Tag Archives: წიგნი

Catch – 22 – საკულტო ანტიმილიტარისტული რომანი [რეცენზია]

catch22

ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ამერიკელი ავტორის, ჯოსეფ ჰელერის წიგნი, რომელსაც ორიგინალში Catch-22 ჰქვია ქართულად ნათარგმნი არაა. ამიტომაც, მისი სათაურის ქართულად თარგმნას არ ვითავებ. თუ კი შევცდი, გპირდებით რომ შეცდომის გამოსწორების მიზნით დავჯდები “წიგნების დიეტაზე” და ორმოცი დღის განმავლობაში საერთოდ არ დავწერ წიგნზე რეცენზიას.

ხუმრობა იქეთ იყოს და Myvideo.ge – ს ენით რომ ვთქვათ, წიგნი ძალიან მაგარია! მართალია წიგნის შესახებ ამერიკული და ზოგადად დასავლური პოპ კულტურის დამსახურებით დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ რეალურად წაკითხვა ერთი ჟურნალის მიერ “ყველაზე სასაცილო წიგნების” სიის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. ჟურნალი მართალი აღმოჩნდა, Catch – 22 იმდენად სასაცილოა, რომ მაგალითად, ტრანსპორტში კითხვისას შეიძლება ემოცია ვერ შეიკავო და ხმამაღალი ხარხარით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე. მე პირადად იუმორის სტილით, ნაწარმოებმა კურტ ვონეგუტის რამდენიმე წიგნი გამახსენა, რომელიც ერთდროულად აბსურდულობას და ბიუროკრატიული რეალობის მშვენიერ აღწერას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი Catch-22 ამავე სახელწოდების ნაწარმოებმა დაამკვიდრა და მასში აღწერილ მოვლენებს უკავშირდება, დასავლური კულტურის წარმომადგენლები, ტერმინს ზოგადად პარადოქსალური მოვლენის აღსაწერად გამოიყენებენ. ხშირ შემთხვევაში ბევრს ნაწარმოების შესახებ არც კი სმენია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი როლი ითამაშა ამ რომანმა თანამედროვე პოპულარული კულტურის ჩამოყალიბებაში.

ნაწარმოები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამერიკელ პილოტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც უამრავი სახიფათო საბრძოლო მისიის შესრულება უწევთ. ზოგიერთ მათგანს, მეტწილად კი ნაწარმოების მთავარ გმირს, იოსარიანს, ფრენების შეწყვეტა სურს, თუმცა ამის გაკეთების საშუალებას Catch – 22-ის წესი არ აძლევს. წესის პარადოქსალურობა შემდეგში მდგომარეობს: სამხედრო ექიმს შეუძლია პილოტისთვის ისეთი ცნობის გაცემა, რომელიც  მისი ფსიქიური აშლილობის აღმნიშვნელი და შესაბამისად საბრძოლო მისიებზე უარის თქმის საფუძველი იქნება. თუმცა, ცნობის გასაცემად ექიმს თავად პილოტმა უნდა მიმართოს. დილემა იმაში მდგომარეობს, რომ პილოტი რომელიც თავად მიმართავს ექიმს, აღიქვამს “საბრძოლო ფრენების სიგიჟეს” და შესაბამისად ფსიქიკურად მდგრადია, ანუ ვერ მიიღებს შესაბამის ცნობას. აქედან გამომდინარე, ასეთ საბუთს ვერავინ იღებს და  იძულებულია გააგრძელოს სახიფათო ფრენები.

ნაწარმოები სავსეა სახალისო პარადოქსებით, რომლებიც მეტწილად პერსონაჟების დიალოგებში გამოიხატება. ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს იოსარიანის მიერ მსუბუქი ყოფაქცვის ქალის ხელის თხოვნის ეპიზოდია. იოსარიანი უარს იღებს, იმ მიზეზით, რომ როსკიპი რომლითაც ის მოიხიბლება, თვლის რომ ნორმალურ მამაკაცს არ შეიძლება უნდოდეს არაქალიშვილი, მითუმეტეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ცოლად მოყვანა. ამიტომაცაა, რომ მას არ მოსწონს ისეთი მამაკაცი, რომელიც მას ხელს სთავაზობს. ამავდროულად, ნახსენებ ქალს მოსწონს სხვა ოფიცერი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი მას ხელს სთხოვს, მისი სიმპატია უმალვე გაქრება.

