Tag Archives: 45 წელი

თბილისის მე-16 კინოფესტივალი: 4 დეკემბრის ანონსი, გასული დღის შეფასება

grlwalks

დღეს საჩვენებელ ფილმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია “წვიმასაც კი ყიდიან” (Even the Rain). მართალია, ფილმი ხუთი წლის წინ გამოვიდა, მაგრამ ის ამ ფესტივალის ფარგლებშიც აქტუალურია.  “წვიმასაც კი ყიდიან,” რომელშიც მთავარ როლებს გაელ გარსია ბერნალი და  ლუის ტოსარი ასრულებენ, ისტორიული ანალოგიის გამოყენებით, ბოლივიაში წყლის პრივატიზაციის და ამ ფონზე მომხდარი პროტესტების შესახებ მოგვითხრობს. ფილმს ცხრა საათზე რუსთაველის მეოთხე დარბაზში აჩვენებენ.

თუ ნახსენები ფილმი უკვე ნანახი გაქვთ, ან უბრალოდ ალტერნატიული სეანსი გაინტერესებთ, საინტერესო უნდა იყოს ამავე დროს რუსთაველის მეხუთე დარბაზში საჩვენებელი ფილმი. 2015 წლის ფრანგული ნამუშევარი “ახალგაზრდა სისხლი” (La tête haute). ფილმი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს კატრინ დენევი ასრულებს, ახალგაზრდა, მეამბოხე ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს.

ყველაზე ადრეულ სეანსებზე წასვლას თუ გადაწყვეტთ და წლევანდელი საკონკურსო ფილმები გაინტერესებთ, 12 საათზე ამირანის დიდ დარბაზში თურქულ “სამშობლოს” (Ana Yurdu), მეორეში კი უნგრულ “ოთხშაბათის შვილს” (Szerdai gyerek) აჩვენებენ.

სპარსულენოვანი ფილმი ამეკირიდან “გოგონა ღამით შინ მარტო მიდის” (A Girl Walks Home Alone At Night), რომელზეც წელს ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ორ საათზე რუსთაველის მეხუთე დარბაზში გავა. ფილმი, რომელიც სხვადასხვა ჟანრების კოქტეილს წარმოადგენს მივიწყებული ირანული ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მარტოსული ვამპირი აქაურ მაცხოვრებლებს დასდევს.

ასევე საკონკურსო ფილმს წარმოადგენს “ნულოვანი წერტილი” (Nullpunkt), ესტონური დრამა საკმაოდ კარგი გამოხმაურებებით. ფილმის ნახვა ოთხ საათზე ამირანის დიდ დარბაზში შეგიძლიათ.

მოკლედ 3 დეკემბერს ნანახ ფილმებზე

ბულგარული სოც. დრამა “გაკვეთილი” (Urok) არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება გადაიღო მაღალი დონის ფილმი შეზღუდული ბიუჯეტით. მართალია, ფილმის რეჟისორებისთვის – კრისტინა გროზევასთვის და პეტარ ვალჩანოვისთვის ეს სადებიუტო ნამუშევარია, ვფიქრობ მათ შეუძლიათ გაკვეთილი ჩაუტარონ უფრო გამოცდილ რეჟისორებს იმაზე თუ როგორ შეიძლება მიაჯაჭვო მაყურებელი ეკრანს. ფილმმა თავიდანვე დაიპრყო ჩემი ყურადღება და მის მსვლელობისას ერთადერთი რამის მეშინოდა, კლიშეების. ზოგიერთ შემთხვევაში ფილმი ამასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სულ სხვა მიმართულებით მიჰყავდა სიუჟეტი. ვფიქრობ, “გაკვეთილი” წლევანდელ საკონკურსო ფილმებს შორის ფავორიტებში უნდა მოვიაზროთ.

45 წელი (45 years) არის ფილმი მყარ ურთიერთობაზე, რომელიც შეიძლება ითქვას საფინალო ეტაპზე ბზარის გაჩენის საშიშროების წინაშე დგას. ფილმის დასასრული მაყურებელს ინტერპრეტაციაში თავისუფლების აძლევს. ინგლისელი რეჟისორის ენდრიუ ჰაის ამ საკმაოდ ესთეტიკურ და აზრიან ფილმში ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ როლებს ტომ კორტნი და შარლოტ რემპლინგი.

ვიგო მორტენსენი იდეალურად მოერგო მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ალჟირში მცხოვრებ წარმოშობით ფრანგ მასწავლებლის როლს. “შორს კაცთაგან” (Far From Men), ალბერ კამიუს მოთხრობის ეკრანიზაცია მძლავრი მორალური მესიჯით, ფრანგი მასწავლებლის, დარუს და მას ჩაბარებული პატიმრის – მოჰამედის შესახებ მოგვითხრობს. ორივე პერსონაჟი მტკიცე მორალური პრინციპების მატარებლები არიან, რომლებიც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად უარს აცხადებენ ცალსახად დაემორჩილონ აქ დაწესებულ არაბულ თუ ფრანგულ წესებს და მიუხედავად იმისა, რომ არჩევანში ისინი შორს არიან ადამიანებისგან, სწორედ მათ მიერ არჩეული პრინციპები გამოარჩევენ მათ როგორც ადამიანებს.

