთი ზღაპრით მეტი ვიცი.

ძალიან მიყვარდა ანდერსენი, ძალიან კეთილი, ლამაზი და ჭკვიანი ზღაპრები ჰქონდა, ევროპას სავარაუდოდ სწორედ რომ ანდერსენის დამსახურებით ვეზიარე პირველად.

ზღაპრების მერე იყო ჩეხოვი, ჩეხოვის “კაშტანკა.” მიუხედავად იმის რომ ჩემი ძმისგან განსხვავებით ცხოველების დიდი სიყვარულით არასდროს განვსხვავდებოდი ამ ნაწარმოებმა შემძრა და განმაცდევინა. მერე კი იყო, ყველაფერი დანარჩენი. ჩეხოვი, დიკენსი, სკოტი, სტივენსონი, დიუმა (მამა), კუნდერა, ბორხესი, მურაკამი, მარკესი, მილერი, როტი, გროშეკი და ა.შ. კომპაქტ დისკების ყიდვასთან ერთად კი წიგნების შეძენაც ერთგვარ ჰობიდ იქცა.

სხვა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა ჩემზე გავლენა, მაგრამ ამაზე სხვა დროს… თქვენ რას მეტყვით?

სექსი, მაია ასათიანი და წიგნები

  - Нас только двое. Разве это достаточно? В качестве публики -
- плачевно.
  -  В качестве ценителей - идеально.

  Том Стоппард. Розенкратц и Гильдестерн мертвы. 



დღეს ექსპერიმენტის სახით თავს უფლება მივეცი ფეისბუქზე კვლავ დამელინკა რამდენიმე კვირის წინ მაია ასათიანის და მის გადაცემის შესახებ გაკეთებული პოსტი.  მაშინდელი პოსტი ძალიან რეიტინგული აღმოჩნდა და ნახვების მხრივ ბლოგზე სულ რაღაც თხუტმეტ წუთში პირველ ადგილზე გავიდა. იმავე დღეს ბლოგი მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტ ადამიანმა მოინახულა. ამან საფუძველი მომცა მეფიქრა რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს პოსტი კვლავ პოპულარული იქნებოდა ბმული თავიდან რომ გამომექვეყნებინა. არ შევმცდარვარ, დღეს ბლოგზე შემოსული ვიზიტორების მხრივ “მაია ასათიანი” კვლავ ლიდერობს.

ექსპერიმენტის მიზანი იყო ლოკალურ დონეზე გამერკვია რა აინტერესებს მაყურებელს თუ მკითხველს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ექსპერიმენტით რთულია საბოლოო დასვკნების გაკეთება, მაგრამ აღნიშნული შემთხვევა ვარაუდის დონეზე გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ რომ საზოგადოება უფრო ასეთ თემებზე რეაგირებს ვიდრე სიტყვაზე ახლო აღმოსავლეთის პრობლემაზე.

“მაია ასათიანის” მერე, მეორე ადგილს იკავებს “პორნოგრაფიის ყურების ესთეტიკა.” გადავწყვიტე დღეს ეს პოსტი არ დამედო თავიდან მაგრამ პირველმა გამოქვეყნებამ მაჩვენა რომ ეს თემა ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. შესაბამისად ორივე შემთხვევაში საკვანზო სიტყვები აღმოჩნდა “მაია ასათიანი” და “პორნოგრაფია” და არა სტატიების შინაარსობრივი მხარე.

სხვათაშორის მოწინავე პოზიციებს ასევე იკავებს ჩემი რჩევა 10 წიგნის შესახებ, თუმცა მოდით გულახდილად გეტყვით, ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. საქმე ისაა რომ ეს პოსტი რუსულადაა გაკეთებული და სტუმრებს (მეტწილად რუსეთიდან) ძირითადად საძიებო სისტემაში ამოგდებული შედეგი იზიდავს და არა ქართული საზოგადოების ინტერესი ლიტერატურის მიმართ.

რა აინტერესებს ქართულ საზოგადოებას? რა და უნდა შესთავაზოს ჟურნალისტმა თუ ბლოგერმა მას? ამ თემაზე არაერთხელ მიკამათია. ზოგიერთის აზრით მკითხველის ან მაყურებლის ინტერესი დამოკიდებულია იმაზე თუ რას მიაწოდებ. ჩემი ბლოგის მაგალითიდან, რომელზეც სხვადასხვა სახის მასალას ვაქვეყნებ შემიძლია ვთქვა რომ ეს მოდელი არ მუშაობს.  თუმცა,  დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვი რომ მაია ასათიანი და სექსი  საზოგადოების ერთადერთ ინტერეს წარმოადგენს. ეს საკითხი უფრო ვრცელი დისკუსიის საგანია.