აღნიშვნის ღირსია, რომ იუმორის და სამხედრო ბიუროკრატიაზე ქილიკის გარდა, რომანი მძლავრი ანტი მილიტარისტული მანიფესტია.

“შენ საუბრობ ომში გამარჯვებაზე, მე კი ვსაუბრობ ომში გამარჯვებაზე და ცოცხლად გადარჩენაზე,” ამბობს იოსარიანი სხვა ოფიცერთან კამათისას, რაზეც ეს უკანასკნელი შემდეგ კითხვას სვამს: “ზუსტად და ეგაა. ამიტომაც, როგორ ფიქრობ, რომელია უფრო მნიშვნელოვანი?” განრისხებული იოსარიანი პასუხობს: “ვისთვის? გაახილე შენი თვალები, კლევინჯერ, მკვდრისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მოიგებს ომს”.

განსხვავებულ ეპიზოდში იოსარიანი სხვა ოფიცერთან კვლავ ომზე და ზემდგომი ოფიცრების კორუფციაზე საუბრობს; “როდესაც მაღლა ვიყურები, ფულის მკეთებელ ადამიანებს ვხედავ. მე ვერ ვხედავ ვერც სამოთხეს, ვერც ანგელოზებს. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველ მოცემულ შესაძლებლობაზე და ყოველ ადამიანურ ტრაგედიაზე ფულს აკეთებენ.”

Catch – 22 ეპოქური და საკულტო ნაწარმოებია, რომლის შესაქმენლადაც ავტორს ჰერაკლისეური შრომის გაწევა დასჭირდა. ჰელერმა წიგნის წერა 1953 წელს დაიწყო, მისი პირველი გამოცემა კი მეტწილად ნაწარმოებზე მუშაობის გამო, მხოლოდ 1961 წელს მოხერხდა. საინტერესოა, რომ Catch – 22 -ს პირველ გამოცემას ამერიკაში მწყრალად შეხვდნენ. გაყიდვების რაოდენობა დიდი ხნის განმავლობაში დაბალ ნიშნულზე ფიქსირდებოდა, ხოლო ზოგიერთი კრიტიკოსი კი მას “უსტრუქტურო და წასაკითხავად გამოუდეგარ” წიგნად მოიხსენიებდნენ.  თუმცა,  როდესაც ნაწარმოებმა ნისლიან ალბიონამდე მიაღწია, რომანმა ნამდვილი ბუმი მოახდინა. წიგნის მაღაზიები მყიდველებს ვერ აუდიოდნენ. ამის შემდეგ წიგნს დავიწყება ბედად აღარ ეწერა, დღეს კი ის ნებისმიერი თავმოყვარე მკითხველის “წაკითხულ ან წასაკითხ” წიგნებს შორისაა.

Advertisements

ნიუ-იორკის მშენებლობაზე შემჯდარი მუშა და ბედნიერი განდეგილი

ფანტასმაგორიის დაწერის სურვილი რომ მიჩნდება, დაბურულ ტყეს წარმოვიდგენ, ტყეში სახლი, სახლი კი არადა ქოხმახის მაგვარი რაღაც დგას, იქ სადღაც ახლო მახლო მდინარეც ჩამოდის, განა დიდი მდინარეა… პატარაა და იმ ტყეში მომდინარე წყლის და ჩიტების ჟღურტუნის გარდა არაფერი ისმის, ხანდახან ამ ფონს შეშის მტვრევის ხმა ჰარმონიულად ერწყმის.