Advertisements

თბილისის მე-16 კინოფესტივალი: 3 დეკემბრის ანონსი, გასული დღის შეფასება

დღეს რამდენიმე კარგ ფილმს უნდა ველოდოთ…

FarFromMen_web_1

45 წელი (45 years)

ფილმი, რომელში ერთ-ერთ მთავარ როლს შარლოტ რემპლინგი ასრულებს, წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი ქორწინების 45-ე წლისთავის აღნიშნვნისთვის ემზადება. თუმცა, ღირშესანიშნავ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე თავს დავიწყებული აჩრდილი იჩენს თავს. “45 წელს” ორ საათზე ამირანის დიდ დარბაზში აჩვენებენ.

შორს კაცთაგან (Loin Des Hommes)

ფილმები ვიგო მორტენსენით მთავარ როლში ყოველთვის საინტერესოა. “შორს კაცთაგან” ალბერ კამიუს მოთხრობას, “სტუმარი” (L’Hôte) ეფუძნება, რომელიც ყოფილ ფრანგ ჯარისკაცის ალჟირში 50-იან წლებში ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მორტენსენის პერსონაჟს, დარუს, ალჟირელი დისიდენტის მეზობელ ქალაქში სასამართლოში გადაყვანას ავალებენ… ის რომ ფილმის საუნდტრეკის ავტორი ნიქ ქეივია ალბათ მისი ნახვის დამატებით მოტივაციაა. “შორს კაცთაგან” რუსთაველის მეხუთე დარბაზში საღამოს ცხრა საათზე გავა.

თუ თავისუფალი დრო გაქვთ და ორზე მეტი ფილმის ნახვის სურვილი გაქვთ, დღის დაწყებას “გაკვეთილით” (Urok) გირჩევდით, ამ ბულგარულმა ფილმმა უკვე მაოსწრო არაერთი ჯილდოს მოპოვება. მას საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში 12 საათზე ამირანის დიდ დარბაზში აჩვენებენ.

კურტ კობეინის და ალბათ ზოგადად თანამედროვე მუსიკის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება კობეინი, “არეული მონტაჟი,” (Cobain: Montage of Heck) დოკუმენტური საკულტო ჯგუფ Nirvanas ლიდერზე.

თუ ცხრა საათზე ზემოთ ხსენებულ სეანსზე (“შორს კაცთაგან”) დარბაზი სავსე დაგვხდათ, ან უბრალოდ არ გაინტერესებთ და სხვა რამის ნახვას ისურვებდით, ამირანის მესამე დარბაზში საჩვენებელ ფილმს გამოვარჩევდით. აქ ამ დროს ვენესუელურ-მექსიკური “შორიდან” (Desde Alla) გადის.

მოკლედ 2 დეკემბერს ნანახ ფილმებზე

გუშინდელი დღე გარკვეულწილად იმედგაცრუბების დღე აღმოჩნდა. ეს პირველ რიგში ჟაკო დორმალის “ახალთახალ აღთქმას” ეხება. ფილმს თითქოს არაფერი აკლია,  გადასარევი ვიზუალი, უბადლო მონტაჟი, ნოვატორული თხრობის სტილი, მაგრამ ყურებისას გარკვეულ მომენტში ხვდები, რომ სინამდვილეში უყურებ ფილმს არაფრის შესახებ. კი, ლამაზი და კარგად დალაგებული კადრებია, რომელიც მძლავრ ეფექტს ახდენს მაყურებელზე, მაგრამ სეანსის შემდეგ შემდგომი საფიქრალის გარეშე ტოვებს. სამწუხაროდ, დორმალი იმ მაგს დაემსგავსა, რომლის საუკეთესო ტრიუკებიც წარსულს ჩაბარდა.

პაოლო სორენტინოს “ახალგაზრდობის” (Youth) ყურებისას ფიქრობ, რა დიდებული სილამაზეა… თუმცა, მერე ჰარვი კეიტელი, მაიკლ კეინი, რეიჩელ უეისი, პოლ დენო და ვიღაც ჭარბწონიანი მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს მარადონას, გახსენდება და ფიქრობ, რომ ძალიან რთულია ასეთი კასტით ვერ გადაიღო კარგი ფილმი. თუმცა, ასეთი არაერთი გვინახავს, ასე რომ ნუ დავუკარგავთ სორენტინოს ოსტატობას და შევირგოთ მისი საფირმოდ გამორმებული დელიკატესი.

ფორს მაჟორის (Force Majeure) ყურებისას ასეთი აზრი მიტრიალებდა, “იქნებ ამერიკულ კინოაკადემიას შეცდომა არ მოსვლია ფილმი საუკეთესო უცხოენოვანების შორტლისტში, რომ არ შეიყვანა?” არა, ცუდი ფილმი ნამდვილად არაა, საინტერესო თემით და კითხვით, რომელიც თანამევედროებაში ოჯახის როგორც ინსტიტუტის სიმყარეს ეხება, რეჟისორის მცდელობით საკითხი სხვადსხვა კუთხიდან დაენახა, მაგრამ თითქოს რაღაც მაინც აკლია… ან იქნებ, მე შევიქმენი გადაჭარბებული მოლოდინი ფილმზე, რომელიც პრინციპში არაა ცუდი, მაგრამ მისი მნიშვნელობის გადაჭარბება არასწორი იქნებოდა?