თუ შეშას ამტვრევენ ესეიგი ქოხის ერთადერთი ბინადარი ზამთრისთვის ემზადება, თუმცა ბუხარას ხანდახან ზაფხულშიც ანთებს, მთებშია ტყე და არც ზაფხულია განსაკუთრებით თბილი. საღამოობით განსაკუთრებით გრილა ხოლმე და ასეთ დროს სავარძელ-სარწეველაში მოკალათებული შუახნის სახლის პატრონი, წიგნ მომარჯვებული ბუხარს უზის. იშვიათად ჩაუკიმარებს ხოლმე, თუმცა ცოტა ხანშივე გაღვიძებული, მოვლილ წვერს გაისწორებს და  საწოლისკენ გაემართება.

ნიუ – იორკი, მსოფლიო ბიზნეს ცენტრი, ამბობენ აქაურ ცათაბჯენების შემყურე თავი მინოსის ლაბირინთში გეგონება, ისეთი მარტივია დაკარგვა. ეს ცათამბჯენებიც, რომლებშიც ბიზნეს ცხოვრება ჯოჯოხეთივის კუპრივით ქუხს თითქოს ადამიანებს არ აუშენებიათ, როგორ შეეძლო საშუალოდ მეტროთხმოცი სიმაღლის მქონე ადამიანს ასეთი სიდიდის მქონე შენების აშენება? არა, ისინი კაცობრიობამდე არსებობდნენ, ადამიანები გამოიგონეს, დაიმორჩილეს, მეხსიერება წაუშალეს და ახლა საკუთარ თავზე ამუშავებენ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ყოველდღიურად სართულიდან – სართულზე სირბილში იღლება, ატარებს შეხვედრებს, ლაპარაკობს ტელეფონზე, სხვასთან საუბრისას ისმენს მის მიმართ ნათქვამ მხოლოდ მცირედ ნაწილს, სხვებს აჩვენებს თითქოს მათი პრობლემებით დაინტერესებულია, უღიმის, ემშვიდობება, ესალმება და ასე მთელი დღე.

დილით გაღვიძებულს, ტყეში უამრავი საქმე აქვს, ჯერ წყაროზე წყლის მოსატანად წავა, ნაცნობ ბილიკს მიუყვება, მაგრამ ეს ბილიკი თითქოს ყოველ დღე იცვლება, ბალახი ისეთი აღარაა როგორც გუშინ, მწერებიც თითქოს სხვანაირად მოძრაობენ, ტყის ერთფეროვნება ხომ მოჩვენებითია და მან ეს მშვენივრად იცის. სახლში დაბრუნებულმა მცირე მეურნეობას უნდა მიხედოს. ძირითად დღე ასე გადის, აი საღამოს კი ცოტა დარჩენილი დრო კვლავ წიგნის კითხვას და ბუხართან ჯდომას შეუძლია მიუძღვნას.

ნიუ იორკში ყოველი დილა ერთნაირია, არა ბირჟაზე ყოველ დღე კი არა, მდგომარეობა ყოველ წუთს იცვლება ხოლმე, ნასდაქის აქციები ქვევით, დოუ ჯონსის ზემოთ,  შაირის ქვემოთ, ტენსიდის ზემოთ… ზოგჯერ კი ყველაფერი პირიქით. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, გულის სიღმრეში იმ ერთ-ერთისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ამის შესახებ არ ახსოვს. ის განაგრძობს შეხვედრებს იღიმის, ესალმება, ემშვიდობება და ასე ყოველდღე. აქ ყველა დღე მართლაც რომ ერთნაირია.

მოხდება ხოლმე ისე რომ ვინმე გზააბნეული ქოხმახს მიადგება და მის პატრონს ღამის გათენებას სთხოვს. ესაც ყოველთვის მიიღებს, ცხელი წვნიანით გაუმასინძლდება, ისიც სუპით შეზარხოშებული მგზნებარედ ამბების მოყოლას იწყებს ხოლმე. მასპინძელი უსმენს, უღიმის, აგულიანებს, მონაყოლს უქებს და მხოლოდ იმის შემდეგ რაც სტუმარი მასაც რამე ისტორიის გაზიარებას სთხოვს იწყებს ლაპარაკს. ოღონდ საკუთარ თავზე არ უყვება, უყვება იმაზე რაც წლების წიგნებში ამოიკითხა, სტუმარი გასუსული უსმენს და სულ უფრო მეტ ამბავს ითხოვს. ბოლოს ღამე რომ ჩამოწვება სტუმარი მასპინძელით მოხიბლული მომავალში კიდევ ერთხელ სტუმრობას პირდება და დასაძინებლად მიმავალი ეკითხება რა უნდა მასპინძელს ქალაქიდან, ესეც თავიდან მორცხვად “არაფერი” ეუბნება, მაგრამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ წიგნებს და მუსიკას სთხოვს, განსაკუთრებით კი კლასიკურს. ესენიც უმეტეს შემთხვევაში დანაპირებს ასრულებენ და ქოხს კიდევ ერთხელ მაინც სტუმრობენ.

ცათაბჯენიდან საღამოს მიწაზე დაშვებული სახლში წლების განმავლობაში გაზუთხულ გზას მიუყვება ხოლმე, ხშირად ხედავს ერთი და იგივე სახეებს, სახეებს რომლებსაც კარგად იცნობს და ხასიათს იმდენად ცუდად, რომ ისინი კაბუკის ნიღბებს ემსგავსებეან, ერთნაირად უღიმიან, ან უღვრიმიან და სახლამდე თანამგზავრობას უწევენ.  სახლში მისულს ცოლი ხვდება, ცოლი რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში დაკარგული სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და საღამოს ტელევიზორს და დივანს მცირედ კონკურენციას თუ უწევს. ორივეს დაავიწყდათ რომ ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ, ან ეგონათ რომ უყვარდათ, ორივეს დაავიწყდათ თუ როგორ მოეფერონ ერთმანეთს და ისიც თუ როგორ გაატარონ დრო ბავშვებთან. ეს დროს ტარებაც ხომ გართობის მაგივრად, უბრალო რუტინას ემსგავსება.

ძალიან უყვარს როდესაც ტყეში ღამით ქუხს, ცა გრუხუნებს და სტიქია ქოხსაც ცოტ-ცოტა არწევს. ასეთ დროს იცის რომ სიზმრები განსაკუთრებით საინტერესო ექნება. ის ხომ ყოველ ღამე ხან ბონაპარტია, ხან კაზანოვა, ხან მოცარტი, ხან კეისარი და ხანაც ბრუტუსი, აქ ხომ ყოველ ღამე რევოლუციებია, სასიყვარული ისტორიები, ღალატი და საბრძოლო ბატალიები. დილით გაღვიძებულს სიზმარი გაახსენდება ხოლმე, გაიღიმებს და დღესაც ახალი შემართებით იწყებს.

ახალგაზრდა რომ იყო სულ სხვა სიზმრები ესიზმრებოდა, ოცნებებს დიდი გასაქანი ჰქონდა, 20 წლის ასაკში ოსტინის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის ბინადარს მწვერვალების დაპყრობა უნდოდა, ნიუ – იორკში მუშაობაზე ოცნებობდა, რამდენიმე წელიწადში აუხდა კიდევაც, უოცნებოდ დარჩენილი ყოველ ღამე მას ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრებოდა, ის ერთი შუა ხნის კაცი იყო და სადღაც ტყეში განდეგილად ცხოვრობდა. თუმცა, დილით გაღვიძებულს აღარაფერი ახსოვდა.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას

რამდენიმე წლის წინ სიგარეტის განებების შესახებ გადაწყვეტილება ერთ ჩემ ნაცნობს ვაუწყე, რომელმაც გაიკვირვა და განაცხადა რომ ამის გახმაურება არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი და საზოგადოებაშიც დაპირების შეუსრლულებლობის შედეგად უფრო ცუდად გამოვჩნდებოდი.

არ ვიცი რატომ გადაწყვიტა იმ ჩემ ნაცნობმა რომ მოწევას თავს ვერ დავანებებდი (დავანაბე, ერთ წელიწადში კვლავ განვანახლე მაგრამ მაინც…), მაგრამ დაახლოებით ვხვდები რისი თქმაც სურდა; არ შეიძლება გააკეთო დაპირება თუ ამის შემსრულებელი არ ხარ.

თუმცა, ამავდროულად დაპირება შეიძლება სტიმულატორი აღმოჩნდეს, რომელიც გაიძულობს გააკეთო საქმე რომელიც სხვებს, საჯაროდ შეპირდი. თუ პასუხისგებლობის გრძნობით ხარ დაჯილოდვებული უკან დასახევ გზას არ იტოვებ და დაპირებას ან ასრულებ ან სახალხოდ თავს იტეხ.

აქ დაპირება მინდა გავაკეთო, უფრო სწორად განცხადება.

ვიწყებ ახალ წიგნზე მუშაობას. ერთ წლიანი (რომელიც აღინიშნებოდა მრავალი წამოწყება-ფიასკოებით) შესვენების შემდეგ გვპირდებით რომ გარკვეული დროის შემდგომ საშუალება მექნება შემოგთავაზოთ ფანტასტიკურ/ფენტეზი ხასიათის ახლად გამოგონილი სამყარო, გაჯერებული ადამიანებით, მითიური და გამოგონილი არსებებით, სხვადასხვა ტიპის რასებით, დასახლებებით, რაციონალური და ირაციონალური მოვლენებით, მაგიით და მეცნიერებით, რწმენით და ურწმუნოებით.  ეს რაც შეეხება ფორმას, ხოლო შინაარსობრივად ეს მაინც იქნება ადამიანის “მოგზაურობა საკუთარ თავში,” ადამიანის რომელიც ცდილობს გაიგოს რა არის ბოროტება და სიკეთე, შეიცნოს საკუთარი თავი ისევე როგორც ირგვლიმყოფნი.

გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდგომ ამავე ბლოგზე შესაფასებლად შემოგთააზებთ  ნაწარმოების პირველ რამდენიმე გვერდს. ფენტეზიში დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მომაწოდოთ ლიტერატურული, კინომატოგრაფიული თუ სხვა სახის მასალა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავეცნობი და წერისას გამოვიყენებ. მოკლედ ველოდები გამოხმაურებებს, სურვილებს, კრიტიკულ შენიშვნებს და ა.შ.

…პოტენციურ გამომცემლებისგან კი აქტიურობას

ხელი დავუქნიოთ 2010 წელს, მივესალმოთ 2011- ს

მედია, ის რაც ძალიან მიყვარს

ბლოგერების მრავალრიცხოვანი “ჯარის” მაგალითზე გადავწყვიტე არ გავმხდარიყავი გამონაკლისი და ამიტომაც ამ პოსტში მეც 2010 წელს ვაჯამებ. თავიდან ამის გაკეთება უშუალოდ ბლოგის მიმოხილვით გადავწყვიტე, მაგრამ სხვების პოსტებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე რომ უმეტესობა ამას პირადი კუთხიდან აკეთებს. იმის გათვალისწინებით რომ ამ ბლოგზე პირადი ინფორმაციას ნაკლებად ვათავსებ და “ზოგადსაკაცობრიო” თემებით უფრო ვარ დაინტერესებული, მაგრამ მეორეს მხრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი გადავწყვიტე წლის პირადი, შემაჯამაბელო პოსტი გამეკეთებინა.

2010 წელი ჩემთვის უჩვეულოდ დაწყო, პირველად შევხდი ახალ წელს ოჯახის გარეთ, კერძო კი ახლადდაწყებულ სამსახურში მაშინ ჯერ კიდევ “პირველ კავკასიურ” წოდებულ არხზე. სამსახურში გვიანობამდე დარჩენილმა რამდენიმე კოლეგამ 12 საათამდე ოდნავ ადრე შამპანიური და ალკოჰოლის შემცველი სხვა დანარჩენი ბოთლები გავხსენით და 2010 წლის დადგომა არაფხიზელ მდგომარეობაში ავღნიშნეთ.

ჩემი წიგნის პრეზენტაცია, 2010 წლის აპრილი, "პურ-პური"

იანვარ-თებერვალმა მშვიდად სამსახურში ყოველდღიური (ხშირად შაბათ კვირის ჩათვლით) სიარულით აღინიშნა, მარტში კი უცბად გამახსენდა რომ 2009 წელს დაწყებული წიგნის გაგრძელება შეიძლებოდა და მეც დაუღალავი (აქ სმაილიკი უნდა იყოს) შრომით მისი დასრულება გადავწყვიტე, რაც აპრილში წარმატებით (აქაც სმაილიკი) შევასრულე.

ივნის-ივლისის გასაყარზე სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო “პირველ კავკასიურზე” სიარული შევწყვიტე, ბევრი დრო მრჩებოდა და ამიტომაც ამავე პერიოდში ბლოგზე აქტიურად პოსტვას შევუდექი, ამიტომაც პრაქტიკულად ბლოგმა ამ წლის ზაფხულში დაიწყო რეალურად ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად ის 2009 დაარსდა.

სექტემბერში ჯერ კიდევ 2009 წელს მიღებული გადაწყვიტელბა სისრულეში მოვიყვანე, ანუ გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტში მულტიმედია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. პირველ ლექციაზე ის გამიკვირდა რომ ბრიტანულ ჯგუფში მოვხვდი, ჩამოსვლამდე რატომღაც მეგონა რომ საერთაშორისო ჯგუფი ცალკე იქნებოდა, მაგრამ 22 ჯგუფელს შორის უცხოელი ჩემს ჩათვლით მხოლოდ 6-ია. ჯგუფის ასეთი განაწილება იმას უნდა გულისხმობდეს რომ მაგისტრატურის წარმატებული დასრულების შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ უცხოელი ხარ კონკურენტუნარიანი იქნები ადგილობრივ “ბაზარზე”.

უნივერსიტეტი, სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა

სექტემბრიდან უნივერსიტეტი ჩემის დროის 80 პროცენტს მაინც იკავებდა, ლექციები 9-დან 5-მდე, სახლში მოსულს კი დავალებები უნდა შეგესრულებინა. დეკემბრის დასაწყისი კიდევ “ნონ-სტოპ დედლაინებით” აღინიშნა, როდესაც ყოველ ორი დღეს ესსეები და პრეზენტაციები უნდა მოგემზადებინა. თუმცა, არ ვწუწუნებ, ჩემი აქ ჩამოსვლა პროფესიულად განვითარების სურვილს ეფუძნებოდა და ამ მხრივ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, ლექციები ინფორმატიული და საინტერესოა. რას წარმოვიდგენდი რომ მანამდე შეძულებილი და ყველაზე მოსაწყენი საგანი “ეთიკა” წლევანდელ პროგრამაში ჩემთვის ყველაზე, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდებოდა და მეც აქტიურად ჩავერთვებოდი აბსოლუტურად ყველა ლექციაზე დისკუსიებში. ეს კი პირველ რიგში საინტერესო ლექტორის და ასევე საინტერესო პროგრამის დამსახურებაა. ასე რომ იცოდეთ ორ სხვადასხვა ლექტორს თანაბარმნიშვნელოვნად შეუძლია შეგაძულოთ ან შეგაყვაროთ თავისთავად საინტერესო საგანი.

წლის დასასრულისკენ ასევე გავხსენი ახალი, ამჯერად ინგლისურენოვანი ბლოგი, რომელზეც ძირითადად პროფესიულ პოსტებს გავაკეთებ.

გლაზგოში, კვლავ დავიწყე საჭმლის მომზადება. წელს იტალიური პასტას მომზადება და ნაირ ნაირი ბრინჯის მოხარშვა ვისწავლე, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ და უახლოეს მომავალში ახლ რეცეპტებსაც დავეუფლები, რომლებსაც აუცილებლად იხილავთ ბლოგზე.

წელს პირველი შემთხვევაა როდესაც ახალ წელს საზღვარგარეთ ოჯახის გარეშე ვხვდები, ვნახოთ რისი მომტანი იქნება. ისღა დამრჩენია რომ მეგობრებთან შესახვედრად მოვემზადო, ასე რომ, დროებით, ახალ 2011 წლამდე. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!